რატომ არის საჭირო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა?!
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება, კვლავ აქტუალური გახდა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საკითხი, რადგან აღრიცხვაზე ასვლის გარეშე, საქართველოს მოქალაქეს, არჩევნებში ხმის მიცემა არ შეუძლია.
თუმცა, გარდა ამ ფაქტორისა, სხვა რიგი მიზეზების გამოც, სასურველია, რომ პირი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე და საჭიროების და ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში, საკონსულოს მიერ მისთვის დახმარების ოპერატიულად გაწევის მიზნით. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი პირები, თავს იკავებენ აღრიცხვაზე დადგომისგან. ხშირად კი, მიზეზი, უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობაა.
ErmesTV იტალიის მაგალითზე ეცადა, თქვენთვის, ყველა იმ კითხვაზე პასუხზე მოეძიებინა ინფორმაცია და პასუხი, რის გამოც, საქართველოს მოქალაქეები, არ ან ვერ დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე:
- ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც, პირი თავს იკავებს აღრიცხვაზე დადგომისგან, არის არალეგალის სტატუსი. საქართველოს მოქალაქეს აქვს შიში, რომ აღრიცხვაზე დადგომის შემთხვევაში, მისი პირადი მონაცემები და ადგილსამყოფელი, ეცოდინებათ საქართველოს ან მიმღები ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებსაც, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მონაცემები დაცულია და ისინი არ გადაეცემათ სხვა უწყებებს. მეტიც, სწორედ არალეგალის სტატუსი ყველაზე მოწყვლად კატეგორიას აკუთვნებს პირს და სასურველია, რომ უსაფრთხოებისა და საჭიროების შემთვევაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიზნით, აღნიშნული სტატუსის პირი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.
- აღსანიშნავია, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის, სავალდებულო არ არის მოქალაქის პასპორტი. პროცედურის გასავლელად და ასევე არჩევნებში ხმის მისაცემად საკმარისია საქართველოს მოქალაქის პირადობის დამდასტურებელი მოწმობა. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნის მოტივით, პასპორტი ქვესტურაში აქვთ დატოვებული, ეს დამაბრკოლებელი მიზეზი არ გახდება აღრიცხვაზე დადგომის და ასევე არჩევნებში საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის.
- რაც შეეხება არჩევნებში ხმის მიცემის მიზნით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას, პირმა ეს პროცედურა უნდა გაიაროს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რადგან უწყება ორი კვირის ვადას იტოვებს, მონაცენთა დამუშავების და სიების შედგენისთვის.
- თუ ხმას იტალიაში აძლევთ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემა სამ ქალაქში იქნება შესაძლებელი. ეს არის ქალაქები, სადაც საქართველოს საკონსულო სამსახურებია და საქართველოს წარმომადგენლობაა აკრედიტირებული, ესენია: რომი, ბარი, მილანი.
რას ნიშნავს საკონსულო აღრიცხვა?
საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით, ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ.
საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე შეუძლია დადგეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად. ამის რამდენიმე გზა არსებობს:
1. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების ვებგვერდზე, შესაბამისი ელექტრონული განცხადების შევსებით: http://sda.gov.ge/?page_id=5351. განაცხადის დასადასტურებლად პირმა უნდა განახორციელოს ვიდეოზარი სააგენტოს ოპერატორთან. Skype-ის ქსელში სამსახურის სახელია: sda.gov.ge.
2. საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge.
დისტანციური სერვისით საკონსულო აღრიცხვის განხორციელების დეტალური ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://sda.gov.ge/?page_id=5351.
საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეფონზე: +995 322 945 050 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.geoconsul.gov.ge, www.sda.gov.ge, www.psh.gov.ge.
მინდა არჩევნებში მონაწილეობა