ფლორენციაში, დანტე ალეგიერის სახლ-მუზეუმში 16 დეკემბერს ტრადიციისამებრ გაიხსნა საშობაო გამოფენა. წელს, სახლ-მუზეუმი განსაკუთრებულ თარიღს, დანტე ალეგიერის საზოგადოების დაარსებიდან 180-ე იუბილეს აღნიშნავს. რომელშიც ამჯერად ქართველი ემიგრანტი ხელოვანი, მზია მაკალათია მონაწილეობს, რომელიც ბისერებით მოქარგული ნამუშევრებით არის წარმოდგენილი.
მზია მაკალთია პროფესიით ხელოვნებათმცოდნე-რელიგიათმცოდნე, და სერთიფიცირებული არტთერაპევტია. იტალიაში პირველად 2018 წელს აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ მისმა პროფესიამ განაპირობა. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში რადგან, ვერ გადალახა სამშობლოსთან განშორება. 2022 წელს კვლავ დაბრუნდა იტალიაში სხვა მიზნებითა და შემართებით. ბისერებით ქარგვა პანდემიის პერიოდში დაიწყო და მას შემდეგ, ერთი დღითაც არ შეუწყვიტავს.
მზია მაკალათია: „მოგესალმებით და მოგილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელიწადს!
გამოფენის წინაპირობა იყო, ჩემი ნამუშევრების განხილვა კომისიის მიერ. 18.11.23. ბატონმა ჯუზეპე კავალომ მაუწყა დადებით პასუხი და გამოფენის თარიღი. არტ გალერიის პრეზიდენტი გახლავთ ფრანკო მარგარი. გამოფენის თემა თავისუფალი იყო, ჩემი ინიციატივით, მოვქარგე ორი ანგელოზი – „გაბრიელ მთავარანგელოზი“ , ვინც ყოვლადწმინდა ქალწულს და მასთან ერთად მთელ ქვეყნიერებას ახარა ძე ღვთისას განხორციელება და „შობის ანგელოზი“, ანგელოზი, რომელმაც ქრისტეს შობისას იგალობა ,,დიდება მაღალია შინა ღმერთსა და კაცთა შორის სათნოება“.
ამგვარად აღმოვჩნდით მე და ჩემი ანგელოზები დანტე ალეგიერის საგამოფენო დარბაზში, იტალიელ ხელოვანებთან ერთად, რითაც მომეცა საშუალება ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო ჩემი ნამუშევრები, რაც ყველა ხელოვანისთვისთვის მნიშვნელოვანია.“
გამოფენა 11 იანვრამდე გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალია. დამთვალიერებელებს საგამოფენო ნიმუშების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. მის: Via Santa Margherita 1.