საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ორი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, კვლავ აალაპარაკა მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება. ნაკრებმა აჩვენა ბრწყინვალე თამაში და თამაშის ხარისხი, რომელიც უკვე ახლოსაა ტოპ გუნდების ხარისხთან. ეს ყველაფერი შედეგია იმ ხანგრძლივი შრომისა, რასაც სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია ერთობლივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ფაქტორი, რომელმაც უამრავი ტაქტიკური სქემა გამოსცადა და საბოლოოდ, ჩვენი ბიჭების მონაცემებიდან გამომდინარე, იდეალურ 3-5-2 სქემამდე მივიდა.
რას ნიშნავს ეს?
3 ცენტრალური მცველი – აქედან შუა, გურამ კაშია აზღვევს დანარჩენ ორს, ის დანარჩენი ორი აზღვევს ფლანგის მცველებს და თვით კაშიასაც, როცა საჭიროა. ამ ორ თამაშში ეს მექანიზმი თითქმის შვეიცარიული საათივით მუშაობდა. 3-5-2 სქემაში 2 ფლანგელი მცველი, თითქმის მთელი ფლანგის კონტროლს ახორციელებს. დაცვით ფაზაში, უკვე 5 მცველი გამოდის და 5-3-2-ად გარდაიქმნება და შეტევაში კი ისევ 3-5-2 ბრუნდება და რიცხობრივ უპირატესობას ქმნიან. ლუკა ლოჩოშვილის სახით დაცვით ფაზაში ფიზიკური უპირტესობაც გვაქვს, რაც თვალშისაცემი იყო, კაკაბაძე ართმევაში ძლიერია და შეტევაში ხომ საუცხოოა (შეგახსენებთ, რომ მთელი ბავშვობა ფლანგის თავდამსხმელი იყო).
ნახევარდაცვაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, დავამატებ, რომ კიტეიშვილი-ქოჩორაშვილის წყვილს, ბევრი ტოპ გუნდი და ნაკრები ინატრებდა. ამ ტაქტიკის 3-5-2-ის მთელი ხიბლი და აზრი სწრაფ და ტექნიკურ თავდამსხმელებშია, ამის გარეშე მექანიზმი არ იმუშავებს, თანაც ჩაკვეტაძე გარდა იმისა, რომ შეტევის ორგანიზებას აკეთებს, უდიდეს შავ სამუშაოსაც ასრულებს. იგი ბევრად უფრო ძლიერი და სხვა დონის დაგვიბრუნდა, ვიდრე ადრე ვიცნობდით.
ხვიჩა კვარაცხელიაზე რა უნდა დავწეროთ? ეს ფეხბურთელი, ყველა დეტალში ძლიერი და დახვეწილია, სუსტი მხარე აღარ დარჩა და ანტონიო კონტესთან კიდევ უფრო გაიზრდება. გიორგი მიქაუტაძე კი უმაღლესი კლასის ფორვარდია, სწრაფი და ტექნიკური. დამეთანხმებით, რომ ურთულესია მისი სიმაღლის თავდამსხმელისთვის ამ პოზიციაზე თამაში და მითუმეტეს ამდენი გოლის გატანა.
შეიძლება ითქვას, რომ სანიოლიმ მიაგნო ამ თაობისთვის იდეალურ სქემას და საათივით ააწყო გუნდი. ასევე თვალშისაცემია ჩვენი ნაკრების ფიზიკური მომზადების დონე, რაც ფეხბურთელთა სუპერპროფესიონალიზმზე და ფიზ.მომზადების მთელი სტაფის სერიოზულ დონეზე მეტყველებს.
შეიძლება ცოტა სუბიექტურობაში ჩამომართვათ ეს სტატია, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს. როდესაც მოცემულობა სხვა იქნება, იმასაც დავწერთ.
კახა ლორთქიფანიძე
მთავარი ფოტო: Setanta Sports