არავინ იცის, ძლიერი და შემდგარი ადამიანის უკან, რამდენი დაძლეული სირთულე იმალება, რომელთა გადალახვაშიც გამოიძერწა და გახდა ასე ძლიერი. იტალიაში მცხოვრები ქართველი მედიატორი და თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი, ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელმაც მისი პროფესია განსაზღვრა და რომელიც გულგრილს ალბათ ვერავის დატოვებს: “ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელზეც დღემდე არასოდეს მისაუბრია.
ემოციების ფონზე ხელები მიკანკალებს, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს და იმედია მომავალში მომეცემა შესაძლებლობა, ჩემი სათქმელი, მეტად დალაგებულად გადმოვცე.
ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს,ზოგადად რაღაც მისია აკისრია ცხოვრებაში და ჩემი მისია, რომელიც ჩემი ადამიანური რესურსის და ქმედებების იმ ბუნებრივი პროცესების გაგრძელებაა, რაც გადამხდა ჩემი ემიგრაციის პერიოდში და რაც ჩემს პროფესიასთან პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა.
ამბავი გაუთვიცნობიერებლად, არაფორმალურ ვითარებაში დაიწყო, და მივხვდი, რომ უნდა მეკეთებინა საქმე, რაც იმედს მისცემდა ემიგრანტებს, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ მარტონი არ არიან უცხო მიწაზე და მთავარია დაისახო მიზანი, ჩაეჭიდო მყარად და სამყაროს მხოლოდ სიმარტოვის და უიმედობის ფერებში არ დაუწყო ყურება.
2013 წელს, თავში, სიმსივნის მძიმე დიაგნოზით, გადაუდებელი ოპერაცია ჩამიტარდა ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში.
გვერდით მყავდა დედა, ჩემი ულამაზესი ყვავილი, რომელსაც ვხედავდი ჩემი შემხედე, როგორ ჭკნებოდა, ქალი,რომელიც ექიმებს შვილის გადასარჩენად შველას თხოვდა მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო, მათთან კომუნიკაციას ვერ ამყარებდა.
დედისთვის, ოჯახისთვის,მეგობრებისთვის, ჩემთვის და კიდევ ერთი ქალბატონისთვის, რომელზეც ახლა მოგიყვებვით, აუცილებლად უნდა მეპოვა უკანასკნელი რესურსი-ძალა, რომ ამ ადამიანებისთვის მიმეცა იმედი, რომ შეუძლებელი არაფერია და ამ მძიმე განსაცდელს აუცილებლად ერთად გადავლახავდით.
ნეიროქირურგიის განყოფილებაში, სადაც ორი კვირა დავყავი, ჩემს გვერდით პალატაში იწვა უკრაინელი ქალბატონი, რომელსაც არანაკლებ მძიმე დიაგნოზით ჩაუტარა ოპერაცია. უცხო მიწაზე სრულიად მარტო, ბედის და მხოლოდ ექიმების იმედზე იყო დარჩენილი, რომელსაც მოძრაობაც კი არ შეეძლო.
ჩემი ოპერაციიდან შემდგომი ათი დღე, გავატარე ზურგში კათეტერ დამაგრებულმა.
ჩემი ხშირი მოძრაობა არ შეიძლებოდა მაგრამ ყოველდღე, ექიმების მალულად, შევდიოდი ამ ქალბატონთან და ვცდილობდი მასთან ერთად გამეტარებინა არამარტო ჩემთვის, მისთვისაც უფერადო დღეები, ქართული გემრიელობებით გამეხარებინა და უბრალოდ მის გვერდით ვყოფლიყავი მისთვის, სიმსივნეზე მეტად მტკივნეულ სიმარტოვეში.
ასე, გაუთვიცნობიერებლად დაიწყო ჩემი, როგორც მედიატორის არაფორმალური საქმიანობა რასაც შემდგომ ოფიციალური სახე მივეცი და როგორც უკვე პროფესია ნეაპოლშივე შევიძინე.
ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები მედიაციის სფეროში, რომელსაც დღემდე მყარად მივყვები და ვაგრძელებ სწორედ იმ მარტო დარჩენილი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც უბრალოდ იმედის მიმცემი ადამიანი ჭირდებათ, ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ:
“შენ მარტო არ ხარ” – წერს მაკა ხაჩოშვილი.