იტალიის ქალაქ-მუზეუმად წოდებულ ფლორენციაში, თეატრ „ავრორაში“ (სკანდიჩი), 12 ნოემბერს, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ სამრევლო ტაძართან არსებული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ნანილას“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართველ ემიგრანტ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა სამრევლოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელისა და მხატვარ რეზო ჭეიშვილის ორგანიზებით. ჩვენ გამოფენის თითოეულ მონაწილეს უფრო ახლოს გაგაცნობთ და აქვე დავსძენთ, რომ ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი ERMES.TV ყოველთვის აქტიურად დაუთმობს სივრცეს, ყველა იმ ემიგრანტს და იმ ხელოვანს, რომელსაც საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა სურს.
რეზო ჭეიშვილი (1981 წ. ფოთი), დაამთავრა სახვითი ხელოვნების აკადემია და ასევე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი. აკადემიაში სწავლის დროს და შემდგომ პერიოდშიც მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ გამოფენაში. 2007-2009 წლებში მუშაობდა რესტავრატორად. მონაწილეობდა საქართველო ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის სარესტავრაციო სამუშაოებში. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. 2010 წლიდან ცხოვრობს ოჯახთან ერთად და მუშაობს იტალიის ქალაქ ფლორენციაში. 2013-2014 წლებში მუშაობდა რესტავრატორად ქალაქ ფლორენციაში. მონაწილეობა აქვს მიღებული Museo Nazionale del Bargello-ში მდებარე Donatello-ს ქანდაკებების და სხვა მარმარილოსა თუ კერამიკის და სპილოს ძვლისაგან დამზადებული ექსპონატების რესტავრაციაში. ასევე იმუშავა Basilica di Santa Croce-ში მდებარე მარმარილოს ქანდაკებების რესტავრაციაზე. ამჟამად, მუდმივი გამოფენის ადგილი აქვს ქ.ფლორენციაში, ღია სივრცეში, სადაც საკუთარი ნამუშევრების რეალიზებას ახდენს. ემზადება პირველი პერსონალური გამოფენისათვის, სადაც საკუთარი პირველი ალბომის პრეზენტაციასაც მოახდენს.
ლიზა ოთარაშვილი (1971 წ. თიანეთის რაიონი), ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელნაკეთი ნივთების შექმნით, ქსოვდა ყაისნაღით, კერავდა, ან ვქარგავდა. 2006 წლიდან დაინტერესდა თექის დამზადების ტექნოლოგიით. იმ პერიოდში ძალიან ინტენსიურად მუშაობდნენ თექაზე. საქართველოში გაიარა თექაზე მუშაობის რამდენიმე მასტერკლასი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გააგრძელა სწავლა და აქტიურად დაიწყო თექაზე მუშაობა. საქართველოში მონაწილეობდა არტ გენზე გამოფენებში. ასევე მცხეთასა და თიანეთში თიანეთობის აღსანიშნავ ღონისძიებებზე.მისი ნამუშევრები იყიდებოდა თბილისის აეროპორტის მაღაზიებში. 2012 წელს გადავიდა იტალიაში, პულიაში, ქალაქ პოლინიანი დი მარეში. 2016 წელს ქალაქ ბარის მერის არჩევნების პერიოდში, ერთ-ერთი კანდიდატის ინიციატივით ჩატარდა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი კულტურა და მათ შორის იყო ლიზაც. შემდეგ ისევ ბარიში ასოციაცია “ფესვების” მიერ იქნა ორგანიზებული საქართველოს დღეები და აქაც მიიღო მონაწილეობა. 2017 წლიდან ხოვრობს ტოსკანაში და პერიოდულად, სხვადასხვა ეროვნულ ღონისძიებებშია წარმოდგენილი საკუთარი ნამუშევრებით.
მარიამ კაკალაშვილი (1999 წ. ახმეტა), უკვე სამი წელი ხდება რაც იტალიაში ცხოვრობს. 12 ნოემბერს, ფლორენციაში გამართულ ღონისძიებაზე, საშუალება, რომ საკუთარი ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ეპოქსიდისგან კეთდება, ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. ამ საქმით 6-7 თვის წინ დაინტერესდა. შემთხვევით აღმოაჩინა ინტერნეტში და პირველი ვიდეოს ნახვისთანავე შეუყვარდა, რადგან როგორც თავად ამბობს, მის ხასიათს ჰგავს, რადგან არასდროს იცის რა უნდა. ეპოქსიდის კეთების პროცესიც ასეთია…. მიახლოებით შეიძლება წარმოიდგინო რისი გაკეთება გსურს, მაგრამ საბოლოო შედეგს ვერასდროს წარმოიდგენ და ასევე იმიტომ უყვარს ეს საქმე რომ ორი ერთნაირი ნივთი არასდროს გამოდის, ყველა ნივთი ერთმანეთისაგან განსხვავდება, წამები და გრამები უზუსტესას გაზომო… უნდა აღვნიშნოთ, რომ მარიამი ამ საქმეში მარტო არ არის და უახლოეს მეგობარ სალომე მესაბლიშვილთან ერთად მუშაობს, რომელიც ქალაქ ბარში იმყოფება და სამწუხაროდ აღნიშნული გამოფენისთვის ვერ მოახერხა ჩამოსვლა… მათ ერთად ჩამოაყალიბეს Sama’s art studio, თითოეული ნამუშევარი დიდი დროს და ენერგიას მოითხოვს, ამ ყველაფერს კი ერთმანეთის გამხნევებით ართმევენ თავს. ეს მათთვის პირველი გამოფენა იყო, რომლისგანაც უდიდესი გამოცდილება და უამრავი დადებითი კომენტარი მიივიღეს. შემდეგ გამოფენას რაც შეეხება გვპირდებიან, რომ აუცილებლად შედგება როგორც ტოსკანაში, ასევე იტალიის სხვა რეგიონებშიც.
