თითოეული ადამიანი საზღვარგარეთ, საკუთარი სამშობლოს სარკე და ელჩია. ქართველ ემიგრანტებს ერთგვარი მისია და პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა ჩვენი ქვეყნის ისეთი წარმომადგენლები ვიყოთ და ჩვენი სამშობლო ისე წარმოვადგინოთ, როგორც ამას საქართველო იმსახურებს. მოგესალმებით, მე ნინა მამუკაძე ვარ ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ქართულ-იტალიურ მედია ERMES•TV-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ეს კი ჩემი ახალი საავტორო გადაცემაა “LA PIAZZA”.
ამ გადაცემაში გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაშიც შეძლეს საკუთარი პროფესიით თვითრეალიზება. აქ მოისმენთ საინტერესო ისტორიებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და საქართველოს მეგობარ უცხოელებზე, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა, ცხოვრების განუყოფელი და უძვირფასესი ნაწილი გამხდარა. თუ თქვენი სურვილი იქნება და საჭირო გახდება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ჩვენ თქვენამდე აუცილებლად მოვალთ. ეს თქვენი “პიაცა” იქნება.
როდესაც “LA PIAZZA”-ს შექმნის იდეა დაიბადა, ზუსტად ვიცოდი ვის ვისურვებდი პირველ სტუმრად, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივად მოსაგვარებელი საკითხი გახლდათ, რადგან ეს პიროვნება თითქმის არ ჩნდება კამერების წინ, არ უყვარს საჯაროობა, მაგრამ მისი მოღვაწეობა და რეგალიები იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავია, ფარ-ხმალს იოლად ვერ დავყრიდი.
ეს არის იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ლ’ორიენტალეს“ პროფესორი, რომის პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ვენეციის წმინდა ბერნარდის სახელობის ეკუმენიკური ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. იყო ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „კა’ ფოსკარის“ მკვლევარი, აგრეთვე, რომის სახელმწიფო უნივერსიტეტ “ლა საპიენცასა” და ბოლონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ფლობს რამდენიმე უცხო ენას და სხვადასხვა დროს, ხშირად ყოფილა საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების, რომის პაპთა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრებზე ოფიციალური თარჯიმანი.
ეს არის პროფესორი გაგა შურღაია და თუ დღეს ის ჩემი გადაცემის სტუმარია, ეს ქართველებისთვის კარგად ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი იტალიელის, ისტორიკოს და მწერალ ფრანჩესკო ტრეჩის დამსახურებაა, რომელიც ასევე პროფესორ შურღაიას მოწაფეა. ჩვენი გადამღები ჯგუფი სწორედ ფრანჩესკოსთან ერთად გაემგზავრა ფლორენციიდან რომში, ბატონ გაგასთან შესახვედრად.