ნია ხიზანიშვილი-ესპანეთის თასის მფლობელი ძიუდოში
13 წლის ნია, ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია იგი ძიუდოში, 57 კილოს კატეგორიაში, ესპანეთის თასის (Copa de España) მფლობელი გახდა. შეჯიბრი (ბავშვებში) 2023 წლის ნოემბერს გაიმართა, როგორც ადგილობრივი გამოცემა აღნიშნავს ქართველმა მოზარდმა ორი შეხვედრა გამართა და მხოლოდ 15 წამი დასჭირდა ტატამზე, იმისთვის რომ მოწინააღმდეგე დაემარცხებინა. ჯერ კიდევ 2022 წელს „კასტილია ლა მანჩას“ ძიუდოს ფედერაციამ ნია ხიზანიშვილი, საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დაასახელა.
ნიას წარმატებების შესახებ რომ გავიგეთ ჩვენი გაზეთიდან დედას, ქეთი ჩილინგარაშვილს დავუკავშირდეთ და დეტალები გამოვკითხეთ. ასევე დავინტერესდით მათი ემიგრაციული ცხოვრებით.
სამშვილიანი ოჯახი ესპანეთში ცხოვრების მეექვსე წელს ითვლის, როგორც ქეთი გვიყვება „ემიგრაციაში წასვლის მიზეზი საქართველოში უპერსპექტივო მომავალი იყო“. ქეთი ადიგენიდან არის მეუღლე კი გორიდან. რამაც სავარაუდოდ დიდი გავლენა მოახდინა ნიას სპორტული არჩევანი, ძიუდოზე გეკეთებინა. ოჯახს ძალიან გაუჭირდა ემიგრაციაში წავლის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, როგორც ქეთი აღნიშნავს საბოლოოდ, როგორც ყოველთვის ღმერთის ნებას მიენდნენ და ასე აღმოჩნდნენ ესპანეთში.
„ამ ქვეყანამ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ბევრი გააკეთა და უზომოდ მადლიერები ვართ“- ამბობს ქეთი. როგორც ყველა ახალბედა ემიგრანტს თავდაპირველად, ნიას ოჯახსაც გაუჭირდა უცხო ქვეყანაში სწრაფი ადაპტაცია, თუმცა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ მათ შვილებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონოდათ.
“მატერიალურად არ გვიჭირდა მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ ევროპაში გვეცხოვრა. ჩვენთვის ევროპა ნიშნავს ადამიანის უსაფრთხოებას, მაღალი ხარისხის განათლებას, სიტყვის თავისუფლად გამოხატვას, ძლიერ ოჯახს და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს ქალიშვილს, ნია ხიზანიშვილს: ნია არის 13 წლის. ბავშვობიდან ძალიან აქტიური ბავშვი იყო საქართველოში 5 წლიდან დადიოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე და ქართულ ცეკვაზე. საქართველოში მისი დამრიგებელი ყოველთვის აღნიშნავდა რომ ნია ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო და არაფერზე სჭირდებოდა შენიშვნის მიცემა. 8 წლის ნია ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ მალევე მიუბრუნდა ტანვარჯიშს, სადაც პერსპექტიული სპორტსმენი შეძლებოდა ყოფილიყო. თუმცა როდესაც გუნდში გადაყვანა შესთავაზეს ამ შესაძლებლობით არ დაინტერესდა და მალევე ოჯახს სთხოვა, რომ ძიუდოზე შეეყვანათ. ჩვენი ოჯახი და ნიაც ძიუდოს აქტიური მაყურებელი იყო. ტანვარჯიშს თავი რომ დაანება სულ გვეხვეწებოდა – ძიუდოზე მიმიყვანეთო. ორი წელია, რაც აქტიურად ვარჯიშობს ძიუდოში. დაახლოვებით 20-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. ორგზის Castilla La Manchas- ს გამარჯვებულია. მხოლოდ ერთი წაგება გვაქვს. გასულ წელს გვქონდა ესპანეთის ჩემპიონატი, ჩვენც და მისი მწვთრნელებიც ვფიქრობთ, რომ გამოუცდელობის გამო წავაგეთ. მაშინ პირველი გასვლა იყო ასეთ დიდ ჩემპიონატზე. გული დაგვწყდა, თუმცა ყოველთვის ვერ მოვიგებთ. წაგება მეტ მოტივაციას გვაძლევს. მას შემდეგ აღარ წაგვიგია… წელს 25 ნოემბერს ქონდა ესპანეთის თასის ჩემპიონატი და პირველი ადგილი აიღო. უზომოდ ბედნიერები ვიყავით და ვართ. ყველა მშობელს ვუსურვებთ მსგავსი სიხარულის განცდას – რასაც შვილით სიამაყე ჰქვია.“
ქეთის ყველაზე მეტად ის აბედნიერებს, რომ ნიას წარმატებით ესპანეთს (და არა მარტო) დავანახებთ, თუ ამ პატარა ქვეყნის შვილებს, როგორ შეუძლიათ ესპანეთი ასახელონ, ქართველების საამაყოდ.
