ფლორენციაში, ემიგრანტი ქართველი ხელოვანის, ლალი ბერიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელსაც ფლორენციის საგამოფენო სივრცე “გადარტე” მასპინძლობს. ჩვენ გვინდა ახლოს გაგაცნოთ ნიჭიერი ქართველი ხელოვანი, რომლის გამოფენის გახსნასაც ERMES TV დაესწრო და ინტერვიუც ჩაწერა.
ჩვენი რესპონდენტის შემოქმედება მრავალფეროვანი და უნიკალურია და დაკავშირებულია რელიგიურ თემატიკასთან. ლალი ბერიძემ დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელი, სადაც შეისწავლა ფერწერა; ასევე დაამთავრა სამხატვრო აკადემია, ქსოვილების განხრით. მისი ოჯახი სამხატრო აკადემიის წევრია, ჰყავს ტყუპისცალი და, რომელიც ასევე მხატვარია. როგორც თავად ამბობს, მოდის თბილისიდან, დიდი გამოცდილებითა და შემართებით… უფრო მეტი გამოცდილების მიღების და გამოწვევის მოლოდინით.
– ლალი, ემიგრაციაში წამოსვლამდე, საქართველოში რას საქმიანობდით?
– საქართველოში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციებში მიწევდა მუშაობა დიზაინერად. ერთ-ერთი იყო ყვავილების უზარმაზარი ორგანიზაცია “ფიორი”, სადაც 10-წლიანი გამოცდილება მივიღე. ამ ორგანიზაციაშიც დიზაინერი ვიყავი.
– რამდენად შრომატევადიანია თქვენი ნამუშევრები, რა დროს ანდომებთ ნამუშევრის შესრულებას?
– ცალსახად ვერ გიპასუხებთ, მაგალითად ხატები, არანაირი სქემით იქარგება. გადამაქვს კონტური ქსოვილზე და შემდეგ ჩემი გემოვნებით ვუხამებ ფერებს და ვქარგავ. საქართველოში ცხოვრების პერიოდში, სამსახურიდან გამომდინარე, ცოტა დრო მრჩებოდა. ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ წელიწადნახევარიც დამჭირვებია. ერთ-ერთი ნამუშევარი, ღვთისმშობელის ნაქარგი, დაუსრულებელი წამოვიღე საქართველოდან და ემიგრაციაში დავასრულე. ეს ის ნამუშევარია, რომელიც გამოფენაზე გავიტანე.
– რატომ აირჩიეთ რელიგიური თემა?
– სტუდენტობის მერე გავხდი მრევლი. მოგვიანებით კი, 33 წლის, ქრისტეს ასაკში – ეკლესიის მაზიარებელი წევრი. დიდი სურვილი მქონდა, ჩემი ღვაწლი ჩამედო და უფლის კეთილი საქმეები მეკეთებინა. ჩემი პირველი მოძღვრის, იაკობ სირბილაძის კურთხევით შევისწავლე გამშვენებული სანთლების კეთება, სკვნილის ქსოვა, გალობა და რა თქმა უნდა, მისივე კურთხევით ხატების მოქარგვა. ამით მე ვგრძნობდი ღვაწლს უფლის წინაშე.
– თუ შეგიქმნიათ ტაძრისთვის შესაწირად განკუთვნილი ნაქარგი?
– ჩემი პირველი ნაქარგი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო, რომელიც ჩემი პირველი მოძღვრის კურთხევით შევასრულე. აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ დამზადებული ნაქარგი მას გადავეცი საჩუქრად. მახარებს ის ფაქტი, რომ ხატი კარგ ადგილას ინახება. ასევე ვაკის სამებაში არის ჩემ მიერ, ოქრის ძაფით ნაქარგი, გამშვენებული ტროპარები, რომლებიც ხატების უმრავლესობას ამშვენებს, რის გამოც ჩემი მოძღვრის, მამა იაკობის მადლიერი ვარ.
– გქონიათ თუ არა შემოთავაზება, ან თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენი ნამუშევრები აქციოთ შემოსავლის წყაროდ?
– ბუნებით ვარ სულიერი ადამიანი, აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევრებს ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მათში ვდებ ჩემს შინაგან სულიერებას, სიყვარულს. ძალიან მიჭირს ჩემს ნამუშევრებთან განშორება. აქედან გამომდინარე, მიჭირს ჩემი ნამუშევრების გაყიდვა, გასხვისება. თუმცა, თუ მეცოდინება, რომ ის კონკრეტული ნამუშევარი გასაყიდად, ან სხვისთვის მზადდება, მარტივად დავთმობ. აქედან გამომდინარე ამ ეტაპისთვის მზად ვარ, მივიღო შეკვეთები.
