იტალიის ნომერ პირველი ძიუდოისტი გოგონა, თავის კატეგორიაში, ქართველი ნენე საბიაშვილია. ის უკვე შვიდი წელია ოჯახთან ერთად იტალიის ქალაქ ბარიში ცხოვრობს და წინ დიდი გეგმები აქვს, მათ შორის, საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე ჭიდაობაა. სპორტის ეს სახეობა მამამ, გიორგი საბიაშვილმა შეაყვარა, რომელიც ყოფილი ძიუდოისტი და ძიუდოს დამსახურებული მწვრთნელია. გიორგი მწვრთნელის კარიერას იტალიაშიც აგრძელებს. დანარჩენი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ
– გიორგი, მინდა პირველი შეკითხვა თქვენ დაგისვათ, რადგან მთელი თქვენი ცხოვრება ძიუდოს უკავშირდება და ნენეს არჩევანიც, თქვენი დიდი დამსახურებაა. როდის დამეგობრდით ძიუდოსთან და გადაწყვიტეთ დარჩენილიყავით ამ სპორტში, მაგრამ უკვე როგორც მწვრთნელი?
გიორგი საბიაშვილი: ძიუდო ბავშვობიდან მიყვარდა, 7-8 წლის ვიქნებოდი ვარჯიში რომ დავიწყე. 18 წლის უკვე სხვა ქვეყნის სახელით ვჭიდაობდი. სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე და გაჩერება მომიწია, მაგრამ ძიუდოს თავს ვერ დავანებებდი. იქიდან გამომდინარე, რომ მწვრთნელობისთვის ყველანაირი მონაცემი მქონდა, ამ მხრივ გავაგრძელე მუშაობა. სერთიფიკატი 2000 წელს ავიღე. მაშინ, ყველაზე პატარა მწვრთნელი ვიყავი.13 წელი ვიმუშავე გორის ძიუდოს სპორტსკოლაში. არაერთი პრიზიორი მყავს გაზრდილი…
– იტალიაში წასვლის გადაწყვეტილება როდის მიიღეთ, ოჯახით წახვედით ემიგრაციაში?
გიორგი: ევროპაში საცხოვრებლად წამოსვლა 2012 გადავწყვიტეთ, რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. თავდაპირველად, მე და ჩემი მეუღლე წამოვედით. ჩვენ რომ იტალიაში წამოვედით, ნენე წლინახევრის იყო. ის და მისი ძმა, შვიდი წლის შემდეგ წამოვიყვანეთ. იტალიაში ჩამოსვლიდან ერთ წელში მოხდა ჩემი, როგორც მწვრთნელის სტატუსის აღიარება.
– ნენე როდის დაინტერესდა ძიუდოთი?
გიორგი: ნენე ორი კვირის ჩამოსული იყო იტალიაში, მაშინ 7 წლის იქნებოდა, დარბაზში რომ წავიყვანე. ძალიან მომეწონა მისი მონაცემები და გადავწყვიტე ხელი მომეკიდა. ქართველი კაცისთვის ქალიშვილის ძიუდოზე მიყვანა ცოტა რთული გადასალახია, მაგრამ იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდა, რომ სხვაინარად არ შეიძლებოდა, 100-დან 90 პროცენტს აკმაყოფილებდა.
– და მაინც რა იყო ის განსაკუთრებული ასპექტი, რამაც გაფიქრებინდათ, რომ ნენე წარმატებული ძიუდოისტი იქნებოდა?
გიორგი: იყო ძალიან მოქნილი და გრძნობდა ამ სპორტს. ჩათვალეთ, რომ ქართველებს ეს სისხლში გვაქვს. პირველივე ცდაზე ისეთი რთული მოძრაობები გააკეთა, ყოველგვარი ვარჯიშის და სწავლის გარეშე, ვიფიქრე, რომ ნენე ძიუდოს აუცილებლად უნდა დაკავშირებოდა.
