იტალიის ქალაქ სალა ბაგანცაში (პარმა) 7-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, ტექსტილსა და ბოჭკოზე მომუშავე არტისტების მონაწილეობით, საერთაშორისო გამოფენა კონკურსი “Fiber Art” გაიმართება, რომელშიც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თექის თვითნასწავლი ოსტატი ლიზა ოთარაშვილი მონაწილეობს. კონკურსზე, რომლის თემაც არის “Clima Time out”, რამდენიმე ქვეყნის 48 მონაწილის 500-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ეს არის ასოციაცია “არკადიას” მიერ დაარსებული პრესტიჟული კონკურსი, რომელიც უკვე 20 წელს ითვლის.
ლიზა ოთარაშვილი: ასეთი რანგის კონკურსში მონაწილეობის მიღება, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, ასევე დიდი გამოცდილება იქნება რაც ხელოვანისთვის, მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება კონკურსს, თემა გახლავთ კლიმატური ცვლილებები, მე წარვადგინე თექით შესრულებული ქვიშის საათი (80X40), რომელიც ასახავს წელიწადის ოთხ სეზონს და როგორ შეიძლება შეიცვალოს ის კლიმატური დათბობის ფონზე. ნამუშევარს “Change”, ანუ ცვლილებები დავარქვი.
ERMES TV-ის რედაქცია წარმატებებს უსურვებს ქართველ ემიგრანტ ხელოვანს. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ უცხოეთში მოღვაწე ქართველების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას.
ცნობისათვის: ლიზა ოთარაშვილი (1971 წ. თიანეთის რაიონი), ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელნაკეთი ნივთების შექმნით, ქსოვდა ყაისნაღით, კერავდა, ან ვქარგავდა. 2006 წლიდან დაინტერესდა თექის დამზადების ტექნოლოგიით. იმ პერიოდში ძალიან ინტენსიურად მუშაობდa თექაზე. საქართველოში გაიარა თექაზე მუშაობის რამდენიმე მასტერკლასი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გააგრძელა სწავლა და აქტიურად დაიწყო თექაზე მუშაობა. საქართველოში მონაწილეობდა არტ გენზე გამოფენებში. ასევე მცხეთასა და თიანეთში თიანეთობის აღსანიშნავ ღონისძიებებზე.მისი ნამუშევრები იყიდებოდა თბილისის აეროპორტის მაღაზიებში. 2012 წელს გადავიდა იტალიაში, პულიაში, ქალაქ პოლინიანი დი მარეში. 2016 წელს ქალაქ ბარის მერის არჩევნების პერიოდში, ერთ-ერთი კანდიდატის ინიციატივით ჩატარდა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი კულტურა და მათ შორის იყო ლიზაც. შემდეგ ისევ ბარიში ასოციაცია “ფესვების” მიერ იქნა ორგანიზებული საქართველოს დღეები და აქაც მიიღო მონაწილეობა. 2017 წლიდან ცხოვრობს ტოსკანაში და პერიოდულად, სხვადასხვა ეროვნულ ღონისძიებებშია წარმოდგენილი საკუთარი ნამუშევრებით.