ძალადობის ამსახველი მძიმე კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში ნათლად ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ქორეოგრაფი ერთ-ერთ ბავშვს. როგორც ირკვევა, ეს მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
მოძალადე მომხდარს პირადი ტრაგედიით ხსნის და ამბები.გე-სთან საუბარში აცხადებს: “ცუდი ფაქტი მოხდა. ბოდიშს ვიხდი, ვინანიებ, მაგრამ მაინც მაქვეყნებენ… არ ვიცი, რა გითხრათ.. ეს ბავშვი მეორე ბავშვს სცემდა და ამაზე გავღიზიანდი, წამოვარტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, არასდროს ბავშვზე ხელი არ ამიწევია. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ალბათ, ამიტომ ვერ შევიკავე თავი. საჩივარი შევიტანე, კი…
მეორე დღეს დედა და მამიდა შუა რეპეტიციაზე შემომივარდნენ წივილ-კივილით, ბავშვები შემიშინეს, ვთხოვე, რეპეტიცია დამთავრდება და შემდეგ დავილაპარაკოთ-მეთქი და არ დაიშალეს, იყო ფიზიკური შეხებაც. ეს კადრები არსად გასულა. ამ ფაქტის შემდეგ დირექტორმა გამათავისუფლა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა მოვითხოვეთ, რომ არ გავეთავისუფლებინე, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა და განაჩენს არ გამომიტანდნენ…”
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს. საქმის დეტალებზე გამოცემა “ბათუმელები” წერს. მათი ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.