“ვარ ერთი გამოუსწორებელი მეოცნებე გოგო, რომელსაც ძალიან სჯერა სასწაულების და კეთილი ზღაპრების და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად შევინარჩუნებთ ჩვენში ბავშვურ გულწრფელობას და სამყაროს მიმართ ნდობას, მით მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება ჩვენი ცხოვრება…” – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან ინტერვიუ მარიამ შარმანაშვილმა, გოგონამ თბილისიდან, რომლის ცხოვრებაც, ცოტა ხნის წინ, ქართული და იტალიური საზოგადოების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მარიამის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა ძირფესვიანად, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მასზე შეყვარებული იყო ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი, მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდის, სოფია ლორენის ვაჟიშვილი. რამდენიმე კვირის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ კარლომ მარიამს, დედის, სოფია ლორენის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურად სთხოვა ხელი. მარიამმა საკუთარ ბავშვობაზე, ცხოვრებაზე, მომავალ მეუღლეზე, ვარსკვლავ სადედამთილოსა და სხვა ამბებზე, ძალიან გულწრფელად ისაუბრა ჩვენთან:
ბავშვობა
“დავიბადე თბილისში, 1990 წლის 8 ივლისს, მოგეხსენებათ აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ რთული ვითარება იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიურად თუ მენტალურად და ბუნებრივია ეს პრობლემები ჩვენი ოჯახის კეთილდღეობაზეც აისახა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ბავშობა მაინც ტკბილად მახსენდება, რადგან ბავშვობა ჩემთვის ასოცირდება ეზოში თამაშთან, თავისუფლებასთან და ჩემს საუკეთესო მეგობრებთან, რომლებიც დღეს უკვე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ჩემი ბავშვობა ასოცირდება აგრეთვე დედაჩემთან და იმ უდარდელ პერიოდთან, როცა იგი ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იყო. ჩემი აზრით, ადამიანის ბავშვობა მაშინ მთავრდება როდესაც მშობელს კარგავს და მომიწია, რომ ჩემი ბავშვობა 21 წლის ასაკში დამესრულებინა. დედა იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ამიტომ ძალიან რთულად გადავიტანე მისი დაკარგვა. გულის სიღრმეში მჯერა, რომ დედა-შვილს შორის კავშირი არის სამუდამო და რომ ის ახლა ჩემი მფარველი ანგელოზია.”
პროფესია
„ღრმა ბავშობიდან მახსოვს, რომ კარგად ვხატავდი და თოჯინებსაც ტანსაცმელს თავად ვუკერავდი, შესაბამისად, ვოცნებობდი, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი, მაგრამ საწუხაროდ, ეს ოცნება, ოცნებად დამრჩა… და საბოლოოდ მომიწია პროფესიად ფარმაციის არჩევა. პროფესიის არჩევისას გავითვალისწინე დედაჩემის რჩევა, ამიტომ ეს პროფესია თავდაპირველად ჩემი მოწოდება ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ შევიყვარე ეს საქმიანობა და ამ სფეროში 12 წელი ვიმუშავე.“
განქორწინება და გამოსავალი სტრესიდან
„კოვიდის პერიოდში მომიწია პირველი ქორწინების დასრულება და ჩემი სტრესის სამართავად მივედი ჯგუფურ ვარჯიშებზე, აქ დაიბადა ჩემში სურვილი, რომ დავუფლებოდი მეორე პროფესიას და უკვე მესამე წელია ვარ ზუმბას ლიცენზირებული ფიტნეს ინსტრუქტორი. ჩემი ახალი პროფესიით ვცდილობ ვიზრუნო ქართველი ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. როგორც ჩანს, ადამიანებზე ზრუნვა ჩემი მოწოდებაა.“
მარიამის ცხოვრება კარლომდე და კარლოს გაცნობის შემდეგ
„კარლო სანამ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი მქონდა. ვიყავი არასაჯარო ადამიანი. ახლა კი ყველაფერი პირიქით არის, უდიდესი ინტერესია ჩემ მიმართ და მიწევს ამ ახალ მოცემულობასთნ შეგუება…
კარლოს გამოჩენამდე მქონდა საკმაოდ ქაოტური ეტაპი პირად ცხოვრებაში. კარლომ თავისი გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა ჰარმონია და სიყვარულის დიდი ენერგია, რამაც შეიძლება ითქვას დამიბრუნა საკუთრი თავი.“
საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში
„თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება იმ ფაქტან, რომ ერთ დღეში აღმოვჩნდი პოპულარული. ყველა სიტყვა მიჰქონდათ სოციალურ მედიასაშუალებებს, რასაც ჩემს ინსტაგრამზე ვაზიარებდი, ზოგი სწორად აზიარებდა რაღაც ფაქტებს, ზოგიც შეცდომით და თავიდან ამაზე ვნერვიულობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ღირს სანერვიულოდ, რადგან ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია. მეორე მხრივ, ცნობადობის პოზიტიური მხარე ის აღმოჩნდა, რომ ადამიანები დიდი დოზით გამოხატავენ სიყვარულს და ეს ნამდვილად სასიამოვნოა. მახსოვს, სულ პირველად რომ გვთხოვეს სურათის გადაღება, ჩემთვის როგორი უხერხული და თან სასიამოვნო შეგრძნება იყო. პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ მართლაც ცნობადი სახე ვარ.“
ცხოვრების მამაკაცი
„არ ვიცი როგორ, მაგრამ პირველივე მესიჯის ნახვისას ვიგრძენი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. მით უმეტეს, რომ კომპლიმენტის ავტორის ზუსტი ვინაობა, ჯერ არც კი ვიცოდი. დღემდე ვერაფრით ვხსნი, საიდან მოვიდა ეს განცდა, მაგრამ ასე იყო ნამდვილად. რაც შეეხება იმას, თუ როდის გავაცნობიერე, რომ ის ის იყო, ახლა გაგიზიარებთ ისტორიას, რომელიც თუ სწორად მახსოვს, ჯერ არსად მაქვს მოყოლილი და ექსკლუზივი იქნება თქვენთვის. სამთავროს მონასტერში ვიყავით ტაძრის მოსალოცად და ტაძრის ეზოში კარლო გამომიტყდა, რომ მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი, ცრემლები ვერ შეიკავა და ძალიან მაგრად ჩამიხუტა. სწორედ ამ მომენტში დაიბადა ჩემშიც განსაკუთრებული გრძნობა, და ბუნებრივია ჩემთვისაც არ ჩაუვლია ამ ეპიზოდს სენტიმენტების გარეშე.“
ხელის თხოვნა
„კარლომ ცოლობა რეალურად რამდენიმე თვის წინ მთხოვა, არაოფიციალურად, ბეჭდის გარეშე, თბილისის აეროპორტში, მაგრამ მაშინ ეს ამბავი არ გავასაჯაროვე. რა თქმა უნდა, მქონდა იმის მოლოდინი, რომ ერთ დღეს ხელის თხოვნა ოფიციალურ სახესაც მიიღებდა, ამიტომ ძალიან მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ სიურპრიზის ელემენტებს მაინც მოიცავდა, რადგან არ ვიცოდი, რა ვითარებაში და რა დროს მოხდებოდა.
