იტალია – რა შემთხვევაში აქვს ოჯახში დასაქმებულ პირს წლიური დეკლარაციის, იგივე 7 30-ს გაკეთების ვალდებულება?!
თუ იტალიაში ცხოვრობთ, ბოლო პერიოდში გაიგებდით, რომ ფინანსურმა პოლიციამ ესა თუ ის უცხოელი, მათ შორის არაერთი ქართველი, დაიბარა და 7 30-სთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ირკვევა, რომ “ბადანტეების” და ოჯახში დასაქმებული სხვა კატეგორიის მუშაკები, წლების განმავლობაში სავალდებულო წლიურ დეკლარაციას არ აკეთებდნენ, რაც ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. მათ უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ამ ტიპის დოკუმენტის დამზადება, იტალიაში სავალდებულო გახლდათ.
მოდით ვნახოთ, რა შემთხვევშია ვალდებული იტალიაში, ოჯახებში დასაქმებული პირი, იქნება ეს მოხუცის მომვლელი, ოჯახის დამხმარე, თუ ძიძა, გააკეთონ შემოსავლების ყოველწლიური დეკლარაცია.
დეკლარაციის გაკეთება სავალდებულოა, თუ პირის ყოველწლიური შემოსავალი აჭარბებს 8000 ევროს, ან ერთი წლის განმავლობაში დაგიფიქსირდათ ერთზე მეტი სამუშაო კონტრაქტი.
თუმცა, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, დეკლარაცია შეგიძლიათ შეავსოთ მაშინაც, როდესაც თქვენი წლიური შემოსავალი ვერ აღწევს 8000 ევროს. ეს იმ შემთხვევაშია ხელსაყრელი, თუ თქვენს კმაყოფაზე ცხოვრობენ თქვენი ოჯახის წევრები. ამ გზით შესაძლოა შეგიმცირდეთ გარკვეული გადასახადები. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ თქვენს კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრის შემოსავალი წელიწადში არ აღემატება 2 841 ევროს, ხოლო 24 წლამდე შვილის შემთხვევაში 4000 ევროს.
7 30-ს გაკეთება შესაძლებელია ფისკალური მომსახურების ცენტრებში, იგივე CAF-ში.
საჭირო საბუთები: წინა წლის CU, რომელსაც დამსაქმებელი გაძლევთ; დამსაქმებლის მიერ INPS-ში გადახდილი გადასახადის, იგივე “კონტრიბუტების” ქვითრები;
სასურველია წარადგინოთ (რათა მიიღოთ შეღავათები): თქვენს კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრების ფისკალური კოდი და ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ; სასკოლო ხარჯების ქვითრები; სამედიცინო ხარჯების ქვითრები; სახლისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები (ბონუსი შეძენისთვის, რემონტისთვის და ა.შ.)…
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – როგორ დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს და როგორ დავნიშნოთ ვიზიტი?!