“გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა!
დიდი და ისტორიული საქმე – ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია იწყება და იწყება მაჩაბლის ბრწყინვალე დარბაზის აღდგენით. პროცესი სამშენებლო კომპანია “ანაგის” ის მხარდაჭერით განხორცილედება. ეს არის გაზაფხულის დიდი შეთანხმებების ერთი შედეგი და წიგნის მოყვარულთათვის საახალწლო საჩუქარი,” – ამის შესახებ პოეტი და პროზაიკოსი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.
გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია. როგორც ErmesTV-თან საუბარში გიორგი კეკელიძემ განაცხადა, დარბაზში, რომელიც 2007 წლიდან უფუნქციოა, სამუშაოები დაახლოებით ერთ წელს გასტანს და იგი რეაბილიტაცია-რესტავრაციის ყველა წესის დაცვით, პირვანდელი სახით აღდგება.
ცნობისათვის: ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზი მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში, რომელიც თავის დროზე ცნობილმა არქიტექტორმა ანატოლი კალგინმა ააშენა (1912-1916 წ.წ.) როგორც პირველი ქართული ბანკის შენობა. შენობა ნაგებია ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებითა და ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან (მათ შორის ტაო-კლარჯეთის ძეგლებიდან) აღებული არქიტექტურული მოტივებისა და ორნამენტების გამოყენებით – ეკლექტიკური სტილით. ანატოლი კალგინი იყო ტაო-კლარჯეთში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ცნობილი ექსპედიციის წევრი და სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეისწავლა იქაური ქართული არქიტექტურა. ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზი თავის დროზე ბანკის საოპერაციო დარბაზი იყო, საიდანაც ოქროს საცავის (სეიფის) რკინის კარიც კი ჩანდა. დღეს აქ იშვიათ გამოცემათა ფონდია განთავსებული, იქვე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი. დარბაზის აკუსტიკა დაბალი იყო, რომ მეანაბრეებთან კონფიდენციალური საუბრები გამართულიყო. მას შემდეგ, რაც შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა, სიჩუმით გამორჩეულ ამ დარბაზში მდებარეობდა სამკითხველო მეცნიერთათვის (მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიზნით), ასევე პერიოდული გამოცემების სამკითხველო დარბაზი.