იტალიაში, ქალაქ ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ტაძართან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ, მორიგი სასწავლო წელი, შემოქმედებითი ღონისძიებით დახურა. სკოლის აღსაზრდელებმა, სტუმრები, მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი ქართული პოეზიის ნიმუშებითა და სიმღერებით მოხიბლეს.
ღონისძიებას ქართული დისპორის წარმომადგენლები, სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე), საქართველოს კონსული იტალიაში ეკატერინე ნინუა და კონსულის თანაშემწე დიანა ლიპარტელიანი ესწრებოდნენ. მამა ანდრიამ და ქალბატონმა კონსულმა ბავშვებს და შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალურად მიმართეს, მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ საკვირაო სკოლების მნიშვნელობას, ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნებისათვის.
სკოლა, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ორი წლის დაარსდა და უკვე რამდენიმე ათეულ ბავშვს ითვლის. სკოლია პედაგოგები გახლავან: საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი და სახვითი ხელოვნების პედაგოგი რეზო ჭეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის პედაგოგი ლარისა გოგუა, რელიგიის პედაგოგი მორჩილი ეკატერინე, მუსიკის პედაგოგი ლალი მიშველია, ქორეოგრაფი რიტა სიმსივე, ქორეოგრაფის ასისტენტი ნიკოლოზ ჩხაიძე, გამოყენებითი ხელოვნების (გობელენი, ქარგვა) პედაგოგი ლალი ბერიძე.
სასწავლო პროცესი შემოდგომაზე განახლდება, კვლავ წმინდა ნინოს სამრევლო ტაძრის დარბაზში, მისამართზე: Via dei Serragli 102, Firenze. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამრევლო სკოლის პედაგოგს რეზო ჭეიშვილს T: +39 320 2411498.