მეტეოროლოგები, კათოლიკური შობის კვირას იტალიასა და ზოგადად ევროპაში, წლის ამ პერიოდისათვის დამახასიათებელზე მაღალ ტემპერატურასა და მზიან ამინდს ვარაუდობენ. ტემპერატურა, გასულ წლებთან შედარებით, ჩვეულებრივზე მინიმუმ 10 გრადუსით მეტი იქნება.
ეს მდგომარეობა გამოწვეულია სუბტროპიკული ანტიციკლონით, რომელიც ატლანტიკის ოკეანიდან მოემართება ევროპის მიმართულებით. კვირის მეორე ნახევარში, ტემპერატურა შედარებით დაიწევს, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. აღნიშნული მეტეოროლოგიური პროგნოზი გავრცელდება იტალიის ყველა რეგიონზე გარდა სიცილიისა, სადაც ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი.
ანტიციკლონის მოქმედება სავარაუდოდ გავრცელდება კათოლიკურ შობამდე. კვირის ბოლოს, იტალიის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში, ტემპერატურა დაახლოებით 15 გრადუსი იქნება, კუნძულებზე 20 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო ჩრდილოეთ რეგიონებში – 10 გრადუსამდე, რაც გასულ წლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.