“თითქმის ორი წელია რაც ქალაქ ნეაპოლში მე და გიორგი კეკელიძემ ქართული ბიბლიოთეკა დავაარსეთ, რომელსაც სრული ენთუზიაზმის ხარჯზე ვემსახურებით, მაგრამ გულ-დასაწყვეტი კი ის არის, რომ ამ ხნის მანძილზე, უცხო მიწაზე შექმნილი ასეთი მაგარი და უპრეცედენტო ქართული ამბავი, ჩვენს ქვეყანაში, არც ქართულ პრესაში გაშუქებულა და არც სახელმწიფოს მხრიდან ჰქონია გამოხმაურება,” – ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორი და თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი წერილს ავრცელებს:
“თითქმის ორი წელია რაც ქალაქ ნეაპოლში მე და გიორგი კეკელიძემ ქართული ბიბლიოთეკა დავაარსეთ – ნეაპოლის პირველი ქართული კერა.
ბიბლიოთეკის არსებობით ვცდილობთ ქართველ ემიგრანტებს მეტ-ნაკლებად შევუმსუბოქოთ მათი ყოველდღიური მძიმე რეალობა და ქართულ მიწას მონატრებულებს მივცეთ საშუალება რაღაც დოზით ახლოს იგრძნონ თავი მშობლიურ ფესვებთან და მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ის ძლიერი ტკივილი, რასაც ემიგრაცია ჰქვია.
თითქმის ორი წელია, რაც ბიბლიოთეკა შემოწირული წიგნებით და სრული ენთუზიაზმის – კეთილი ნების ხარჯზე ფუნქციონირებს ყოველ ხუთშაბათს, (დღესასწაულების გამოკლებით) ერთხელაც არ შეწყვეტილა ბიბლიოთეკის მუშაობა და ეს ყველაფერი ხდება სრული ანაზღაურების გარეშე. ჩვენ ვიკლებით ჩვენი სამუშაო გრაფიკიდან დროს, ხელფასს და ვემსახურებით ემიგრანტებს.
ყველაზე გულ-დასაწყვეტი კი ის არის, რომ ამ ხნის მანძილზე, უცხო მიწაზე შექმნილი ასეთი მაგარი და უპრეცედენტო ქართული ამბავი, ჩვენს ქვეყანაში, არც ქართულ პრესაში გაშუქებულა და არც სახელმწიფოს მხრიდან ჰქონია გამოხმაურება – ერთი თუნდაც მადლობის წერილით.
რატომ? – სავარაუდოდ იმიტომ, რომ ჩვენ პარტიულები და “ვიღაცისიანები” არ ვართ! ეს არის ყველაზე სუფთა, პოლიტიკისგან არ დასვრილი ნამდვილი ქართული ადგილი არაქართულ მიწაზე!
ბიბლიოთეკა, როდესაც დავაარსეთ 50-ზე მეტ იტალიურ პრესაში დაიწერა ეს ამბავი და დღემდე ბიბლიოთეკის მიმართ დიდი ინტერესი გრძელდება, როგორც უცხოური პრესის ასევე ინსტიტუციების მხრიდან.
მინდა საჯაროდ კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ხნის მანძილზე კეთილი ნებით და დიდი გულით ჩემი და ქართველი ემიგრანტების გვერდით აგრძელებს ყოფნას.
განსაკუთრებული მადლობა თქვენ ჩემო მაგარო გოგოებო Salome Sa Li
Lali Gabadze
ჩვენ ვაგრძელებთ ლამაზი, ჯანსაღი ქართული ამბის წერას და ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას უცხო მიწაზე!
P.S ნეაპოლის ქართულ ბიბლიოთეკას 26 თებერვალს ორი წელი შეუსრულდება,” – ამბობს მაკა ხაჩოშვილი.