ქეთევან საფარაშვილი უკვე წელიწადზე მეტია ემიგრაციაში, იტალიის ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობს. წარმოშობით ფშავიდანაა, დაიბადა და გაიზარდა კახეთში, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი: ანალიზური ქიმიის განხრით, თუმცა, შემდგომ ცხოვრება სრულიად განსხვავებულ საქმეს დაუკავშირა და მიუძღვნა, საქმეს, რომლის გაგრძელებასა და განვითარებას ემიგრაციაშიც ცდილობს.
ERMES TV აგრძელებს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და მათი ცხოვრების, თუ შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას, ამჯერად, ქართველ კონდიტერს გაგაცნობთ, რომლის საოცარი ნამუშევრები, გულგრილს ვერავის ტოვებს.
ქეთევან საფარაშვილი: პროფესიით ფიზიკოსი ვარ, თუმცა, 2001 წელს თბილისში საკუთარი საკონდიტრო საწარმო გავხსენი, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობდა მომხმარებლებში. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ყველა სადღესასწაულო დიზაინი, ჩემი ხელით იქმნებოდა. ეს ბედნიერება თითქმის 20 წელი გრძელდებოდა. სამწუხაროდ, კოვიდის შემდეგ, დიდი მარცხი განვიცადე, რამაც ჩემი საქმიანობაც შეიწირა…
– როდის მიიღეთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება?
– მაშინ, როდესაც ყველაფრის გარეშე დავრჩი. ერთადერთი ბინა რომელიც გამაჩნდა, კოვიდის პერიოდში აუქციონის წესით გამიყიდეს. ამის შემდეგ გადავწყვიტე ემიგრაციაში წამოსვლა. ერთი წელია რაც ემიგრაციაში ვარ.
– როგორ შეეგუეთ იტალიას, ნეაპოლს?
– შეგუებას რაც შეეხება, თავიდან ძალიან გამიჭირდა. ხშირად ვფიქრობ, რომ არა ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი ნეაპოლში, მე ვერ გავუძლებდი ამხელა სტრესს. ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი. მომწონს ნეაპოლიტანური, ზღვარდაუდებელი ემოციურობა.
– პირველად როდის დაინტერესდით კონდიტერიით და უკვე სერიოზულად როდის მიუდექით ამ საქმეს?
– კონდიტერიით დაინტერესება ბავშვობიდან მომყვება. ყოველთვის მაინტერესებდა ტორტების და ნამცხვრების ლამაზი გაფორმებები. უნივერსიტეტში სწალის პერიოდში გავიარე კონდიტერის კურსები და მივიღე საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი. აქედან დაიწყო ჩემი საქმიანობა ამ სფეროში.
– იტალიაში თუ ახერხებთ ამ პროფესიით მუშაობას?
– აქ ჯერჯერობით დასაქმებული არ ვარ. სახლის პირობებში ვახერხებ შეკვეთების მიღებას.
– რომელია თქვენი საფირმო ტორტი?
– ჩემი ყველაზე საყვარელი ტორტია “სამეფო”. თეთრი ბისკვიტი, მოხარშული კრემი ერთ ფენაზე, ხოლო მეორე ფენაზე ვაშლის და ლიმონის წვრილად დახეხილი არომატული მასა. ტორტი მთლიანად იფარება შავი შოკოლადის მინანქარით.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლო გეგმები ისევ ჩემს ამ პროფესიას და ქართულ სამზარეულოს უკავშირდება. ვფიქრობ, ახლო მომავალში მოგიწვევთ პატარა, მყუდრო გარემოში.
– სიამოვნებით გესტუმრებით!
წარმატებებს გისურვებთ ყველა ქართველს ვინც ამას იმსახურებს თქვენ საოცარი ხელოვნებას ფლობთ და სუცილებლად გაგიმართლებთ….