არაორდინალური, საოცრად მომხიბვლელი და მოდური 34 წლის ტუსია ცელაძე, იტალიის ქალაქ ბარიდან, არის დღეს ჩვენი რესპონდენტი. ტუსია უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად იტალიაში ცხოვრობს, არის პერსონალური სტილისტი, იმიჯის კონსულტანტი და მოდის ბლოგერი, ანუ პროვაიდერი მოდის და სტილის სამყაროში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, იტალიაში გადასვლამდე თბილისში საკუთარი ატელიე ჰქონდა. რატომ გადაწყვიტა იტალიაში საცხოვრებლად გადასვლა, საყვარელი საქმიანობის იქ გაგრძელება, ახალი პროფესიის დაუფლება და როგორ ახდენს თავის რეალიზებას უცხო ქვეყანაში, ამ ყველაფერზე თავად ტუსია გვესაუბრა…
– სანამ იტალიაზე დაგისვამდეთ კითხვებს, გვინდა გკითხოთ, როგორ იპოვეთ თქვენი სტილი და რატომ გადაწყვიტეთ გაგეხსნათ საკუთარი ატელიე თბილისში წლების წინ?
– დღესდღეობით, კონკრეტულად ჩემი ერთი სტილი აღარ მაქვს, რადგან როგორც პერსონალური სტილისტი, ჩემი პირადი ვალდებულებაა არა მხოლოდ ტრენდებზე საუბარი, არამედ მათი ყოველდღიურობაში ინტეგრირების მაგალითის ჩვენებაც. თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხელწერა. საკუთარი, უნიკალური ხელწერა ყალიბდება თვალის მოგზაურობის შედეგად, როცა აკვირდები ბევრ რამეს, საბოლოო ჯამში ქვეცნობიერად აყალიბებ რაღაც შენსას. საკუთარ სამკერვალოს რაც შეეხება, ეს იყო ჩემი შემოქმედების თავშესაფარი, ორგანულად მოხდა და მიზეზი არ მახსოვს. უბრალოდ, რაც თავი მახსოვს, საკერავი მანქანის წიაღში გავიზარდე და სხვა რა, თუ არა ატელიე.
– როგორ მიხვდით, რომ ცვლილებები და განვითარება იყო საჭირო შენივე სტილში?
– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანი ძალაუნებურად იცვლის სტილს. იქნება ეს სტუდენტობა, პირველი სამსახური, ფეხმძიმობა თუ დიასახლისობა. მეც, ისევე როგორც ყველა ქალბატონმა გავიარე სტილის ევოლუციის ყველა ეს საფეხური. ბოლოს, ჩემი ჩაცმის სტილი დავაკორექტირე, რადგან მივხვდი, რომ მოვიდა დრო, მეტი ქალურობა და სინაზე შემემატებინა ჩემს გარდერობში. ჩემი აზრით, თუ ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს და კმაყოფილია სარკეში ანარეკლის დანახვისას, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა სტილი აქვს. აი, მაშინ კი, თუ ყოველდღე განიცდის დისკომფორტს, აუცილებელია დიდი ხნით არ ჩარჩეს ასეთ მდომარეობაში, რადგან ეს ფსიქიკაზე, საბოლოო ჯამში კი ცხოვრების ხარისხზე აისახება.
– ამ ეტაპზე ცხოვრობთ იტალიაში ოჯახთან ერთად, რამ განაპირობა თქვენი იტალიაში საცხოვრებლად გადასვლა და როგორ მოახერხეთ ინტეგრირება?
– ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ შვილების მომავლისათვის ასე უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება ინტეგრირებას, ჩემი მეუღლე და შვილი ამ საკითხში გაცილებით უფრო წარმატებულები არიან ვიდრე მე. მეუღლემ უმოკლეს დროში ენის სერტიფიკათის და მართვის მოწმობის აღებაც კი მოახერხა. რაც შემეხება მე, თავს ინტეგრირებულზე უფრო, შეჩვეულ, გარკვეულ, შეგუებულად ვთვლი. ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც მიყვარს, ვუვლი ოჯახს, სულ რაღაცას ვსწავლობ.
– მიუხედავად იმისა, რომ ახალ ქვეყანაში, ახალ გარემოში ხართ, არ შეგიწყვეტიათ მოდისადმი ინტერესი და განვითარება, ახალმა ქვეყანამ თუ მოგცათ უფრო მეტის შესაძლებლობა ამ მხრივ და როგორ იყენებთ?
– იტალიაში გადმოსვლისას დავხურე ჩვენი ატელიე, რომელიც “ტუნამას“ სახელწოდებით იყო ცნობილი თბილისში. რის შედეგადაც ბუნებრივია ვიგრძენი დიდი დანაკლისი. სწორედ ამ გრძნობამ მიბიძგა შემეძინა ახალი პროფესია, რათა ისევ მოდის, ტრენდებისა და სამოსის სამყაროში გამეგრძელებინა მოღვაწეობა. იტალიაში გადმოსვლა რომ არა ალბათ ვერასოდეს ვიპოვიდი ამ კუთხით ჩემს თავს.
– კონკრეტულად რა პროფესია შეიძინეთ იტალიაში გადასვლის შემდეგ?
– პირველად გავიარე იმიჯკონსულტანტის სრული კურსი, მაგრამ საკითხის უკეთ შესწავლის შემდეგ, მივხვდი, რომ პერსონალური სტილისტის პროფესია უფრო მომწონს. ამიტომ დამატებით ისევ გავიარე ახალი კურსი და შემდეგ სტაჟირება კერძო მენტორთან. პარალელურ რეჟიმში შევისწავლე ვიდეო და მონტაჟირების კურსიც, რათა მაქსიმალურად დამეხვეწა ჩემი პროფაილი. დღეს უკვე ჩემი რამოდენიმე საავტორო პროდუქტიც მაქვს, მათ შორის სტილის კურსი. ასევე, ქალბატონებს ვუწევ ისეთ მომსახურებას როგორც არის პერსონალური კონსულტაცია, გარდერობის, კაპსულის შექმნა, შოპინგ გიდობა, იმიჯის კორექცია და სხვა. ამას გარდა ვარ, ინფლუსერი და მოდის ბლოგერი.
– რას ურჩევთ ახალგაზრდა ქალბატონებს, როგორ განვითარდნენ ახალი კუთხით?
– ახალგაზრდა ქალბატონებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალური დრო დაუთმონ ენების შესწავლას და მოუსმინონ საკუთარი გულის ხმას. აბსოლუტურად ყველაფრის მიღწევაა შეაძლებელი, თუ ამის რეალური სურვილი გაჩნდა. დღევანდელ ციფრულ სამყაროში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახადოს ჰობი ან საყვარელი საქმე პოპულარული და წარმატებული. ახლა სწორედ ის დროა, როცა უკლებლივ ყველას წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი აქვს.
– სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
– ჩემს თავს მომავალშიც მოდის სფეროში ვხედავ. ჩემი ოცნებაა საკუთარი ხაზის გამოშვება.
ნეტო ბენდელიანი
ის მართლაც სასწაული გოგოა ნიჭიერი და უბრალოდ ყველაზე ლამაზი 🥰და ამ ყველაფერს თავის უბრალოებაში გადმოცემს რაც ხდის უფრო სასწაულს მიყვარს ესეთი ადამიანი და მას დიდი პატივისცემა