გვინდა დღევანდელი სტატია, მოლოცვით დავიწყოთ! კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ მერაბ დვალიშვილის დამსახურებულ გამარჯვებას. პატარა საქართველოს UFC-ში ორი ჩემპიონი ჰყავს. შვიდი წონითი კატეგორიიდან ორი ქართველებისაა. ანალოგი არ მომხდარა და მომავალშიც რთული წარმოსადგენია, რომ 3,5 მილიონიან ქვეყანას 2 ჩემპიონი ჰყავდეს ამ ტიპის და რანგის სპორტში.
იტალიაში გაგვახარეს ფეხბურთელებმაც. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც გარინჩასავით ხალხის სიხარული შევარქვი, ნაპოლის თავდამსხმელმა კალიარისთან გასვლაზე მოგებულ მატჩში 0-4, გოლი და ასისტი (საგოლე გადაცემა) შეასრულა, 8,7 ქულა შეფასებით, საუკეთესო იყო მოედანზე.
საბა გოგლიჩიძემაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ემპოლის შემადგენლობაში იუვენტუსის წინააღმდეგ, 0-0 დამთავრებულ შეხვედრაში და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა 7,2.
რაც შეეხება საბა საზონოვს, იგი ისევ სათადარიგო სკამზე იყო და არ უთამაშია. ახალ გუნდში ადაპტაციის გავლის შემდეგ მოედანზე მასაც უნდა ველოდოთ.
გიორგი კვერნაძის ფროზინონემ სერია ბ-ში ბრეშაში 0-4 წააგო. გიორგის არ უთამაშია.
ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ ასევე სერია ბ-ში ფრედ 1-1 ითამაშა. ლუკა განაცხადში არ იყო. ლოჩოშვილზე დავამატებთ, რომ ნაკრებში გამგზავრებამდე გამართულ შეხვედრაში, პალერმოსთან, წითელი ბარათი მიიღო მსაჯთან შელაპარაკებითვის და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, საიდანაც 2 მატჩი უკვე გაუცდა და კიდევ ორის გამოტოვება მოუწევს. შემდგომში დაგეგმილი გვაქვს კრემონეზეს მატჩზე დასწრება პირდაპირ სტადიონიდან მოგაწვდით ინფორმაციას.
რაც შეეხება კრემონეზეს U20 დუბლშემადგენლობას, მათ პრიმავერა 1-ის ჩემპიონატში რომელსაც ლაივში წარმოგიდგენთ Sportitalia (უფასოდ), 3-3 ითამაშეს ჯენოას U20 გუნდთან. ამ შეხვედრაში გოლით გაგვახარა დაჩი ლორთქიფანიძემ.
იტალიის სერია დ-ში მოთამაშე რავენამ, ლიგის თასის მატჩი ჩაატარა და პენლების სერიაში გაიმარჯვა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა და ასისტი დავით ლორთქიფანიძემ შეასრულა.
რაც შეეხება “ეჩელენცას”, მე-5 ლიგის ჩემპიონატს, სადაც კიდევ ორი ქართველი თამაშობს, ინფორმაცია მწირია, მხოლოდ ვიცით, რომ საბა ჭინჭარაულის ჩელატიკამ პირველი ორი მატჩი წააგო 0-6 და 0-1 და ცხრილში ბოლოა ლომბარდიის “ეჩელენცაში”.
ლუკა ლობჟანიძის სპინაცოლამ ბოლო ორი მატჩი ფრედ 0-0 დაასრულა და პულიის ეჩელენცაში მე-10 ადგილზეა.
კახა ლორთქიფანიძე