2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება საკანონმდებლო რეგულაციების, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნისა და სხვა პროცედურების შესახებ.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში. რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა (26 სექტემბერი) არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას.
საარჩევნო ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გასული წლების პრაქტიკის მსგავსად 26 ოქტომბრის არჩევნებისთვისაც უზრუნველყოფილი იყოს მათი არჩევნებში მონაწილეობა.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების და არჩევნებში მათი მონაწილეობის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (cesko.ge) და სოციალურ ქსელებში განთავსებულია დეტალური ინფორმაცია. შესაბამისი საინფორმაციო რგოლი ვრცელდება სატელევიზიო მედიის საშუალებითაც. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საშუალება აქვთ მათი საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდნენ, მოგვწერონ ვებგვერდის (cesko.ge) და სოციალური ქსელის საშუალებით ან დაგვირეკონ კონტაქტ-ჰაბის ნომერზე +995 32 2 51 00 51
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის საკითზე. ჩვენ კი, გავაგრძელებთ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას, რათა მათ ქონდეთ საშუალება კანონით დადგენილი წესით მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.