ლალი ლომთაძემ იტალიაში, ქალაქ ლივორნოს ადმინისტრაციულ არჩევნებში გაიმარჯვა.
ლალი ლომთაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა. მისი ემიგრანტობის ისტორია, უკვე 17 წელს ითვლის. ლალის ისტორია, ისევე როგორც ბევრი ქართველი ემიგრანტის, სირთულეებით და წინაღობებით იყო სავსე, თუმცა მან შეძლო ფეხზე მყარად დადგომა და თვითრეალიზება, თანაც ისე, რომ ახლა თანამემამულეებსაც ეხმარება გზის გაკვალვაში უცხო მიწაზე.
ქართველმა კანდიდატმა, 13 ივნისს, იტალიის რეგიონ ტოსკანას ქალაქ ლივორნოს ადმინისტრაციულ არჩევნებში გაიმარჯვა. მისი პოზიცია ქალაქის საბჭოში მერის მრჩევლის თანაშემწე იქნება. ეს არის სპეციალური პოზიცია, რომელიც მუნიციპალიტეტში უცხოელ მოქალაქეთა ინტერესებს ატარებს. ქართველმა, 8 და 9 ივნისს გამართულ არჩევნებში, მაროკოელ კოლეგა იუნე ბუზიანეს აჯობა.
ლალი ლომთაძე: იტალიაში 2007 წელს ჩამოვედი მუშაობის მიზნით. არ იყო ეს გზა მარტივი, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარების წყალობით, გავერკვიე და გზა გავიკვლიე ქალაქის ბიუროკრატიული სირთულეების დაძლევაში. ვარ დიპლომირებული ეკონომისტი. ვარ აგრეთვე ქართული ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოდან ჩამოსულ უამრავ ქალბატონს, რომლებისთვისაც ჩვენი ასოციაცია საყრდენ ძალას წარმოადგენს ენის, დაბინავება/შრომით მოწყობისა და ინტეგრაციის კუთხით. აგრეთვე უამრავ ღონისძიებას ვაწყობთ, როგორც ქალაქისთვის, ასევე აქ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სამომავლოდ ვაპირებ მოქალაქეთა პრობლემების კიდევ უფრო სირღმისეულ შესწავლას, ვიქნები შუამავალი მათსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის. იმედი მაქვს, შევძლებ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიყო.”
„ერმესი მედიის“ რედაქცია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ლალი ლომთაძეს!