იტალიის ქალაქ უდინეში, პოლიციამ საქართველოს 22 წლის მოქალაქე დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და შეურაცხყოფაშია ბრალდებული. ინფორმაციას, ოფიციალური წყაროდან ვიგებთ.
შემთხვევა დელ პარტიდორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მას შემდეგ მივიდა, რაც სარკინიგზო პოლიციის თანამშრომლებმა დახმარება მოითხოვეს. მათი ინფორმაციით, ახალგაზტდა მამაკაცი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, აგრესიულად იქცეოდა და ბარის სხვა კლიენტებს აწუხებდა.
პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე მამაკაცი კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, მოგვიანებით კი ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა და მათთვის მუშტებისა და წიხლების დარტყმას ცდილობდა.
როგორც ირკვევა, იგივე პიროვნებამ რამდენიმე საათით ადრე, სხვა სამართალდამცველი უწყების თანამშრომლებსაც შეუქმნა პრობლემები, ქალაქის სხვა უბანში.
მდგომარეობის გამწვავებისა და ბარში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების გათვალისწინებით, პოლიციამ გამოიყენა ელექტროშოკური მოწყობილობა – Taser X2. 22 წლის მამაკაცი დააკავეს და მოგვიანებით შინაპატიმრობაში გაამწესეს, სასამართლო პროცესის მოლოდინში.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲙᲐᲠᲐᲑᲘᲜᲔᲠᲔᲑᲛᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲨᲝᲙᲘᲡ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲐᲙᲐᲕᲔᲡ





















