თუმცა, ქართულად, ჯიქურ არ მივუდექი ბავშვს, არ დავაძალე ჭიდაობა, მინდოდა თავად მოსდომებოდა და ერთ ხერხს მივმართე. არის ასეთი უკრაინელი მოჭიდავე დარია ბილადიდი, რომელიც ასევე მოდელიც არის. მე და მისი მამა ერთად ვვარჯიშობდით. ულამაზესი და უნიჭიერესი გოგოა, 17 წლისამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ნენეს ამ გოგოს ვიდეოების ყურება დავაწყებინე. ექვსი თვის თავზე მოვიდა და მითხრა, რომ ძიუდოზე მოსვლა უნდოდა. ექვსი თვე დამჭირდა მუშაობა, რომ ბავშვისთვის შემეყვარებინა ეს სპორტი.
– ნენე გახსოვს ის დღე, როდესაც მამამ პირველად წაგიყვანა დარბაზში?
ნენე საბიაშვილი: დიახ, ძალიან კარგად მახსოვს. ორი კვირის ჩამოსული ვიყავი, მამა დარბაზში მიდიოდა და მკითხა, მინდოდა თუ არა, რომ გავყოლოდი. დამაინტერესა და გავყევი. ბუნებრივია, პირველივე დღეს ვერ მივხვდი, მინდოდა თუ არა ეს სპორტი. პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა იყო ჩემთვის კარგი და რა არა, მაგრამ მერე, როგორც მამამ თქვა, ვიდეოებს მაყურებინებდა, ძიუდოისტები შემაყვარა, მათ მაგალითს მივყევი და ნელ-ნელა ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზი სპორტია.
– ფიქრობ, რომ ძიუდოს გაყვები და შენი ცხოვრების პროფესია იქნება?
ნენე: ჩემი აზრით, კი. არის დღეები, როცა სიზარმაცე შემომეპარება ხოლმე, მაგრამ ისე მიყვარს, რომ ვიცი, ბოლომდე გავყვები.
– რომელი მომენტი გახსენდება ყველაზე მძაფრად, შენი შეჯიბრებებიდან?
ნენე: ალბათ, ეს ჩემი პირველი შეჯიბრი იყო, სადაც ისეთი მოძრაობა გავაკეთე, რომელიც ბავშვებში არ შეიძლება და მომხსნეს შეხვედრიდან. არ მოვიწყინე, პირიქით, მიხაროდა, რომ ახალი რაღაც ვცადე. მაგ დღეს ვთქვი, რომ უფრო მეტს ვივარჯიშებდი და სულ პირველ ადგილზე გავიდოდი. მაგ დღიდან შვიდ წელიწადში 37 მედალი და 27 პირველი ადგილი მაქვს აღებული.
– ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი რომელ ჩემპიონატში გაქვს მოპოვებული?
ნენე: ჩემპიონატამდე რომ მიხვიდე, გადიხარ შეჯიბრებებზე რომ ქულები აიღო. ქულებით გავედი იტალიის ჩემპიონატზე და მოვიგე. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, იტალიის ჩემპიონატი მაქვს მოგებული. საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოვიგე, იყო სარეიტინგო შეხვედრა, იქაც პირველ ადგილზე გავედი.
გიორგი: გასულ წელს ნენე გადავიდა “სორდიენტი ბ”-ში, ანუ პატარებიდან შედარებით დიდ ასკობრივ კატეგორიაში. რამდენჯერმე აქვს მოგებული იტალიის ჩემპიონატი. მეორე წელია იტალიის რეიტინგში თავის წონაში პირველი ადგილი უჭირავს 300 ქულით. როგორც აღვნიშნეთ, ახლახან საქართველოშიც პირველი ადგილი აიღო.
– ნენე, ორივე ქვეყანაში ჭიდაობის გამოცდილება გაქვს, შეგიძლია მოგვიყვე იტალიური და ქართული ძიუდოს განსხვავებების შესახებ?
