ოჯახში ხართ დასაქმებული და მეცამეტე ხელფასი, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბრის თვის ხელფასთან ერთად, ან სამუშაო კონტრაქტის დახურვისას ნაზღაურდება, არ გადაგიხადეს?
მეცამეტე ხელფასის მოთხოვნისთვის 3 წელი გაქვთ. თუ ოჯახი პრობლემას გიქმნით და არ სურს თქვენი კუთვნილი ანაზღაურების დაფარვა, უნდა მიმართოთ შემდეგ პროცედურას: საწყის ეტაპზე, დამსაქმებელს უნდა გაუგზავნოთ წერილი, სასურველია თუ ეს იქნება დაზღვეული წერილი (Raccomandata), ან სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტის (PEC) საშუალებით, რათა დაზღვეული იყოთ, რომ წერილი ნამდვილად ჩაბარდა ადრესატს. მიმართვაში დეტალურად უნდა მიუთითო თქვენ მიერ ნამუშევარი თვეების რაოდენობა. ამასთან, აუცილებლად უნდა გქონდეთ რაიმე დამადასტურებელი, რომ თქვენ ნამდვილად იმუშავეთ აღნიშნულ ოჯახში. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, შედეგი არ დადგა, უნდა მიმართოთ “პროფკავშირებს”, ან შრომითი ინსპექციის სამსახურს. ასეთ დროს, ძირითად შემთხვევაში, დამსაქმებელი იხდის დავალიანებას. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდა შეთანხმება, შეგიძლიათ შრომითი უფლებების საკითხზე მომუშავე მოსამართლეს მიმართოთ, რომელიც დამსაქმებელს დავალიანების დაფარვას დაავალდებულებს.
ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: გეკუთვნით თუ არა მეცამეტე ხელფასი იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტის გარეშე, „შავად“ ხართ დასაქმებული ოჯახში?!
პასუხი ცალსახაა – გეკუთვნით! მეცამეტე ხელფასი ეს არის წლიური დამატებითი ანაზღაურება, რომელსაც დამსაქმებელი, სამუშაო სფეროს მიუხედავად, ყველა დასაქმებულ პირს უხდის. იგივე ხდება ოჯახში დასაქმებული პერსონალის შემთხვევაშიც, მაგალითად როგორიცაა მოხუცის მომვლელი, იგივე “ბადანტე”. “ბადანტეს” მეცამეტე ხელფასი ეკუთვნის მიუხედავად იმისა, მას უვადო სამუშაო კონტრაქტი აქვს გაფორმებული, თუ ვადიანი, სრულ განაკვეთზე მუშაობს, თუ ნახევარ განაკვეთიან სამუშაოზე და არ აქვს მნიშვნელობა სამუშაო ხელშეკრულება გაფორმებულია თუ არა.
როგორ გამოვთვალოთ მეცამეტე ხელფასი?
მაგალითად, მომვლელის, იგივე “ბადანტის” მეცამეტე ხელფასი, მისი ყოველთვიური ანაზღაურების ერთი მეთორმეტედია. უფრო კონკრეტულად კი, თუ ხელფასი შეადგენს 800 ევროს, თვეში გამოდის 66.66 ევრო, რომელიც აკუმულირდება და წლის ბოლოს, ან როგორც აღვნიშნეთ სამუშაო კონტრაქტის დახურვის მომენტში, პირს მთლიანი თანხა გადაეცემა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დამსაქმებელმა მეცამეტეს თანხა, შესაძლოა გადაანაწილოს და ეტაპობრივად, ხელფასთან ერთად გადაგიხადოთ.