12-წლიანი ემიგრაციის ფონზე, თავს უფლებას მივცემ, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ და ცალსახა რჩევა მოგცეთ. მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში, ისევე როგორც არაერთი თქვენგანი, მეც ემიგრაციის მრავალრიცხოვან არმიას შევუერთდი. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მონატრების ტკივილსა და ნოსტალგიას დაემატა ის, რომ ჟურნალისტი, რომლის გონებაც და სამეტყველო აპარატიც სინქრონში, აქტიურ რეჟიმში მუშაობას იყო მიჩვეული, ერთბაშად დაადუმეს. გონება ისევ იმ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, ენა კი ვეღარ ეწეოდა, რადგან როდესაც იტალიაში ჩამოვედი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი იტალიურად. საშინელი სტრესი მივიღე. გარდა ამისა, აღმოვაჩინე, რომ ენის არცოდნის გამო, იტალიური საზოგადოება ნაკლებსერიოზულად აღგვიქვამდა, რომ აღარაფერი ვთქვა, ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვის სირთულეზე. მივხვდი, რომ წარმატების და წინსვლის გასაღები, ენის მაქსიმალურად კარგად შესწავლა იყო, მართალი აღმოვჩნდი.
“ერთი-ორი წელი ვიმუშავებ, ვალებს გავისტუმრებ და დავბრუნდები საქართველოში” – ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, იტალიაში ახალჩამოსული ქართველი ემიგრანტებისგან და სწორედ აქ უშვებენ ისინი ძალიან დიდ შეცდომას, რადგან უკან გაქცევის განწყობით, საკუთარ ინტეგრაციას აფერხებენ მიმღებ ქვეყანაში და ხშირ შემთხვევაში, ვერც 1-2 წელში ბრუნდებიან საქართველოში.
სწორედ ეს განწყობაა, ისედაც პრობლემებითა და სტრესით გაძეძგილ გონებას, უცხო ენის შესასწავლად მცირე ჭუჭრუტანასაც რომ ჩაუგმანავს ხოლმე. ბევრწლიანი ემიგრაციის ფონზე, მინდა გითხრათ, მიეცით საკუთარ თავს უფლება იცხოვროთ ადამიანურად, უცხო ქვეყანაში (როდესაც ემიგრაცია მოცემულობაა და ვერაფერს ვცვლით), ამისთვის კი უპირობოდ აუცილებელია ენის ცოდნა, არა “საყველპურო ბონჯორნო/ბონასერა”, არამედ გამართულად, მეტ-ნაკლებად გრამატიკულად შესწავლა.
გარდა იმისა, რომ ეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გააადვილებს, იტალიური სოციუმიც მარტივად მიგიღებთ, რადგან როდესაც იტალიელები ხედავენ, რომ მათი გესმით და სათანადო პასუხის დაბრუნება შეგიძლიათ, სულ სხვანაირად, მეტი პატივისცემით განეწყობიან. “ძველი ჩამოსულებისგან” განსხვავებით, “ახალ ჩამოსულებს”, ძალიან დიდი ფუფუნება გაქვთ, ენის შესწავლის მხრივ, რადგან არაერთი ალტერნატივა არსებობს და ამ ალტერნატივაშიც შეგიძლიათ საუკეთესოს არჩევა. მთავარია, მოინდომოთ. მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში შედარებით, ან საუკეთესო შემთხვევაში, გაცილებით იოლი გახდება ყველაფერი. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაშიც დიდ სიმდიდრეს, კიდევ ერთი უცხო ენის ცოდნას წაიღებთ თან. გაიხსენეთ ა. ჩეხოვის გამონათქვამი “რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ!”
ნინა მამუკაძე – ქართველი ჟურნალისტი და თარჯიმანი იტალიაში, ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის “ERMESTV – ერმესი მედია” დამფუძნებელი