მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო ბევრ ქართველს, ვინც ფეხბურთითაა დაინტერესებული და ვინც პატარა ფეხბურთელს ზრდის. იმედია, მცირედით მაინც დაგეხმარებით. ამ ყველაფერს გირჩევთ ადამიანი, რომელიც უამრავი წელი ძალიან ახლოდან არის ჩახედებული როგორც ქართულ, ისე იტალიურ ფეხბურთში.
დავიწყოთ ქართული და იტალიური საფეხბურთო სკოლების შედარებით: ინფრასტრუქტურით ერთი დინამოს აკადემიაა ახლოს ევროპულთან, მაგრამ დამერწმუნეთ, სხვაგანაც შეიძლება გაზრდა-განვითარება. მთავარია, მწვრთნელების ფაქტორი. მთავარია, 10-11 წლამდე მოზარდს არ დაუშალონ ინდივიდუალიზმი. თუ თქვენს 6-დან 11 წლამდე შვილს უყვირიან და უკრძალავენ ინდივიდუალიზმის გამოვლენას და დაჟინებით მოუწოდებენ კოლექტიური ფეხბურთისკენ, სასწრაფოდ დატოვეთ ასეთი სკოლა და მონახეთ სადაც თავისუფლად გაიზრდება. სამწუხაროდ, ასეთი აკრძალვები ვნახე საქართველოშიც და იტალიაშიც, მაგალითად ატალანტას აკადემიაში პირადად ვხედავდი, როგორ სთხოვდნენ 10 წლის ბავშვებს, ორი შეხებით თამაშს, რაც ამ ასაკში ყოველგვარ ფანტაზიას კლავს. იგივე ვნახე დინამოშიც 9 წლის ბავშვებში. აქ, იტალიაში, ბევრი მშობელი ვიცი, რომელმაც 10-12 წლის ასაკში გამოიყვანა ბავშვი ცნობილი აკადემიიდან და წაიყვანა უბრალო გუნდში, სადაც თავისუფლება მეტი იყო. შემდეგ, უმეტესობა 15-16 წლის ასაკში დაბრუნდა ისევ იმ ცნობილ ტოპ აკადემიებში, ბევრად დახვეწილი და ძლიერი და დღეს სერია ა-სა და ბ-ში თამაშობენ. ეს რაც შეეხება 12 წლამდე განვითარებას, მინდა გითხრათ, არანაირი სხვაობა არაა, ბავშვი 12 წლამდე საქართველოში ისწავლის ფეხბურთს თუ იტალიაში, მთავარია თავისუფლება. ერთადერთი რაც თვალში მომხვდა, ის იყო რომ იტალიელი პატარები, უფრო კარგად და სწორად დარბოდნენ, მაგრამ ჩვენთან დღეს ეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. ფიზმომზადების დონემ საკმაოდ აიწია. 12 წლის შემდეგ აუცილებელია კოლექტიური ფეხბურთის სწავლა და ტაქტიკური განათლების მიღება და ეს უკვე იმ თავისუფლად გაზრდილებს უკეთ გამოსდით, ვიდრე აკრძალვებში გაზრდილებს. აქ უკვე ჩამოვრჩებით იტალიას, ტაქტიკური სწავლების კუთხით.
13-დან 17 წლამდე აუცილებელია მოხვდეთ მომთხოვნ მწვრთნელთან, რომელიც არცერთ შეცდომას და არასწორ მოქმედებას არ გაგიტარებთ. თუ ბავშვი არასწორად მოქმედებს ტაქტიკურად, ან ტექნიკური წუნი აქვს, ან არ თამაშობს გუნდურად და მწვრთნელი ამ ყველაფერზე შენიშვნას არ აძლევს, არ ასწავლის სწორი რა იქნება, ეცადეთ გაეცალოთ ასეთ გუნდს და მწვრთნელს, იმიტომ რომ თუ ფეხბურთელი ასე გაიზრდება და 18-19 წლის ასაკში უფროსებთან მოუწევს ინტეგრირება, იქ იმ არასწორ ქმედებებს არავინ აპატიებს, არც არაფერს ასწავლიან რადგან დიდებში უკვე მზა ფეხბურთელი უნდათ და დამთავრდება იმით, რომ გვიან მიხვდებით რომ ბავშვი მაღალ დონეზე თამაშისგან ძალიან შორსაა და ეს ყველაფერი იქნება იმ უპასუხისმგებლო მწვრთნელთან გატარებული წლების შედეგი.
