მერაბ დვალიშვილი UFC-ის ახალი ჩემპიონია. დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში, შონ ო’მალი ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მერაბ დვალიშვილს ზედიზედ 11 მოგება დაუგროვდა, რაც საოცარი შედეგია
აღსანიშნავია, რომ ქართველი გარდა ტიტულისა საკმაოდ დიდ ფულად ჯილდოს მიიღებს, კერძოდ, 500 ათას დოლარს და დამატებით ბონუსებს.
მერაბ დვალიშვილი არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი შრომით ერთი შეხედვით წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოს. აი რას ჰყვება დვალიშვილი განვლილი გზის შესახებ:
“ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს – აქაურ გადასახადებს რომ გაუმკლავდეს, ნორმალურად რომ იცხოვროს, ყველამ უნდა იმუშაოს. მე კი, რადგან აქ სპორტში არავინ მიცნობდა, ბრძოლებში თანხასაც არ მიხდიდნენ. პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, სახელის მოსახვეჭად ყველაფერი ნულიდან დავიწყე.
მშენებლობაზე მივედი სამუშაოდ, რადგან სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და ამტანი ბიჭები სჭირდებოდათ. გარეთ, ყინვაში მიწევდა მუშაობა 8 და 10 საათი – დილის 7-დან, დაახლოებით, 5 საათამდე. მერე ნახევარი საათი ცხელი შხაპის ქვეშ ვდგებოდი, რომ გავმთბარიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ მივდიოდი ვარჯიშზე.
სახლების მშენებლობა რომ დავიწყე, ძირითადად სულ სახურავზე მიწევდა ასვლა. კატასავით დავცოცავდი და ბევრჯერ გადავრჩენილვარ, მაგრამ ახლა, რომ ვუფიქრდები, ერთადერთი ამას ვნანობ ჩემს ემიგრაციულ ცხოვრებაში, რომ ძალიან ვრისკავდი და საფრთხეში ვიგდებდი თავს, მაგრამ სხვა გზაც არ იყო, მაშინ ასე იყო საჭირო. ერთხელ, ხის ხარაჩო ჩაინგრა, ჩამოვვარდი და უკანა დუნდულა კუნთით დავეცი. ერთი კვირა ვერ ვდგებოდი საწოლიდან. მაშინ მივხვდი, რომ აქ მარტო ვიყავი და შეცდომის დაშვების და ცუდად ყოფნის უფლება არ მქონდა.
ნელ-ნელა თითქმის ყველა ხელობა ვისწავლე და ფიზიკურად ისე აღარ ვიღლებოდი. თან, უკვე შენობაში ვმუშაობდი და აღარ ვიყინებოდი. ამიტომ სპორტულად მოვუმატე შედეგს. თავიდან არარეალური, შორი და წარმოსადგენადაც კი თითქმის შეუძლებელი იყო, თუ როდისმე მოვხვდებოდი UFC-ში, სადაც მხოლოდ ამ სპორტის ვარსკვლავები არიან.”