ირმა დემეტრაშვილი (1979 წ. თბილისი) დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2004 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მუშაობდა კერძო სკოლა “ჯეჯილში”. პარალერულად ეუფლებოდა ტიხრული მინანქრის ხელობას. 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს ამ სფეროში. ტიხრული მინანქრით დაინტერესების ბიძგი საკუთარი თავის გამოცდის სურვილმა მისცა. მისი მთავარი ამოცანა ფერებით თამაში იყო, რომელსაც ეს ტექნიკა იძლეოდა. ქართულ ტრადიციულ მინანქარს მის შემოქმედებაში მკვეთრი გავლენა აქვს. ირმა ქმნის ვერცხლის სამკაულებს როგორც ტიხრული მინანქრის აქცენტებით, ასევე ძვირფასი ქვებითა თუ ბიჟუტერიის დეტალებით. 2022 წლიდან იმყოფება იტალიაში, ქალაქ რომში. 2023 წლის 12 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ქართველ ხელოვანთა გამოფენაში, რომელიც ანსამბლ “ნანილას” 10 წლის იუბილეს უძღვოდა წინ. გამოფენაზე მან მინანქრისა და ვერცხლის ნაკეთობები წარადგინა. იმედი აქვს, რომ შეძლებს იტალიას გააცნოს ქართული ტიხრული მინანქარი.
მზია მაკალთია (1979 წ.თბილისი), პროფესიით ხელოვნებათმცოდნე-რელიგიათმცოდნე, სერთიფიცირებული არტთერაპევტი. იტალიაში პირველად 2018 წელს აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ მისმა პროფესიამ განაპირობა. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში რადგან, ვერ გადალახა სამშობლოსთან განშორება. 2022 წელს კვლავ დავბრუნდა იტალიაში სხვა მიზნებითა და შემართებით. ბისერებით ქარგვა პანდემიის დროს დაიწყო და მას შემდეგ, ერთი დღითაც არ შეუწყვიტავს. ინსპირაციის ძირითადი წყაროა ანგელოზები, მათთან შეხება დიდ სულიერ ბედნიერებას ანიჭებს, თუმცა აქსესუარების დამზადებაც იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. გასულ წელს, ფლორენციაში ჩატარდა „ყოველთა ქართველთა კონგრესი” და ხელოვანებს მიეცათ საშუალება წარედგინათ ნამუშევრები. გამოფენას ხელმღვანელობდა ნინა სიბოშვილი. ამჯერად, ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებულ ანსამბლ ,,ნანილას” 10 წლის საიუბილეო კონცერტზე, რეზო ჭეიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბისერით ქარგული ხატები წარმოადგინა. იმედოვნებს, რომ ხელოვანებს მომავალში მეტი შესაძლებლობა მიეცემათ როგორც პროფესიული ზრდის, ასევე თავის წარმოჩენის.
ნონა ხონელიძე (1970 წ. ქუთაისი), საკუთარი ხელებით რაღაცის შექმნა ყოველთვის უყვარდა, თუმცა არასდროს უფიქრია ამაზე სერიოზულად და მითუმეტეს არ წარმოედგინა, თუ თავს მსგავს ხელობაში იპოვიდა. ფერადი ქვებით ტყავის და თექის მორთვა, მისთვის, იმდენად სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესი აღმოჩნდა, რომ საათები ისე გადის, ვერ აცნობიერებს. ხშირად თავზეც დასთენებია… როგორც თავად ამბობს, მის მიერ შექმნილი ნივთები, მხოლოდ მასზე არ მეტყველებს, არამედ მათზეც ვინც მათ შეიძენს, რადგან აქსესუარებს ხომ ბევრის თქმა შეუძლია ადამიანზე. უკვე ორი წელია ემიგრაციაშია და მისი საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებს. გასულ წელს, პირველად აჩვენა ფართო საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები, ხოლო წელს, რეზო ჭეიშვილის მიწვევით, კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა. მსგავსი ღონისძიებები და საზოგადოების დადებითი უკუკავშირი უბიძგებს კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმოს ამ საქმეს, განვითარდეს და არასდროს დაკარგოს მოტივაცია
ლალი ბერიძე (1973 წ. თბილისი), უკვე 7 წელია ემიგრაციაშია. ხელოვნება და მხატვრობა მისი პროფესია. დამთავრებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სამხატვრო სასწავლებელი, ფერწერის ფაკულტეტი და სამხატვრო აკადემიის ქსოვილების ფაკულტეტი. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა ნაქარგი ხატები ღვთისმშობელი მვედრებელი და მაცხოვარი ხელთუქმნელი, რომლებიც შესრულებულია აბრეშუმის მასალით, ასევე მუშაობს სხვადსხვა დეკორატიულ თანამედროვე სტილში. აკეთებს აქსესუარებს. სამომავლოდ არაერთი საინტერესო იდეა აქვს. სურს განსხვავებული სახით, საინტერესო და კარგი განწყობა მიანიჭოს ფლორენციელ ემიგრანტებს.
ნინა მამუკაძე
ფლორენცია | იტალია