უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა, იტალიის კამპანიის რეგიონში მაცხოვრებელი ქალებისთვის, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა ლეგალურად ცხოვრებისთვის ბინადრობის უფლება. ინფორმაციას ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორი და თარჯიმანი, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს:
“კამპანიის რეგიონი (ნეაპოლი, სალერნო კაზერტა, ბენევენტო, აველინო) , ჯანდაცვის პრევენციულ ინიციატივებთან დაკავშირებით, ქალთა ონკოლოგიური სქრინინგის, კერძოდ მამოგრაფიის პროგრამას აგრძელებს და იწვევს ყველა, 45-დან 69 წლამდე ასაკის ქალბატონებს, ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებში ე.წ. “აზლებში” ისარგებლონ უფასო მამოგრაფიით.
მამოგრაფია არის უმტკივნეულო, ეფექტური და არაინვაზიური კვლევა, მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
სკრინინგის ყველა პუნქტი აღჭურვილია ციფრული მამოგრაფიის ტომოსინთეზით, უახლესი თაობის აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა თუნდაც მცირე კვანძების იდენტიფიცირება მოახდინოს.
თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ მამოგრაფიის პასუხს უარყოფითი დიაგნოზის შემთხვევაში, ხოლო თუ სქრინინგის ცენტრი საჭიროდ ჩათვლის, რომ პაციენტი დამატებითი გამოკვლევებს საჭიროებს, მაშინ ASL-ის სპეციალიზებული პერსონალი დაგეხმარებათ მკურნალობის პროცესის გაგრძელებაში და რაც მთავარია ყველა გამოკვლევა იქნება უფასო.
შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი სკრინინგ მამოგრაფია ქალაქის აზლებში:
- ASL CUP-ის ყველა პუნქტში
- ადგილობრივ აფთიაქებში
უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ბინადრობის ნებართვას ე.წ. “პერმესოს” უპრობლემოდ შეეძლებათ მიიღონ ჯანდაცვის ამ პროგრამაში მონაწილეობა.
“მამოგრაფიულ სკრინინგში მონაწილეობა ნიშნავს, როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობელი ადამიანების სიყვარულს”.