“ჩემს ცხოვრებაში ამდენი არაფერზე არ მინერვიულია და არც ასეთი ამაყი ვყოფილვარ ოდესმე!” – სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი, გერმანიიდან შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, რომელსაც უცვლად გთავაზობთ:
“დღეს ჩემი მოგზაურობის მეორე კვირა იწყება – დანიშნულების მესამე პუნქტში – ჰამბურგში ვარ. ჩემს ცხოვრებაში ამდენი არაფერზე არ მინერვიულია და არც ასეთი ამაყი ვყოფილვარ ოდესმე! ის, რასაც ეს დღეებია ვუყურებ – ცალკე ბიჭების საოცარი თავდადება და ჟინი, ცალკე ქართველ გულშემატკივართა უპრეცედენტო ერთობა, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჩვენი მომრევი ამქვეყნად არავინაა! ცრურწმენებითა და შინაგანი დემონების დაშოშმინების სურვილით შეპყრობილს, აქამდე ევრო 2024-ზე ერთი სიტყვა არ დამიწერია – ემანდ, ზედეტი ქებით ბიჭები არ დავთარსო მეთქი! დღეს უკვე აღშფოთებულმა ელენემ მომწერა – ხმა ამოიღე, თორემ ასე მგონია არც იცი, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშობსო!
მოკლედ, სხვა შანსი აღარა მაქვს და გადავწყვიტე უბის წიგნაკში ჩაწერილი გერმანული ვოიაჟის ძირითადი შთაბეჭდილებების გაზიარება დავიწყო. ვინაიდან პორტუგალიამდე კიდევ 4 დღე გვრჩება, ნელნელა გავხურდები, თხრობას კი დორტმუნდით დავიწყებ.
დღე 1. ამსტერდამში გატარებული დღენახევრის მერე “ქართული” Flex Bus-ით გერმანიას ვეწვიე. “ქართულით”-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ სალონში მეტწილად ჩვენებური გადაძახილები ისმოდა და რაოდენობრივადაც არ ჩამოვრჩებოდით ევროპელებს. გამგზავრებმდე ჯგუფური ფოტოც გადავიღეთ და მეშახტეთა რეგიონის გზას დავადეგით. დორტმუნდის ცენტრი ძალიან ლამაზი ყოფილა, პირველი სასტუმროც, სადაც ერთი ღამით გავჩერდი, მართალია ცოტა შეფერთხილი და მოძვეებული მეჩვენა, მაგრამ, ფასის გათვალისინებით, სავსებით მისაღები გახლდათ. ორი ცენტრალური ეკლესიის სანახავად წასულმა აღმოვაჩინე, რომ მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი მაინც – აქაა!!! ჯერ ჩემი ბავშვობის მეგობარი დათო ანთელიძე, მურთაზ შელია და მათი ოჯახები შემხვდნენ, იქვე გეგი კიკაბიძემ ჩამომართვა სახელდახელო ინტერვიუ და და ფრანგოსთანაც მოვასწარით სამომავლო საფუტზალო გეგმების დასახვა. ინტერვიუს პარალელურად, იქვე შვილთან ერთად მოსეირნე მერაბ ქუთათელაძემ დამინახა და ერთ საათში პეპო (დათო ინოფრიშვილი) ჩამოვაო, მომაძახა… არ გასულა ათი წუთი და ქართველების მიერ ოკუპირებული ცენტრალური მოედნისკენ მიმავალი, ტყუპებსა და ქეცბას შევეფეთე. სანამ აჩის ხვალინდელ თამაშზე ვეკითხებოდი, შოთიმ საერთაშორისო ფოტოსესია მოაწყო: ქართველებით რომ დაიწყო, ჯერ თურქების 20-კაციან ჯგუფთან მოუწია სელფების სერიის დასრულება და ბოლოს რეინჯერსის ეპოქის ნოსტალგიით შეპყრობილი შიტლნდიელებიც ეახლნენ!