ნენე: საქართველოში სულ სხვა დონეზე ჭიდაობენ, გეჭიდავებიან, არ ეშინიათ არც დაცემის, არც ესთეტიკა რომ სცადონ. უფრო მგრძნობიერეები არიან და სულ სხვანაირი სტილი და დიდი ძალა აქვთ და მართლა ჭიდაობენ. იტალიაში უფრო ევროპული სტილია, თავს იცავენ, ფრთხილობენ, ნაკლებს რისკავენ. ვფიქრობ, ეს არ დაგეხმარება გაზრდაში.
– თავიდან, როცა მშობლებმა ემიგრაციაში წაგიყვანეს, გაგიჭირდა იტალიელ თანატოლებთან ურთიერთობა და იტალიურ სკოლაში ინტეგრაცია?
ნენე: სკოლაში რომ მივედი, იტალიელ კლასელებთან ურთიერთობაში ვერ შევედი. უცხო ვიყავი, ენა არ ვიცოდი და ვერაფერს ვიგებდი, რა უნდა მეთქვა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი. არ იყო მარტივი. ზოგადად, ქართველი და იტალიელი ბავშვები ძალიან გასხვავდებიან ერთმანეთისგან. საქართველოში ბავშვებმა იციან ურთიერთობის ფასი, იტალიაში ცოტა გათამამებულები არიან, ყველანაირი კომფორტი აქვთ.
– გიორგი, როგორია ნენეს რეჟიმი?
გიორგი: გულწრფელად რომ გითხრათ, მეცოდება. ბავშვებთან თამაში, ველოსდიპედი, არაფერი ამისთვის არ არის, ბავშვობა “წავართვით”. მისი რეჟიმი რუტინულია: სკოლა პირველ საათამდე, შემდეგ სადილობის დრო აქვს, შემდეგ საათნახევარი აუცილებლად სძინავს და მერე ვიწყებთ ვარჯიშს. ყოველ დღე ვარჯიშობს, კვირის გარდა. კვირას დილით დავრბივართ. სახლშიც კი აქვს თავისი დარბაზი და ტატამი. სპეციალურად ავიღეთ დიდი სახლი, რომ ერთი დიდი ოთახი ნენესთვის დაგვეთმო და დარბაზი მოვუწყვეთ. კოვიდის დროს, როცა დარბაზები დაიკეტა, ამას საკუთარი დარბაზი ჰქონდა და ვარჯიშს აგრძელებდა. ამ დარბაზში, სახლში მომდიოდნენ ბავშვები სავარჯიშოდ. ნენეს რეჟიმი არ არის მარტივი, მაგრამ შედეგი ძალიან დიდი გვაქვს. რაც მთავარია, თვითონ მოსწონს ეს ყველაფერი.
– მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე როგორ ხდება მოხვედრა და რამდენად გაქვს შანსი?
ნენე: მომავალი წლიდან უკვე კადეტებში გადავდივარ, რაც ნიშნავს ევროპას, მსოფლიოს, ოლიმპიადას…. ოღონდ, გააჩნია ჩემს შედეგებს. ახლა ჩემს წონაში პირველი ნომერი ვარ, ჭაბუკებში რომ გადავალ, ბუნებრივია ეს ქულები გადამყვება რაც ახლა მაქვს და შემდეგ ჩემი შედეგებიდან გამომდინარე შევხედავთ. ქულები მჭირდება, ამიტომ ბევრი შეჯიბრი უნდა ვიჭიდაო.
– ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელით იჭიდავებ, თუ იტალიის?
ნენე: დიდი ალბათობით, ჯერ იტალიის სახელით გავალ, მაგრამ შეიძლება საქართველოს სახელითაც გავიდე. შემოთავაზებები მქონდა. მე მაქვს ამის სურვილი, ჩემი ქვეყანაა და გამიხარდება, თუ ვასახელებ.