ქუთაისელი გვანცა ბუცხრიკიძე შვიდი წლის იყო ვიოლინოს ჯადოსნურ სამყაროში რომ შეაბიჯა და მას შემდეგ წარმატებულად აგრძელებს ამ გზას. ის ახლახან, მანჰეტენის ორკესტრში სოლისტ მევიოლინედ აირჩიეს. გთავაზობთ გვანცას გულახდილ საუბარს, მისი ცხოვრების და ვიოლინოს სამყაროში განვლილ გზაზე.
გვანცა ბუცხრიკიძე: შვიდი წლის როდესაც ვიყავი, მამამ ვიოლინოს შესასწავლად მიმიყვანა და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე. ახლაც მახსოვს ის ემოცია. სწავლა დავიწყე ქუთაისის ბალანჩივაძის პირველ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ ასევე ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში განვაგრძე და ბოლოს თბილისში, მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში პროფესორ ქანთარიას კლასში ვირიცხებოდი.
– სწავლობთ ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში, მანამდე სწავლობდით ბოსტონის კონსერვატორიაში, რატომ და როდის გადაწყიტეთ ამერიკაში სწავლის გაგრძელება და როგორია სწავლის პროცესი?
– 2019 წელს მქონდა გალაკონცერტი, როგორც კონკურსის გამარჯვებულს კარნეგი ჰოლში. როცა საქართველოში დავბრუნდი მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა აშშ-ში სწავლის გაგრძელება და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდი იყო და გართულებული ყველაფერი იყო. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. ჩემს მეგობრებს რომ ვუყვები ჩემი აქაური გრაფიკის შესახებ, შეუძლებელი ჰგონიათ ეს ყველაფერი, მაგრამ მჯერა, თუ ერთ ადგილას გაჩერდები, არცერთი წარმატება თავისით არ მოგაკითხავს. ყოველდღე ვუმეორებ თავს, სხვა ქვეყანაში ვარ, ამდენი იშრომეს ჩემმა მშობლებმა იმისთვის, რომ აქ გამეგრძელებინა სწავლა და თავს უფლებას ვერ მივცემ, დრო ფუჭად ვფლანგო. იქამდე, სანამ შემიძლია რაიმე ვაკეთო, ბოლომდე უნდა დავიხარჯო.
– ხართ ლონგ-აილენდის კონსერვატორიის მიწვეული ლექტორი, გვიამბეთ ამის შესახებ, როგორია იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური კონსერვატორიის ლექტორი?
– ჩემთვისაც დიდი სიუპრიზი იყო, როდესაც ლონგ-აილენდის კონსერვატორიამ ლექტორად მიმიწვია. ყოველთვის მქონდა ამის სურვილი და წლების შემდეგ ვხედავდი ამ შესაძლებლობას, მაგრამ ამერიკაში ოცნებები ხდება და ეს ბევრჯერ დავინახე. როცა სემესტრი დავამთავრე, მომწერეს, რომ ძალიან წარმატებულად დავხურე ეს სემესტრი და თან შემომთავაზეს, რომ ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში დამეწყო მუშაობა, რაც უდიდესი ემოცია იყო ჩემთვის. პირველი რაც გავაკეთე, საქართველოში დავრეკე ჩემს მშობლებთან და მერე გავაცნობიერე, რომ იქ დილის ექვსი საათი იყო. აქ არავის უკვირს ის, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ და ამდენი მოსწავლე მყავს, პირიქით უხარიათ კიდეც. საოცარი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ. ზოგ სტუდენტს ბებო დაყვება გაკვეთილზე და როცა გავდივარ რომ დაველაპარაკო, ფეხზე დგება და ყველანირად მაგრძნობინებს პატივისცემას. პატარა დეტალებით ვარ ბედნიერი ცხოვრებაში.
– ბავშვობიდან წარმატებულად იღებდით მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობას, რომელი იყო თქვენი პირველი კონკურსი?