აი, 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდული ლიგების ასაკში იტალიაში თითქმის არ იძლევიან მწვრთნელები შენიშვნებს. ქართველი მწვრთნელები ბევრად მომთხოვნები არიან, რადგან რესურსი ცოტა აქვთ და არსებულისგან ცდილობენ მაქსიმუმის მიღებას, ხოლო იტალიაში, 18-20 წლის ასაკის ფეხბურთელი, თუ ხედავენ, რომ სათანადოდ მზად არაა, უბრალოდ ჩაანაცვლებენ სხვა ფეხბურთელით, რადგან აქ უდიდესი რესურსია როგორც ადგილობრივების, ისე მთელი მსოფლიოდან შემოსული მოთამაშეების და მწვრთნელთა 90% ზედ არავის გადაყვება, რომ რამე გამოუსწოროს.
შემდეგი საკითხია 19-20 წლის ბიჭების გუნდებში მოწყობა. აქ იწყება ფეხბურთის რეალური გაცნობა, როგორც ბიზნესის და ნახავთ იმდენ სიბინძურეს, იმდენ სიტყვის გატეხვას, ზურგში ჩარტყმას, რომ თუ ამისთვის მზად არ ხართ, ძალიან გაგიჭირდებათ. პირველი წესი – გამოიმუშავეთ მოთმინება, ფეხბურთელმაც და მშობელმაც. კარგად დაფიქრდით, როცა ამა თუ იმ აგენტთან დაიჭერთ საქმეს. მოიკითხეთ მის მიერ გაკეთებული საქმეები და თუ შეამჩნევთ, რომ მხოლოდ სათავისოდ მოქმედებს და თქვენს ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს, სასწრაფოდ გაეცალეთ. კანონით 2-წლიანი კონტრაქტი იდება აგენტთან და აუცილებელია, რომ ავტომატური გაგრძელების პუნქტი თავიდანვე ამოაღებინოთ. თუ ამ პერიოდში გინდათ გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა, უნდა მიმართოთ ფედერაციას წერილობით და ისინიც, როგორც წესი, 99% შემთხვევაში, ფეხბურთელის მხარეს იჭერენ და წყდება ხელშეკრულება.
ბევრი იტალიელი მშობელი ამოიცნობს საკუთარ თავს, რასაც ახლა ვიტყვი, პირადად ვიცნობ მშობლებს, ვინაც ფული გადაუხადა აგენტს, რომელიც შეპირდა გუნდთან საქმეების მოგვარებას. ზოგი ასრულებს დანაპირებს, ზოგიც ვერა. ისიც მინახავს, რომ ასეთმა ჩაწყობით მოხვედრილებმა ადგილი უკეთესებს წაართვეს. ეს ძალიან გავრცელებულია იტალიაში და ძირითადად არ ეხება ძლიერ ფეხბურთელებს, ასეთებს აგენტები იქით დასდევენ და სთხოვენ ურთიერთობას.
გამოსავალი ჩვენთვის ისაა, რომ უნდა ვიყოთ “მაგრები”, ბევრი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და მინიმუმ ერთი თავით მაღლა ვიდგეთ სხვებზე. სხვანაირად შეუძლებელია გაიზარდო იტალიურ აკადემიაში და გახვიდე ბოლომდე, ფინიშის ხაზამდე.
მოვიძიე ბოლო 30 წლის ინფორმაცია იმ ქართველებზე, ვინც იტალიაში აქაურ აკადემიებში გაიზარდა 10-12 წლის ასაკიდან და უამრავი ბავშვიდან სულ ორი იყო ვინც U17 გუნდს მიაღწია და იქაც თითქმის არ უთამაშიათ. მხოლოდ ოთხია ვინც U19 ითამაშა და სამი ბიჭია, ვინც U20 პრიმავერა-1, ანუ ახალგაზრდულის რანგით უმაღლესი ჩემპიონატი ითამაშა. ესენია: რომან ჭანტურია და ლევან მჭედლიძე (ორივე 16 წლის ასაკში ჩამოვიდა იტალიაში, ემპოლიში) და მესამეა 19 წლის დაჩი ლორთქიფანიძე (9 წლის ჩამოვიდა), რომელიც დღეს კრემონეზეს U20-ის კაპიტანია. აქედან მხოლოდ ლევან მჭედლიძემ ითამაშა სერია ა და სერია ბ.
სხვა ინფორმაცია თუ აქვს ვინმეს მოგვაწოდეთ და გავაცნობთ საზოგადოებას. იმედი მაქვს ეს სტატია მცირედით მაინც დაეხმარება ბევრ ქართველ ნორჩ ფეხბურთელს და მათ მშობლებს წარმატების მიღწევაში იტალიაშიც და სხვაგანაც.
ავტორი: “ფეხბურთელის მამა”