ჩვენ ვაგრძელებთ საზღვარგარეთ მცხოვრები ნიჭიერი ქართველების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და ამჯერად, გვინდა წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა ხელოვანი მარიამ გორდაშვილი საკუთარი ულამაზესი და შთამბეჭდავი ნამუშევრებით. მარიამი რამდენიმე თვის ჩამოსულია იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში. მისი ნაქარგები ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. ის ქარგავს როგორც სამოსზე, ასევე აქსესუარებზე. მისი ნამუშევრები მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა თემატიკას, მათ შორის რელიგიურს.
მარიამ გორდაშვილი: პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ჩემი ნამუშევრებით დაინტერესთვის. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, სოფელ მარტყოფში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების შექმნაა, თუმცა, ბევრი ინტერესი მაქვს, განსაკუთრებით ფსიქოლოგია და რელიგია მაინტერესებს. მომწონს სწავლისა და განვითარების პროცესი. ვსწავლობდი კერვას, შევისწავლე ქარგვა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, უნიჭიერეს ელზა ჩაჩანიძესათან. ვმუშაობდი ხელოვნების სასახლეში მანქანით და ხელით ქარგვაზე. ვქმნიდით მუზეუმში არსებული ნივთების ასლებს და რესტავრაციას ვუკეთებდით ძველს. ბოლო წლები ვმუშაობ კომპანიაში „კოსმო“, ტყავის ჩანთების მიმართულებით, გამორჩეულად ნიჭიერ გუნდთან ერთად.
– მარიამ, რა მიზნები გაქვს განვითარების და მეტი გამოცდილების მისაღებად, რა შეიძლება იყოს ის, რაც დაგეხმარება პროფესიულ წინსვლაში?
– ჩემი ამჟამინდელი მიზანია, ფლორენციაში დავათვალიერო დიდი ხელოვანი ადამიანების შედევრები, რაც, შესაძლოა, ბევრი კრეატიული იდეის წყარო გახდეს. ვისურვებდი ამ სფეროს პროფესიონალები გამეცნო და მემუშავა მათთან, გამოცდილების მისაღებად. შემდეგ უკვე საკუთარ სკოლაში, ან სახელოსნოში გამეგრძელებინა საქმიანობა (უფრო დაფასებული რომ იყოს ეს საქმე, გამიხარდებოდა).
– რამ შთაგაგონა რომ ამ მიმართულებით წასულიყავი?
– ქარგვასთან და ხელნაკეთ ნივთებთან შეხება პირველად ექვსი წლის ასაკში მქონდა. ჩემს სახლთან არსებულ დედათა მონასტერში სკოლა იყო გახსნილი და იქ დავდიოდი. მახსოვს მას შემდეგ გამიტაცა ამ საქმიანობამ. უკვე მოზრდილ ასაკში ჩემმა მოძღვარმა დაფარნების შეკერვა მთხოვა. მინდოდა საუკეთესო გამოსულიყო, ამიტომ, ჯერ ქარგვის ახალი მიმართულება ვისწავლე და ისე შევქმენი პირველი დიდი ნამუშევარი (ორი წელი ვალოდინე. ახლა მეცინება ამას რომ ვიხსენებ).
– რომელ ახალ უნარებს და ჩვევას გაძლევს შენი საქმიანობა?
– პირველ რიგში მოთმინებას, რადგან შეიძლება ერთ დიდ ნაშრომს, წლები დასჭირდეს. ასევე ორი საქმის ერთად კეთებას. პროცესში შეიძლება მოუსმინო ლექციებს, ისაუბრო მნიშვნელოვან საკითხებზე და ა.შ.
– რომელია შენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი და რატომ არის ის ასეთი დასამახსოვრებელი?
– ჩემი ყველაზე დიდი ნამუშევარია დაფარნები და ასევე გარდამოხსნაც. დიდი გამოცდილება შემძინა და განსაკუთრებულია მთელი თავის შინაარსით, ემოციას სიტყვით ვერ გადმოვცემ.
– რას გაძლევს ეს ყველაფერი?
– ვფიქრობ, მაქვს შესაძლებლობა, ისტორიული ნამუშევრები შევქმნა, რომელიც განსაკუთრებული განცდის მატარებელი იქნება, განსაკუთებით მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის.
– და ბოლოს… გიფიქრია თუ არა, წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რა სახელს დაარქმევდი შენს ნამუშევრებს, ბრენდად რომ აქციო?
-კი, მიფიქრია და ვაპირებ კიდეც. უკვე მზად ვარ მივიღო შეკვეთები სასურველ ნაქარგზე, იქნება ეს მაისურზე ქარგვა, აქსესუარებზე, მძივებით ნამუშევრები, თუ სხვა ნებისმიერი. ჩემს ბრენდს კი ერქმევა “ქარგული”.