ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
წმინდა საყდართან და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან საქართველოს საელჩოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ აჭარის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენასა და მისი ხსოვნის უკვდავყოფას, საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენას, უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით მექვაბიშვილმა, აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, პონტიფიკური აღმოსავლეთის ინსტიტუტის კანცლერმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ.
ასევე, მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შეხვედრებს რომის პაპებთან – იოანე პავლე II-სა და ფრანცისკესთან, საქართველოში მათი ვიზიტების დროს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა.
წყარო: https://www.facebook.com/share/p/1MEeL13A5p/?mibextid=wwXIfr






















































