ქართველი ემიგრანტი ელენე ნადირაშვილი, რომელიც “ბადანტედ” მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ, ძლიერი დამწვრობის დიაგნოზით, ნეაპოლის კალდარელის საავადმყოფოში მიიყვანეს. მის დახმარებას ემიგრანტები სოციალური ქსელის საშუალებით ითხოვდნენ, რადგან ქალბატომ ელენეს იტალიაში ოჯახი არ ჰყავს.
დღეს, მასთან საავადმყოფოში,, ქართველი მედიატორი და თარჯიმანი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი იმყოფებოდა, რომელიც ექიმებს გაესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში მედიატორის მოვალეობასაც შეასრულებს.
“ეს ესაა ქალბატონი ელენე ნადირაშვილის მოსანახულებლად ვიყავი კარდარელის საავადმყოფოში, სადაც ძლიერი დამწვრობის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას.
ვესაუბრე მთავარ ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რაც არ ნიშნავს, რომ უკეთ არის (რასაც ექიმები ელოდებიან), მაგრამ კომუნიკაციას ჩვეულებრივ ამყარებენ პაციენტთან. მას სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს ჩაუტარდება ოპერაცია. ქალბატონ ელენეს არანაირი მოტეხილობა არ აქვს, მხოლოდ ძლიერი დამწვრობა მკლავებსა და ხელებზე.
სამწუხაროდ, მისი ნახვა, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ინტენსიურ განყოფილებაშია ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებლის ქვეშ და ძირითადად სძინავს. ამას გარდა ასეთ პაციენტებთან შესვლა რეკომენდირებული არ არის (ექიმები არ უშვებენ), რადგან ინფექციების შეტანის მაღალი საშიშროებაა, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს პაციენტისთვის, სტერილურ გარემოში უნდა იყოს.
ექიმებს ჩემი საკონტაქტო აქვთ და საჭიროების შემთხვევაში კავშირი ექნებათ ჩემთან. ქალბატონი ელენე მარტო არ არის.
P.S. სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება მონახულება შესაძლებელი, მხოლოდ 13.00- დან 14.00 საათამდე. Padiglione E
მესამე სართული”, – გვიზიარებს ინფორმაციას მაკა ხაჩოშვილი.