ბრენდის PATUNA დამფუძნებელი, მსოფლიოს მაღალი მოდის მონაწილე ფატუნა ბუშიჰედი (გიორგაძე), რომელსაც შემოქმედებუთი პაუზა ჰქონდა აღებული, მოდის სამყაროს უბრუნდება. ErmesTV-მ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რისთვისაც მადლობას ვუხდით და სანამ მისი სამომავლო გეგმების შესახებ მოგიყვებით, მანამდე ცოტა რამ დიზაინერის შესახებ:
ფატუნა საქართველოში, თბილისში დაიბადა, სამი წლის ასაკიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრ ბერიკონის სპექტაკლებში მონაწილეობდა, ასევე იყო ტელეწამყვანი საქართველოს პირველ არხზე, მიჰყავდა შემეცნებითი გადაცემა “ლაფსუსი”, თენგიზ კოშკაძესთან ერთად და ა.შ. ხატვა ცხრამეტი წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ხატავდა კაბებზე და შემდეგ უკვე გადავიდა კაბების დიზაინზე. კარიერა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი პირველი ჩვენება გაიმართა მაიამიში და შემდეგ უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ჰქონდა ჩვენება იტალიაში, კომოს ტბაზე Magazin Randevu-ში, ბრიტანელი პროდუსერის ხელმძღვანელობით. თვითონ ბრენდის PATUNA დაარსება, პარიზში მოხდა.
– მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით უდიდესი წარმატებისა, 2022 წლის შემდეგ აღარ ჩანხართ აქტიურად, რა არის მიზეზი?
– მოდის სფეროში, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს შემოქმედებას თუ გადავხედავთ, ხუთი ათასი კაბა მაქვს ხელნაკეთი, ელვა და შესაკრავის გარეშე. მიყვარს ვიყო განსხვავებული… პაუზა ავიღე, რომ რაღაც კიდევ უფრო საინტერესო და განსაკუთრებული შევქმნა.
– მოგვიყევით თქვენი, როგორც ქართველი დიზაინერის და მსოფლიო მოდის წარმომადგენელთა ურთიერთობაზე…
– ძალიან თბილად და კარგად მიმიღეს მსოფლიოს წამყვანმა პროდუსერებმა. ჩემი ბრენდის პროდუსერები იყვნენ Paco Rabanne-ს პიარმენეჯერები. ამერიკიდან მიმიწვიეს საფრანგეთში და ისინი აკეთებდნენ ყველაფერს ჩემთვის. ძალიან ახლოს ვმეგობრობდი მსოფლიოს დონის წარმომადგენებლებთან, ვინც რაღაცით მაინც იყო დაკავშირებული მოდასთან და უყვარდა მოდა. ესენი იყვნენ მომღერლები, ცნობილი ქორეოგრაფები, პროდუსერები, მწერლები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ირგვლივ და არის. ისინი მიწვევდნენ სახლში სტუმრად, რაც ძალიან იშვიათია, როდესაც სახლში გეპატიჟება ადამიანი ვახშამზე, რაღაცნაირი პრივილეგია იყო ჩემთვის და ძალიან დიდი პატივისცემა. ყველაფერი არის ურთიერთობა, ის რასაც შენ წარუდგენ საზოგადოებას, ან მიიღებენ ან არა, თუმცა ყოველთვის რაღაცნაირად გულწრფელი უნდა იყო საზოგადოებასთან. შემოქმედებას არ უყვარს მატყუარები, ადამიანები რომლებიც კოპირებას აკეთებენ სამოსის, მხატვრობის… ახალი უნდა აჩვენო, შენი უნდა დაანახო. სწორედ ამას ხედავდნენ ჩემში და გულწრფელობა, კიდევ უფრო მეტ გზას ხსნიდა.
– ხართ ქართველი დიზაინერი, რომელმაც მაღალი მოდა “ოტ კუწურიე” წარმოადგინეთ მსოფლოში. გქონდათ ჩვენება ლუვრის სასახლეში, რას გაიხსენებთ ამ ჩვენებიდან?