– გაგვიზიარე თქვენთვის ყველაზე ემოციური მომენტი, როდესაც თქვენმა ნამუშევრებმა სიამაყით აგავსეს?
– ქარგვა 20 წლის წინ დავიწყე. რადგან ქარგვის ხელოვნება ძალიან მივიწყებულია, სასულიერო პირების და მონაზვნების დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნამუშევრებმა. ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში მათმა შეფასებამ. მათ ჩემი ნამუშევარი “საიუვილერო” ნამუშევრად შეაფასეს. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
– იტალიაში პერსონალური გამოფენა, წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორ მოხდა თქვენი ამ გამოფენის ორგანიზება?
– ფლორენციის ქართული სამრევლოს წევრებს შორის არიან ნიჭიერი მხატვრები, რეზო ჭეიშვილი და ირმა ცინცაძე, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენაში. მათ გამოფენას როგორც კოლეგა მეც ვსტუმრობდი და სწორედ მათ შემომთავაზეს გალერეაში გაწევრიანება, რაზეც მეც დავთანხმდი. როდესაც გალერეის ვიცე-პრეზიდენტმა, სერჯო კასტელონიმ ჩემი ნამუშევრები ნახა, შემომთავაზა პერსონალური გამოფენა მომეწყო. ხელოვნება, რომელიც დაკარგვის პირას არის, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
– სხვა გამოფენებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
– წლების წინ, როდესაც უკვე იტალიაში ვიმყოფებოდი, მივიღე შემოთავაზება საქართველოში სამხატრო კავშირის წევრების ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობისთვის. ჩემი ოჯახის წევრებმა წარადგინეს ჩემი ნამუშევარი. ეს იყო გობელენი, შავ-თეთრი დეკორატიული ნატურმორტი.
– ლალი, რა მოგცათ ემიგრაციამ ხელოვნების სფეროში?
– რადგან ხელოვნებაში უპირატესობას ხატებს და ხატვას ვანიჭებ, ვცდილობ მეტი თავისუფალი დრო ხატების ქარგვას დავუთმო. ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში ორი ზომის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი შევქმენი. ამ ეტაპზე ვქარგავ ღვთისმშობლის ხატს, განსხვავებული და გართულებული ტექნოლოგიით, რადგან რთულ ნამუშევრებში გაცილებით დიდ სიყვარულს ვდებ. მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვიყავი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებული სიმღერის გუნდის “ნანილას” წევრი.
– ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლოს საკვირაო სკოლაშიც ასწავლით…
– სამრევლოს წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის კურთხევით, საკვირაო სკოლის სამხატვრო ჯგუფის მასწავლებელი ვარ. ყველა ძალას ვიყენებ იმისთვის, რომ ბავშვები ინტერესით და სიყვარულით მიუდგნენ ამ სახის ხელოვნების შესწავლას. მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ ქართული ორნამენტის შესახებ, როგორ შედგება ქართული ფარდაგი და ასევე მათი მნიშვნელობა.
– მოლოდინი და სამომავლო გეგმები…
– მე ვარ მხატვარი, რომელიც არ მიეკუთვნება ერთფეროვნებას, მიყვარს განსხვავებულობა, მით უმეტეს ხელოვნებაში. ასე რომ, ჩემი მოლოდინი უკვე გამართლებულია. გამოფენაზე წარდგენილი იყო სრული მრავალფეროვნება, ის რაც ეხება დეკორაციას, სახლის ინტერიერს, ბატიკას… დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემთვის პერსონალური გამოფენა ძალიან დიდი სტიმულია. მომავალში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში, ასევე კონკურსებში. ხელოვანი ადამიანებისთვის მსგავსი სტიმული მნიშვნელოვანია.
– და ბოლოს, რა არის თქვენი როგორც ხელოვანის მთავარი მიზანი?
– ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი ნამუშევრები არა მხოლოდ პროფესიონალი მხატვრებისთვის იყოს საინტერესო, არამედ დავაინტერესო ნებისმიერი ასაკის, თუ პროფესიის ადამიანი.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ გალერეა “გადარტეში” ლალი ბერიძის პერსონალური გამოფენა დამთვალიერებლებისთვის 4 ოქტომბერს გაიხსნა და 10 ოქტომბრამდე გასტანს.
მისამართი/L’indirizzo: Via Sant’Egidio 27/R, Firenze