ამდენი დადებითი ემოციით დატვირთული სახლისკენ ტრადიციული ქართული ფიქრებითა დ თვალზე მომდგარი ცრემლით დავიძარი – არსად არაა ჩვენზე მაგარი ხალხი!!! დღეს ალბათ ამავე განწყობაზე დავასრულები, მაგრამ ეიფორიიდან ვაგზლის წინ მოწყენილად მდგომმა ჟორიკა ამბარცუმმა გამომიყვანა – ჩემი ნახვა ხომ გაუხარდა და მეც რომ ანალოგიურ განწყობაზე დავეყენებინე პირდაპირ მომახალა – სასტუმრო არა მაქვსო! ჟორიკა კი მიყვარს, მაგრამ არც იმდენად, რომ ევრო 2024-ის პირველივე ღამეს მასთან სარეცელი გავიყო ((( მომიწია უკან დაბრუნება და დიასპორასთან ამბარცუმას დაბინვების თემის მოგვარება. ღამის 2 საათზე როგორც იქნა მივაღწუე სასტუმრომდე და ის იყო ლიფტში შესვლას ვაპირებდი, რომ უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა – თვალიაც (გია თვალაბეიშვილი) აქ ყოფილა და ბარემ ძილის წინ მისი მეწყვილე და ჩემი ძმაკაცი გიგა გვენცაძეც მოვინახულე… დღე 2. გუშინ ქართველების გარემოცვაში კი ვიყავით ყველანი აჟიტირებულები და ლამის მთელი გერმანია დავიპყარით, მაგრამ ფანზონიდან შინ მისულს ისევ ეჭვები დამეუფლა… თანაც სასტუმრო გამოვიცვალე, “თურქულ” რაიონში გადავედი და ეგრევე დავრწმუნდი, რომ ქართველების სიმრავლის მიუხედვად, ტრიბუნებზე საგრძნობ უმცირესობაში ვიქნებით. აქ ჩამოსვლამდეც ხომ ვიცოდი, რომ დორტმუნდში თურქების ერთერთი ყველაზე დიდი დიასპორა სახლობს, მაგრამ მთლად ასეთ მასშტაბსაც არ ველოდი! ჩემს ქუჩაზე მხოლოდ თურქული საუბარი ისმის, მაღაზიებიც მთლინად იქაურ ყაიდაზეა მოწყობილი და რომ არა გერმანული ფირნიშები, თავი სადმე ტრაბზონსა და ორდუს შორის მონაკვეთზე მეგონებოდა…
სტადიონზე ტაქსით წავედი, გზად, თამაშზე მიმავალ კოლონაში კიდევ უამრავი ნაცნობი და მონატრებული სახე დავთვალე: აქეთ გაღიმებული პეპინო ცხადაძე, იქით – მოსუქებული დოდიკა, რომელიც 70-იანი წლების ოქროყანის ზაფხულების მერე აღარ მინახავს… ბავშვობის მოგონებები ტაქსისტმა გამაწყვეტინა – შუა გზაში გადმომსვა – ვეღარ მივდივარო და მეც იძულებით შევუერთდი ქართულ პელოტონს.
აგერ გადასასვლელზე ნოდარ სიმსივეა Live ჩართვაზე, გუშინ თვალიამ მითხრა ისიც ამ სასტუმროშიაო, მაგრამ ვეღარ ვნახე – გვიანი იყო… მერე ეს თავსხმა დაიწყო! ისე გავილუმპე, რომ ღამე ტელეფონიც ვეღარ დავტენე – ჯინსის ჯიბეში დასველდა და აღარაფერზე რეაგირებდა! კიდევ კარგი სტადიონამდე არ გაითიშა, თორემ აპლიკაციით მიღებული ბილეთებიც გამიქრებოდა!!! როგორც იქნა, მივაღწიე “იდუნა პარკ არენამდე” – შესვლაზე აქაც რიგია, აქეთ არ გვიშვებენ – სადღაც წყალმა გადახურვა გაარღვია და ჩანჩქერად მოედინებაო, იქით – ჩხუბი და დავიდარაბაა, ჩვენებმა თურქებს დააყარეს! ისევ ცოტანი ვართ, მაგრამ როდის ვყოფილვართ ჯახში ამათზე მეტნი?! UEFA-ს VIP Launge-ში ყველა ჩემსავით სველია – დიდიც და პატარაც. პატარაზე მახსენდება უმცროსი ყიფიანი, გიორგი – აგერ ზის თავისი მეგობრების გარემოცვაში. დღეს მამამისის დაბადების დღეა და სხვადასხვა მაგიდაზე გაფანტული ქართველები ფეხზე წამომდგარი ვსვამთ “დიდი დათოს” სადღეგძელოს! ეჰ, ნეტა ის თაობა მოსწრებოდა დამოუკიდებელ გუნდად სანაკრებო დონეზე თამაშს და მაშინ კი ნაღდად ვნახავდი ამ თურქების ალეწილ სახეებს! …
თამაშის პერიპეტიებზე არაფერს დავწერ – ისედაც ყველა ამ თემას ატრიალებს. მხოლოდ ერთს ვიტყვი – არ მეგონა, თუ ჩვენი ბიჭები ასეთ სპექტაკლს გვაჩუქებდნენ! ყველას ვგულისხმობ, იმათაც ვინც ქოჩორასავით ცხოვრების მატჩი ჩაატარა და იმათაც, ვისაც შეიძლება დღეს საუკეთესო თვისებების გამოვლენა არ გამოუვიდა – საღოლ, ძმებო, ბრავო! ტრიბუნაზე თურქებიც ტაშს გვიკრავენ და სახლამდე მთელ გზაზე იმავე წვიმის თანხლებით თავაწეულად მიმავლებს მანქანებიდან გვამხნევებენ – Good Game!!! (გაგრძელბა იქნება)” – წერს ბიძინა ბარათაშვილი.