„ამაზე საჯაროდ არასდროს ვსაუბრობ, რადგან ჩემი არჩევანი იყო დამეტოვებინა ქვეყანა და წავსულიყავი საზღვარგარეთ!“ – იტალიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, მუსიკოსი ნიკოლოზ ადამია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის (ხელოვანი) ადამიანისთვის ემიგრაციაში ყოფნა, რადგან სრულიად მოვწყდი ჩემს პროფესიას, მეგობრებს და იმ შესაძლებლობებს რაც აქამდე გამაჩნდა! დამიჯერეთ, საქართველოში ბევრად მარტივია რაიმე ახლის დაწყება და მიზნების განხორციელება! ამაზე საჯაროდ არასდროს ვსაუბრობ, რადგან ჩემი არჩევანი იყო დამეტოვებინა ქვეყანა და წავსულიყავი საზღვარგარეთ!
ვფიქრობ, დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან ვერ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. არავინ მოგატყუოთ, რომ აქ, ემიგრაციაში, კარგი ცხოვრება გვაქვს, პირიქით, აქ ყველაფერი მოსაწყენი და უფერული. დავკარგე სიხარულის და ბედნიერების განცდა, რაც ჩემს შინაგან მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება. მერწმუნეთ, ისევ ჩვენი სამშობლო გვიყვარდეს. ისევ ჩვენს სამშობლოში გვწყუროდეს წასვლა, რადგან ემიგრაცია არის ჩიხი, საიდანაც ვერასოდეს დავაღწევთ თავს. რომ არა ჩემი ერთგული და საიმედო მეგობრები, დღეს ალბათ ადამიანად არ ვივარგებდი. მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ დაუღალავად ვაკეთო საყვარელი საქმე და გაგიზიაროთ თქვენ, ერთგულ მსმენელს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა. მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც აქამდე იზიარებდით და უსმენდით ჩემს შემოქმედებას. მადლობა უფალს ყოველი ახალი დღისთვის. მადლობა ჩემო ქართველებო!
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!“
ამ ერთგვარი საჯარო აღსარების შემდეგ, ჩვენ ნიკოლოზს დავუკავშირდით. როგორც ირკვევა, 30 წლის ქართველი ხელოვანი ორი წელია იტალიაში, ქალაქ სალერნოში ცხოვრობს. არის კომპოზიტორი და ქმნის როგორც კლასიკურ ნაწარმოებებს, ასევე თანამედროვე საესტრადო სიმღერებს. საქართველოში ბარში მუშაობდა, პიანისტად. სალერნოში მოხუცის თანაშემწედ მუშაობს და კვირაობით ბარში მღერის, ცდილობს პროფესიასთან კავშირი შეინარჩუნოს.
ჩვენ წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ნიკოლოზს და აქვე მის კლიპს შემოგთავაზებთ, რომელიც ემიგრანტებს ეძღვნებათ.