იტალიის ქალაქი ემპოლი, 28 მარტს, ქართულ ღონისძიებას მასპინძლობდა. იტალიაში დაარსებული ქართული კულტურული ასოციაციის, „ლილეს“ და „წიგნიერების გამავრცელებლი საზოგადოების“ ინიციატივითა და წიგნების მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ხელშეწყობით, ემპოლის რენატო ფუჩინის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე, შთამბეჭდავი ღონისძებით გაიხსნა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ემპოლს ეწვივნენ მწერალი და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე და მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე. ღონისძიებას მასპინძლობდა ემპოლის ქართული კულტურული ასოციაცია „ლილე“ და მისი პრეზიდენტი ნიაკო ჭიჭინაძე. საღამოში მონაწილეობდნენ ემპოლის მუნიციპალური ბიბლიოთეკის დირექტორი რენატო გალი, ემპოლის მერიის მრჩეველი კულტურის საკითხებში ჯულია ტერენი, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელის ERMES TV-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინა მამუკაძე და საქართველოს შესსხებ სამი წიგნის ავტორი, ისტორიკოსი ფრანჩესკო ტრეჩი. საღამოს, რომელიც ქართული კერძებით დამშვენებული ქართული სუფრით დამთავრდა, უამრავი ქართველი ესწრებოდა.
გიორგი კეკელიძე: ეს არის პირველი ბიბლიოთეკა საზღვარგარეთ, რომელიც „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ეგიდით გაიხსნა. მიხარია, რომ ის ტრადიცია, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობისას დავნერგე, ახლა უკვე ახალი პლატფორმით გრძელდება. მიხარია, ისიც რომ ეს სწორედ იტალიაში მოხდა და უამრავი ადამიანი მოვიდა.
ნიაკო ჭიჭინაძე: გასულ წელს, ემპოლიში დაარსდა ქართული ასოციაცია ,,ლილე”, რომლის მიზანია იტალიასა და საქართველოს კულტურათაშორისი დიალოგის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პროპაგანდის, ემპოლის ქართული ემიგრაციის ინტეგრაციისა და მისი განვითარებისა წარმატებულ და მდგრად საზოგადოებად ჩამოყალიბების ხელისშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, გასული წლის ზაფხულში, დავიწყეთ თანამშრომლობა გიორგი კეკელიძესთან, ემპოლის რენატო ფუჩინის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, რომელიც იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა გახლავთ, ქართული წიგნების კუთხის გასახსნელად.
საქართველოს „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“, „ბიბლუსის“, ემპოლის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის ჯულია ტერენის და ბიბლიოთეკის დირექტორის კარლო გილის თანადგომით შევძელით ამ მეტად მნიშვნელოვსნი პროექტის განხორცილება. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ემიგრაციის ისტორიაში. რადგან ქართული ბიბლიოთეკის და კულტურის ცენტრის არსებობა ერთგვარი დამაკავშირებელი კულტურული ხიდი გახდება იტალიურ და ქართულ საზოგადოებას შორის. დაეხმარება თითოეულ ემიგრანტს ემიგრაციული ყოფის რუტინისგან საინტერესო და შემეცნებითი გზით თავის დაღწევასა და ახალი ცოდნით გამდიდრებაში. მრავალი ყოფითი სტერეოტიპის გადალახვაში. აქაურ ქართველ ბავშვებს კი საშუალებას მისცემს, უფრო მჭიდრო ემოციურ-ინტელექტუალური კავშირი იქონიონ მშობლიურ ენასთან.
ირაკლი გაგნიძე: ემპოლის ღონისძიება ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. არ ველოდი ასეთ აქტიურობას და ჩართულობას, ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანებთან შეხვედრა, ძალიან სასიამოვნო იყო იმ სიხარულის დანახვა, რომელიც ქართული კუთხის გახსნით იყო გამოწვეული და იმის მიუხედავად, რომ შინაგანად დარწმუნებული ვიყავით რომ იქნებოდა ინტერესი, მაინც განსხვავებული იყო ემოცია, როდესაც უშუალოდ შევხვდი ჩვენს ემიგრანტებს. ძალიან საინტერესო იყო მენახა, როგორ ცდილობენ დაიჭირონ ქართული ფესვების ნაწილი, სკოლა იქნება ეს, ქართული კუთხე იქნება, თუ სხვა მცდელობები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, არ დაიკარგოს კავშირი საქართველოსთან. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს.
„წიგნიერების გამავრცელებლი საზოგადოება“ საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელსაც საფუძველი ბევრი წლის წინ ჩაეყარა ალბათ. წლებია გიორგი კეკელიძესთან ერთად სხვადასხვა ფორმატში ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ საქართველოს ფარგლებში მაქსიმალურად ყველა კუთხე და ყველა ის ადგილი ავითვისოთ სადაც საჭიროა ჩვენი აქტივობა, აღნიშნული საზოგადოების შექმნის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც გიორგი წამოვიდა იმ მომენტისთვის არსებული პოზიციიდან. გადავწყვიტეთ ერთობლივად გაგვეკეთბინა საქმე. გიორგის შევთავაზეთ ერთგვარი წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ფორმატში შეგვექმნა რაიმე საზოგადოება, რომელიც შეძლებდა მაქსიმალურად გაეშალა არეალი ამ მიმართულბით. ამ წინადადებაზე გიორგი სიხარულით დაგვთანხმდა, რადგან ამ იდეებზე მასაც ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და ნამუშევარი და გადავწყვიტეთ ერთობლივად შეგვექმნა პროექტი „ბიბლუსის“ ქუდის ქვეშ. რის შემდეგაც გიორგის ინიციტივა იყო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავსულიყავით ემიგრანტებისთვის. გეგმაში უკვე არის რამდენიმე სათვისტომო, სადაც ორგანიზებული პროცესები მიმდინარეობს, დაგეგმილია დამატებითი ვიზიტები.