რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერლისა და პროზაიკოსის, გიორგი კეკელიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია. კეკელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებდა. მიზეზად, მის მიერ თანამდებობის დიდი ხნით დაკავებას ასახელებდა, რაც 11 წელს გულისხმობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გიორგის წინამორბედების სტაჟი ამ თანამდებობაზე, მინიმუმ 16 წელი გახლდათ.
ამბის გავრცელებიდან ცოტა ხანში, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კეკელიძის შემცვლელად კონსტანტინე გამსახურდია სახელდებოდა, რაც შემდეგ ბატონმა კონსტანტინემ თავადაც დაუდასტურა ჟურნალისტებს.
გიორგი კეკელიძის კომენტარს უამრავი ადამიანი ელოდა. მან სულ ახლახან, საკუთარ გულშემატკივარს გაუზიარა ამბავი, თუ როგორ დაიწყო ეს გრძელი, დატვირთული, მრავალფეროვანი გზა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ამბები, რომელიც წლების განმავლობაში, მთის წვერიდან დაგორებული თოვლის გუნდასავით, განათლების ზვავად იქცა.
ჩვენ ვიცით როგორ დაიწყო და თუ როგორ გაგრძელდება, ამასაც მალე ვიხილავთ, რადგან წარმოუდგენელია, გიორგი კეკელიძისნაირი ინტელექტუალი, შემოქმედი და აქტიური ადამიანი, დიდხანს გაჩერდეს უმოქმედოდ. მანამდე კი, კეკელიძის მიერ მოყოლილ ამბავს გიზიარებთ:
“2011 წლის ერთ საღამოს, კახა ბენდუქიძემ მომწერა: “ეგებ მნახოთ, სასწრაფოდ!” ეს საქმე ადრეც მოვყევი, უბრალოდ ახლა სხვა ამბის პროლოგად მჭირდება. ჰოდა, რადგან სასწრაფო გამოდგა, პირველივე ტაქსი გავაჩერე და წავედი. მანქანა მოკრძალებული იყო, მძღოლი ნაკლებად – დიდად მოსაუბრე კაცი გამოდგა, რა გასაკვირია და. თუმცა არც გამაღიზიანებელი და არც ზერელე საუბარი ყოფილა ეს ლაპარაკი – წლობით მეზღვაურად ნამუშევარი, დიდი ჭირის მნახველი და დამძლევი, წიგნების მცოდნე და მკითხველი გამოდგა ბატონი გოგი – ჰემინგუეიო, თომას მანიო, ვაჟა-ფშაველაო და სხვანი. გემის თავგადასავლები – ცალკე რომანები. მხოლოდ ნაწილი. დაგელოდები და დანარჩენს მერე მოგიყვებიო. მე ვუთხარი; აბა როგორ, ბენდუქიძესთან შეხვედრა საათებს ნიშნავს. არაო, აქვე ვიტრიალებ და აუცილებლად დამირეკეო.
კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ პარლამენტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. რავარია. 27 წლის ვიყავი. ამ სიმაღლისთვის პირტიტველა. კი, რაღაც გამეკეთებინა მანამდეც ამ სფეროში, მაგრამ მაინც. ჰოდა, ვიფიქრებ მეთქი და კარგიო. გამოვედი და დავურეკე ბატონ გოგის. ვიფიქრე, მეტყვის, ვიღაცამ გამომიძახა და წავედი, ან რამე ამდაგვარი. ჰოდა, დავუყვები დაღმართს ფეხით. ბატონი გოგი იქვე იდგა. ჩავჯექი და მოვუყევი. რა ვქნა მეთქი? დათანხმდიო! რატომ მეთქი? ჩემი ხათრით დათანხმდიო! სახლში რომ მიმიყვანა, მითხრა, აწი ლექციების წასაკითხად რომ წახვალ, მე წაგიყვანო. თვეები ლამის ნახევარ ფასად დავყავდი. გზაზე ძველ ოპელში კი არა – აღმართზე გაზიდან ბენზინზე გადართვა რომ ჭირდებოდა – უზარმაზარ გემში ვიჯექით და აფრიკის სანაპიროს ვუახლოვდებოდით, კუბისკენ მივიწევდით და იაპონელებს ხელს ვუქნევდით. დიდი, დიდი თხრობები. დაუვიწყარი. ამასობაში დირექტორობას დავთანხმდი და დაველოდე. გაირკვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დილით, როცა პირველი მისვლა-შეხვედრა დაიგეგმა ახალ, საოცარ და უზარმაზარ სამსახურში, ბატონ გოგის დავურეკე და წამიყვანა. ვღელავდი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. არც მას. ისიც ღელავდა. ცოტა შორს ჩამომსვით მეთქი. კინო ,,რუსთაველთან” გააჩერა და ფეხით გავეშურე.
იმის მერე გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა წელი. ბატონი გოგი არ მენახა. პირველი ორი თვე ჩემი ბრალი იყო – გიგანტური საქმის პროლოგმა თავისი წაიღო და მერე ტელეფონმა აურია – ნომრები გაქრა. რა აღარ ვეცადე და ამაოდ. დავნებდი. ორიოდ თვის წინ ქუჩაში გამოვედი რაღაც გაუგებარი კონფერენციიდან მობეზრებული და სიგნალი მესმის. მივიხედე და რას ვხედავ, ბატონი გოგი. ვახ, გავცოცხლდი! იქვე მივდიოდი, მაგრამ ჩავჯექი და სხვა მისამართი ვუთხარი. როგორ ვამაყობ შენითო, სულ ცრემლები მომდის, კარგი ამბები რომ მესმისო. ვიჯექი, ასე გახარებული და დარცხვენილი და მეც ცრემლები მომდიოდა. ახლა, სანამ ამ ამბავს დავწერდი, დავურეკე და ვუთხარი, თქვენზე უნდა დავწერო მეთქი. facebook-ი არ აქვს ბატონ გოგის, მაგრამ მეუღლე წაუკითხავს. ჰოდა, მივესალმოთ დიდ მეზღვაურსა და მწიგნობარს, ბატონ გოგის! მე თუ ბიბლიოთეკარი ვიყავი, ეს მისი “ბრალიცაა”.