იტალიის ქალაქ-მუზეუმად წოდებულ ფლორენციაში, 12 ნოემბერს, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ სამრევლო ტაძართან არსებული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „ნანილას“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. რომელსაც თითქმის ყველა, მოქმედი თუ ყოფილი წევრი ესწრებოდა, რომელთაც სამადლობელი სიგელები გადაეცათ. ნანილას მრავალფეროვანი ისტორიის ანგარიშზე არაერთ საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვება და საქველმოქმედო კონცერტია. ანსამბლს, ამჟამად, ქორეოგრაფი რიტა სიმსივე და მუსიკალური ხელმძღვანელი, ანსამბლის სოლისტი მაია სიმონიშვილი უდგანან სათავეში სპეციალურად ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოდან იტალიაში ჩავიდა ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი მაკა მონიავა, ხოლო ყოფილმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ნანა ჩიხიაშვილმა დარბაზს დისტანციურად მიმართა. კონცერტს ასევე ესწრებოდა იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.
იუბილეს განსაკუთრებული ელფერი შესძინა და დიდი ოვაცია დაიმსახურა ფლორენციის ქართულ ტაძართან არსებული საკვირაო სკოლისა და ემპოლის „ნანილას“ სტუდიის აღსაზრდელების მონაწილეობამ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართველ ემიგრანტ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა სამრევლოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელისა და მხატვარ რეზო ჭეიშვილის ორგანიზებით.
ანსამბლი, 2013 წლის სექტემბერში, დასავლეთ ევროპის ეპარქიის, მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას კურთხევითა და ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ-მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა, რომელიც ფლორენციაში საპატრიარქოს მიერ 2 წლით ადრე იქნა მივლენილი და მიუხედავად მრავალი სირთულისა, შეძლო არამხოლოდ ქართული-წირვა ლოცვის გაჟღერება, არამედ ქართული კერის შექმნა უცხო მიწაზე. რისი ნათელი მაგალითიც არის 12 ნოემბრის ღონისძიება.
“ნანილამ” არსებობის ათი წლის მანძილზე გარშემო შემოიკრიბა არა მარტო ქართველი ემიგრანტები, არამედ იტალიელები, რომელთათვისაც საქართველო, თავისი კულტურით და ისტორიით მეორე სამშობლოდ გადაიქცა. ანსამბლი უცხო მიწაზე სწორედ ის ხიდი და უმნიშვნელოვანესი ძაფია ემიგრანტებსა და სამშობლოს შორის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოეთშ მცხოვრები ქართველებისთვის.