იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიაში, 20 ოქტომბერს ქართული საკვირაო სკოლა “იმედის” პრეზენტაცია გაიმართა, სადაც უკვე 50-მდე ემიგრანტი ბავშვი ირიცხება, თუმცა მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირებას საზღვარგარეთ, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ახალი თაობის ფორმირებასა და მათში ქართული საწყისის გაღვივებასა და შენარჩუნებაში, უდავოა. სწორედ ამიტომ, თითოეული საკვირაო სკოლის არსებობა, კიდევ ერთი ნაბიჯია, ამ უმნიშვნელოვანესი ქართული საქმისთვის.
საკვირაო სკოლის გახსნის ინიციატორი ასევე ემიგრანტი ხათუნა ქარაია გახლავთ. რეჯო კალაბრიის სკოლა, ქალაქ ბარიში არსებული საკვირაო სკოლა “იმედის” ფილიალია, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ცინარი ღვალაძე. ქალბატონი ცინარი, სპეციალურად სკოლის პრეზენტაციისთვის, რეჯო კალაბრიასაც ესტუმრა.
სწავლა 27 ოქტომბერს დაიწყება და პროცესს გაუძღვებიან ხათუნა ქარაია და პედაგოგები: ანა ყიფიანი, თეა ჯანგველაძე, ნინო კევლიშვილი. სკოლა იხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ შემუშავებული ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამით. გაერთიანებული სწავლების პრინციპებით ბავშვები შეისწავლიან: ქართულ ენას და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ქართული კულტურის საკითხებს. აგრეთვე შეიქმნება სიმღერა-გალობის გუნდი.
ხათუნა ქარაია: “ემიგრაციაში, კიდევ უფრო მწვავედ გრძნობ, შენი ქვეყნის ავ-კარგს. შორიდან, კიდევ უფრო გიყვარს შენი მონატრებული სამშობლო. ხალხის სიყვარილი ჩემთვის მთავარი ჯილდოა. სწორედ ხალხის სიყვარული მაძლევს ძალას, რომ მეტი საქმე ვაკეთო.მეტ პროექტებზე ვიმუშაო. განსაკუთრებით ჩემი პრიორიტეტი აქ მყოფი ბავშვებია, მათი ეს სკოლა იქნება იქნება ბევრი საინტერესო პროექტებით დატვირთული, სადაც სამშობლოსგან შორს მყოფი ბავშვები შეისწავლიან, გაეცნობიან და ეზიარებიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, რელიგიას, კულტურას, ასევე ფოლკლორს. მივაღწევთ წარმატებას, რაც აუცილებელია ემიგრანტი ბავშვებისთვის. ესენი ხომ საქართველოს შვილები არიან?!”
სკოლის მისამართი: Vico Sant’Anna alle Sbarre, Reggio di Calabria