– პირველი კონკურსი შორეულ ბავშვობაში იყო, შვიდი წლის ვიქნებოდი; შემდეგ იყო 2019 წლის American protege international competition, პირველი საპრიზო ადგილი და გალა კონცერტი კარნეგი ჰოლში; 2020 წელს International music competition – პირველი საპრიზო ადგილი; 2024 წელს New york music international competition, სადაც ასევე პირველი ადგილის მფლობელი გავხდი.
– გალა კონცერტი კარნეგი ჰოლში – რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ?
– აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემთან ერთად შვიდი ქართველი მუსიკოსი იყო იმ წელს კარნეგი ჰოლში, რაც ჩემი აზრით ძალიან სასიხარულოა. ბოსტონში უამრავი მუსიკოსი მეგობარი მყავს. ბევრი კონცერტი გვქონდა ერთად და ახლაც გრძელდება, ასევე აქაც, ნიუ-იორკში.
– ვინ არის თქვენი საყვარელი მევიოლინე?
– ეს არის მაქსიმ ვენგეროვი, რომელიც ამერიკაში არ ცხოვრობს, მაგრამ ხშირად აქვს კონცერტები. ძალიან მინდა გავიცნო და იმედია, მომეცემა შესაძლებლობა.
– მანჰეტენის ორკესტრში, სოლისტ მევიოლინედ აგირჩიეს, გილოცავთ ეს ძალიან დიდი წარმატებაა, როგორ მოხდა თქვენი შეჩევა?
– ძალიან დიდი მადლობა! მოსმენა მქონდა, რის შემდეგაც მომწერეს, რომ ამირჩიეს. მოლოდინის რეჟიმი სულ ღელვითაა სავსე. მაგრამ პირველი უდიდესი ნაბიჯი მაინც აქ ჩამოსვლიდან ძალიან მალე რომ ბოსტონის ფილარმონიულმა ორკესტრმა მიმიღო ის იყო. მაშინ ეს წარმოუდგენელი მეგონა, ახლა ვხვდები, რომ ყველაფერია შესაძლებელი. ორკესტრის სახელია Orchestra Manhattan და რამდენიმე დღეში მაქვს შეხვედრა დირიჟორთან David Wroe-სთან რომ შევათანხმოთ მუსიკალური დეტალები. ჩაწერა მაქვს თვის ბოლოს და იმედია შემდეგ ჩანაწერსაც გაგიზიარებთ. ეს ჩანაწერები იქნება spotify, amazon, deezer -ზე და სხვა.
– ამერიკაში ქართველ ემიგრანტებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– ქართველ ემიგრანტებთან მაქვს ურთიერთობა და ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთ მუშტად არიან შეკრული და ერთმანეთი გააქვთ. ყველა ერთმანეთს უდგას მხარში, ვისაც როგორ შეუძლია.
– გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც…
– მყავს მეუღლე, ქართველია, ქუთაისიდან. აქ გავიცანი, ჩემს კონცერტზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ დავოჯახდით. თავის საქმეში წარმატებული ადამიანია. თავისი, საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს. ძალიან კეთილი ადამიანია, რაც შეუძლია ყველას ეხმარება, განსაკუთრებით ქართველებს. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, სულ მსაყვედურობენ, რომ ნუ ვსაუბრობ მათზე ინტერვიუებში, მაგრამ რამდენჯერაც საშუალება მომეცემა, იმდენჯერ დავწერ, რომ ყველაზე კარგი დედის და მამის შვილი ვარ. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე დღეს წარმატებული ვყოფილიყავი.
– საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ სამომავლო გეგმები?
– საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბევრი გეგმა მაქვს. დაზუსტებით არ ვიცი როდის, მაგრამ აუცილებლად გავმართავ საქართველოში კონცერტს. რაც შეეხება ზოგადად სამომავლო გეგმებს, აქამდე რის გაკეთებაც მინდოდა, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებ. ვფიქრობ, ასაკიდან გამომდინარეც, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მთავარია, ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდეს ჯანმრთელად და დანარჩენს უფლის წყალობით შევძლებ.
ნეტო ბენდელიანი