იტალიის ქალაქ ფლორენციაში, 15 ივნისს, იტალიაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა მხატვარმა რეზო ივერიელმა (ჭეიშვილი) მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც მხატვართა ასოციაციასთან არსებულ საექსპოზიციო სივრცეში “Casa di Dante” “დანტეს სახლი” შედგა. ასოციაცია 1843 წელს დაარსდა, გრაფ დემიდოვის მიერ და ხელოვანების დახმარებასა და ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
გამოფენაში სახელწოდებით “Riflessi Estivi Colori e Vibrazioni” – “საზაფხულო რეფლექსია და ფერთა ვიბრაცია” რეზო ივერიელმა წარმოადგინა ერთი ნამუშევარი, სახელწოდებით “Pioggia a Firenze” – “წვიმა ფლორენციაში”.
ERMES TV ღონისძიების გახსნას დაესწრო და გაესაბრა როგორც ქართველ ხელოვანს, ასევე გამოფენის კრიტიკოსს, რომელმაც ივერიელის ნამუშევარი ძალიან საინტერესოდ შეაფასა.
რეზო ივერიელი: “ძირითადი თემა რაზეც ვმუშაობ, გახლავთ პეიზაჟი, ქალაქური პეიზაში, მარინისტული პეიზაჟი და ნატურმორტი. ვარ პლენერი, რაც გულოსხმობს ნატურიდან შესრულებულ ნამუშევარს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევარი არის ტილოზე შესრულებული ზეთის საღებავებით. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ფერში წერისას საერთოდ არ ვიყენებ ფუნჯებს ვწერ მხოლოდ “მასტეხინი”-ის საშუალებით. ამჯერად, ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობ, მაგრამ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს პერსონალური გამოფენა ფლორენციაში, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში. დაგეგმილი მაქვს კიდევ ერთი ჯგუფური გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი მექნება 10-ზე მეტი ნამუშევარი.
სილვია რანძი, ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი: ჩვენ ვდგავართ კლასიკური პოსტიმპრესიონიზმის ნიმუშის წინ, რომელიც შესრულებულია შესწავლილი ფერწერული ოსტატობით და ამავე დროს საინტერესო ატმოსფერული ლუმინისტური მნიშვნელობებით, რაც დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს და მოიცავს მას.
ამ შემთხვევაში გამოყენებულია დელიკატური, რბილი ფერები, ფერთა პალიტრა, რომელიც იხრება იისფერისკენ, რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან უყვარდათ იმპრესიონისტებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ შავი არ არსებობს, არსებობს იისფერის ელფერი. ნამუშევარში არის ლირიკული აზრი.