19 სექტემბერს ჩავედით რომში, რადგან მეორე დღეს, ქალბატონი სოფიას დაბადების დღე უნდა აღგვენიშნა. ავედით სასტუმროს ნომერში და სწორედ იქ მთხოვა ხელი ოფიციალურად, მუხლმოყრით და ფრაზით – ვიყავი თუ არა თანახმა, რომ გავმხდარიყავი მისი მეუღლე, და მე ვთქი, კი… ამის შემდეგ, კარლომ დაურეკა მამაჩემს და ქართულ ენაზე ახლა მას სთხოვა ჩემი ხელი. მამაჩემისგანაც ბუნებრივია არ გაჭირვებია დადებითი პასუხის მიღება. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო.“
სიყვარული დისტანციაზე
ხან კარლო ჩამოდის თბილისში, ან მე მივდივარ ჟენევაში. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ერთად, ასე გეგმასავით ან გრაფიკივით არ გვაქვს გაწერილი. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი, საკმაოდ კომფორტულია დისტანციის შეგრძნების მინიმუმამდე დაყვანა, ასე რომ ჩვენი ცხოვრების ეს რიტმი ამ ეტაპზე დისკომფორტს არ გვიქმნის და უფრო მეტიც, ვფიქრობ, დრო და დრო სიშორე და დისტანცია, წყვილის ურთიერთობისთვის, სასარგებლო და რომანტიულიც კია.
ქორწილი
„გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ქორწილი გვქონდეს საქართველოში. რაც შეეხება იმას, თუ ქორწინების მერე სად ვიცხოვრებთ, ამ ეტაპზე განიხილება საქართველო, მაგრამ დაზუსტებით გამიჭირდება თქმა, რადგან მე და კარლო ვართ ძალიან იმპულსურები და ერთი წლის მერე სად მოგვინდება ცხოვრება, დანამდვილებით ვერ გეტყვით.“
სამზარეულო
„კარლოს ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო და განსაკუთრებით ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხინკალი, ასევე ჩაქაფულიც. მე ზოგადად მეხერხება სადილების მომზადება, მაგრამ კონკრეტულად ამ კერძების მომზადება არასდროს მიცდი, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად ვცდი. რაც შეეხება იტალიურ სამზარეულოს, ბუნებრივია მეც ძალიან მიყვარს. ჩემს ფავორიტ კერძებს შორის განსაკუთრებით პასტა კარბონარას და პიცას გამოვყოფდი.“
პირველი შეხვედრა სოფია ლორენთან
„პირველად ქალბატონი სოფია, 2022 წლის ნოემბერში გავიცანი, როდესაც სახლში ვესტუმრე ჩემს შვილთან და კარლოსთან ერთად. ბუნებრივია ცოტა ვღელავდი, მაგრამ ისე უშუალოდ შემოვიდა კონტაქტში, სადღაც გაქრა მღელვარება და პირველივე წუთიდან ვიგრძენი მისი კეთილგანწყობა. მკითხა ჩემს სამშობლოზე, ოჯახზე, ბევრი ესაუბრა ჩემს შვილს დემეტრესაც… შემდეგ თავისი ჯილდოები დაგვათვალიერებინა. ძალიან ამაღელვებელი და ლამაზი წუთები იყო.“
ვარსკვლავი სადედამთილოს იუბილეზე
„ზღაპრული იუბილე ჰქონდა ქალბატონ სოფიას და ჩემთვის პატივია, რომ ასეთ მნიშნელოვან დღეს მის გვერდით ვიყავი. ეს დღე ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავიცანი კარლოს ნათესავების დ მეგობრების უმრავლესობა, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ჩემთვის. კარლოს გარემოცვამ ძალიან თბილად მიმიღო, შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი… ამ საღამოდან გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან მომენტს, როდესაც კარლომ ულამაზესი ლექსი წაუკითხა დედამისს, რომელიც თავადვე დაუწერა 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს იყო დაუვიწყარი და საოცრად ემოციური ეპიზოდი, ამ ზღაპრული საღამოდან.“
ნინა მამუკაძე