“ფიქრობთ ყველაფერი ეს, მიღწევები და მარცხი მისი დიდი წარმატების დასაწყისია…ღმერთის ნებაა ყველაფერი და ჩვენც ღმერთის იმედად ვცხოვრობთ ყოველდღიურად… ბევრი უცნობი და ეხლა კარგად ნაცნობი ადამიანების და ამ ქვეყნის დახმარებით ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ. ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვიჭირდა მაგრამ დღითიდღე ვგრძნობდით რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა. ბევრი კარგი რამე და მათ შორის ადამიანები, ისე ჩნდებოდნენ (როგორც ქართველები ისე ესპანელები) ჩვენს ცხოვრებაში რომ ჩვენც გვიკვირდა – „ეს რითი დავიმსახურეთ?!“. ამ ადამიანებს, მე დღემდე ,,ღმერთისგან გამოგზავნილ” ადამიანებს ვეძახი, რადგან არასოდეს გვითხოვია ისე გამოჩნდნენ და მუდამ ჩვენთან არიან.“
შეკითხვაზე, ამ გადმოსახედიდან, შესაძლებლობა რომ მისცემოდათ – „გამოივლიდნენ თუ არა ემიგრაციის იგივე გზას“, ქეთი გვპასუხობს:
– ალბათ გავივლიდით. ყველაფერი ხომ ღმერთის ნებით ხდება?! ხოდა ღმერთმა უკეთ იცის სად როგორ ვიცხოვროთ! ვფიქრობთ აქ, ესპანეთში ცხოვრებას. რაც შეეხება საქართველოს, ის ჩვენი დედა სამშობლოა. ჩვენი ოცნებაა ერთ დღესაც საქართველოში ჩვენს სახლ-კარს დავუბრუნდეთ ჩვენი შვილებით, უფრო წარმატებულები… გვინდა ჩვენი აქ ცხოვრების გამოცდილება, ენერგია გამოვიყენოთ და ჩვენი სამშობლოს აშენებაში ერთი აგური ჩვენც დავდოთ… რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ, რომ მეტი განათლებით და გამოცდილებით ჩავიდეთ ჩვენს სამშობლოში. აუცილებლად ვეცადოთ, რომ ყველა ემიგრანტი თავის კერას, დედა სამშობლოს, საქართველოს დავუბრუნდეთ. საქართველო არის ქართველების… ჩვენი ქალიშვილი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს ღმერთი აძლევს რაღაც ტალანტს, უბრალოდ უნდა აღმოვაჩინოთ ეს ჩვენში და მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ ნიჭის რეალიზაციაში. დიდი შრომა ჩავდოთ და ღმერთი დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში. პირნათლად ვემსახუროთ ჩვენს პროფესიას, არ აქვს მნიშვნელობა ეს სპორტსმენი იქნება, ხელოვანი, პარლამენტარი, თუ სხვა… ჩვენს მომავალ თაობას ვუსურვებთ რომ გამთლიანებულ საქართველოში ეცხოვროთ, ღვთის წყალობა არ მოკლებოდეთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და გაამთლიანოს. ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი გოგონას ამბებით. ეს მისთვის და ჩვენთვისაც დიდი სტიმულია რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. და ასახელოს კიდევ ბევრჯერ საქართველო.”
ნია სულ ახლახანს ესპანეთის ქართველ ჩემპიონთან, ნიკო შერაზადაშვილთანაც გადაიკვეთა მადრიდში, სადაც მასთან ერთად მოუწია ვარჯიში. რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ბრილიანტების საბადოა, საიდანაც კიდევ უამრავი წარმატებული ქართველი მოგვევლინება. იმედი გვაქვს ნია ხიზანიშვილს, ესპანეთის ჩემპიონის ტატუსითაც მალე ვიხილავთ.
ავტორი: თამარ ბურდული
წყარო: “ქართველები ბარსელონაში”