– ნამდვილად საოცარი გრძნობა და ემოცია, როდესაც ჩემი ჩვენება გაიმართა ლუვრის სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. ძალიან ემოციური იყო ყოველი წუთი და შთაგონების წყარო იყო იმ წუთებშიც კი. კოლექციაზე მუშაობ დაახლოებით ექვსი თვე, თხუთმეტწუთიანი ჩვენების გამო. ხარ სასიამოვნოდ დაღლილი. როდესაც ჩვენება სრულდება და ხალხი სიყვარულს გიგზავნის, ხვდები, რომ ეს, ნახევარწლიან შრომად ღირდა.
– ბრენდი PATUNA მოხვდა მსოფლიო მოდის კალენდარში. გვიამბეთ ამის შესახებ…
– პარიზი, მაიამი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ინდოეთი, ტაილანდი, ბულგარეთი, უნგრეთი და სხვა უამრავ ქვეყანაში მქონდა ჩვენება. მსოფლიო მეტრი დიზაინერების გვერდით, ისეთების როგორებიც არიან CHRISTIAN DIOR, VERSACE, CHANEL. მოდის მსოფლიო ფედერაციამ განათავსა ჩემი ბრენდი. ისინი ამბობდნენ, რომ PATUNA-ში უფრო მეტი არტია ვიდრე კომერცია, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან მე მე პირველ რიგში ხელოვანი ვარ. ჩვენებებს, მსოფლიოს ირგვლივ, ორას სამოცი წამყვანი მედია და მათ შორის FASHION TV აშუქებდა.
– რას გვეტყვით ქართულ მოდაზე და ქართველ დიზაინერებზე და თუ გითანამშრომლიათ მათთან?
– ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაცია არასოდეს მქონია, თუმცა, ყველა ნამდვილ დიზაინერს და შემოქმედს პატივს ვცემ და ყველას გულშემატკივარი ვარ, მითუმეტეს ჩემი სფეროს წარმომადგენლების, რომელთაც თავიანთი ხელწერა აქვთ, ყველა მათგანით ვიხიბლები. ვერავის გამოვარჩევ, რადგან თავისებურად, ინდივიდულიზმით, ყველა კარგია და მომწონს.
– ვისარგებლებთ შემთხვევით და რჩევას გკითხავთ როგორც პროფესიონალს, რა უნდა გავითვალისწინოთ სტილის შერჩევისას?
– რაც შეეხება ჩაცმულობას, ადამიანს რაც უკეთ წარმოაჩენს, იმით უნდა შეიმოსოს. პირველ რიგში ეს არის დადებითი ხასიათი. არ უნდა იყოს ვულგარული ხასიათის. მაგალითად, როდესაც ჩანს ღრმა დეკოლტე, იქ ფეხი სასურველია რომ მოკრძალებულად ჩანდეს. ასევე დამოკიდებულია, სად ვიმყოფებით. ყველაზე ლამაზი სამოსი მაინც ადამიანებთან ურთიერთობაა. ჩემთვის მიუღებელია რაიმე ძვირადღირებულ ბრენდზე “ჩაციკვლა”, რაც გემოვნების გამოსახატად, საერთოდ არ არის საჭირო.
– ვიცით, რომ მოდის სფეროში აქტიურად დაბრუნებას გეგმავთ…
– სამომავლო გეგმებზე გეტყვით, რომ დიახ, ვუბრუნდები ჩემს სფეროს. უცხოური მოდის რამდენიმე ცნობილმა სახლმა მიმიწვია. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ვიყო მათი არტ დირექტორი. რაც გულისხმობს, რომ მსოფლიოს მოდის ტენდეციების მიხედვით, ყოველდღიურ სამოსში რამოდენიმე ხაზი იქნება ჩემი შექმნილი. ეს იქნება მამაკაცის, ქალის, ბავშვის და ორსული ქალის ტანსაცმლის ხაზი. ახლა ამ პროცესის და თანამშრომლობის შეთანხმების და გადაწყვეტის ეტაპზე ვარ.
ნეტო ბენდელიანი