ბინის ქირის ყოველწლიური დახმარება იტალიაში – 2024
იტალიის სახელმწიფო ყოველწლიურად შემწეობის სახით გასცემს დახმარებას, რომელიც შეჭირვებულ მოსახლეობას, ბინის ქირის გადასახადის გარკვეულ ნაწილს დაუფარავს. კანონი ითვალისწინებს დაბალი შემოსავლის მქონე პირების ყოველწლიურ ერთჯერად დახმარებას.
კანონს გააჩნია კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული იმისთვის, რომ შეძლოთ სახლმწიფოსგან კონტრიბუტის მიღება. აღნიშნული მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველწლიურად მერყეობს. მაგ: ტოსკანას რეგიონის მიერ 2023 წლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 19.749,00 ევროს, ხოლო 2024 წლისთვის გამოყოფილია 75.000,00 ევრო.
განაცხადის შეტანის წესი:
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეივსოს სპეციალური ფორმა, რომელიც შესაძლებელია გამოითხოვოთ ადგილობრივ მერიაში (comune), ან ჩამოტვირთოთ მერიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
შევსებულ ფორმას უნდა დაურთოთ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (carta d’identità), იმ
- პირის ვის სახელზეც არის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება;
- ქირავნობის ხელშეკრულება;
- ბოლო 3 თვის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ან ანგარიშიდან გადარიცხვის ამონაწერი;
- ISEE
შევსებული განაცხადი უნდა წარადგინოთ მერიაში პირადად, ან გადაგზავნოთ ონლაინ, მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტის PEC-ის საშუალებით.
განაცხადის წარადგენის შემდეგ მოგენიჭებათ კოდი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამოწმოთ მოხვდით თუ არა სიაში და არის თუ არა დაკმაყოფილებული თქვენი მოთხოვნა.
ცნობისათვის: სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქების მერია, სხვადასხვა დროს და ვადებს განსაზღვრავს აღნიშნულ დახმარებაზე განაცხადის გასაკეთებელად. მაგალითად, სკანდიჩის მერიამ პროგრამა 9 სექტემბერს გახსნა და განაცხადების მიღება, 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
თარიღებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმეთ თქვენი საცხოვრებელი ქალაქის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.