ჰობი და პროფესია – როგორ შეიძლება საკუთარი ჰობი პროფესიად აქციო და შენი სამსახურით მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, 29 წლის ანანო ხოფერია, ლანჩხუთიდან, ამის ნათელი მაგალითია. როგორ შეძლო ანანომ ის, რომ მოგზაურობა პროფესიად გარდაქმნა და როგორ მოხვდა მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ საკრუიზო კომპანიაში (Norwegian cruise line) ამის შესახებ თავად გვიამბობს.
ანანო ხოფერია: ოცი წლის წინ, პატარა ანანოსთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რა უნდოდა, გეტყოდათ, რომ წასვლა ენდომებოდა იმ სოფლიდან, იმ ქალაქიდან, იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდა. არა იმიტომ, რომ არ უყვარდა ის ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა, უბრალოდ ეპატარავებოდა. ჩვენსკენ რომ იტყვიან, “გამჩენი არ ასვენებდაო” (გურული ვარ) ზუსტად ეგ მჭირდა.
…და ოცი წლის მერეც არ “მასვენებს გამჩენი”. ერთი კვირის წინ, კარიბის ზღვის ქვეყნების მზეს ვეფიცხებოდი; რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკი დავტოვე; მეოთხედ გადავცურე ატლანტის ოკეანე; დღეს პორტუგალიაში ვარ; ხვალ ესპანეთში; ზეგ იტალიაში და ასე გავაგრძელებ… მე გადმოვცურავ ოკეანეს, ზღვებს და გადავლახავ ცხრა მთას… და თუ დღეს ჰკითხავთ ანანოს, ისევ ისე გიპასუხებთ, რომ ეს სამყაროც ეპატარავება…

– როგორ მოხვდით მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ საკრუიზო კომპანიაში?
– ძალიან მიყვარს ზღვა და სულ პატარა ვიყავი რომ ვამბობდი, ნეტა ბიჭი ვყოფილიყავი, მეზღვაური ვიქნებოდი-მეთქი. როგორც კი შანსი მომეცა იმისა, რომ გემზე მემუშავა, გამოვიყენე. პანდემიის დროს ვმუშაობდი ალბანეთში და როგორც იცით პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა. მათ შორის კრუიზებმაც შეწყვიტეს ზღვაში გასვლა. შესაბამისად, ძალიან ბევრმა დაიწყო მუშაობა ხმელეთზე. ამ დროს ალბანეთი იყო ის ქვეყანა სადაც რეგულაციები ნაკლებად მოქმედებდა. სასტუმრო-კაზინო ჯერ კიდევ მოქმედებდა. სწორედ იქ შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს ვინც მუშაობდა კრუიზზე. მათ შორის მენეჯერებსაც. რომლებმაც რეკომენდაცია გამიწიეს საკრუიზო კომპანიაში. არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანია. რომელიც საკრუიზო ბაზარზეა 1966 წლიდან და დაარსდა ნორვეგიაში. რა თქმა უნდა გავიარე არაერთი ონლაინ ინტერვიუ. ჯერ ევროპულ სააგენტოსთან და შემდეგ უკვე მაიამის ოფისთან. როგორც კი ამიყვანეს გამომიგზავნეს მოწვევა და ასე ავიღე ამერიკის ვიზა. ჩემს პირველ კონტრაქტზე ერთადერთი ქართველი ვიყავი. თავიდან რა თქმა უნდა არ იყო შეგუება მარტივი აქაურ ცხოვრებასთან.
– როგორია თქვენი ცხოვრება გემზე?
– განსაკუთრებით მიჭირდა პატარა, უფანჯრო ოთახში სამ გოგოსთან ერთად ცხოვრება, მაგრამ იმ სიამოვნებისთვის რასაც ახალი ქვეყნის სტუმრობისას ვიღებდი, მიღირდა. თუმცა, მაინც გადავწყვიტე აღარ დავბრუნებულიყავი. მოკლედ, გემზე გატარებული ცხრა თვის შემდეგ დავუბრუნდი ბათუმს. და არც თუ ისე დიდი დრო დამჭირდა იმისთვის რომ გემზე დაბრუნების სურვილი გამჩენოდა. მოკლედ, ორ თვეში ისევ ამოვედი გემზე. NCL-ს ჰყავს 19 გემი და ძირითადად ყველა კონტრაქტი სხვადასხვა გემზე მაქვს. ყველაზე პატარა გემი არის 13 სართულიანი და სულ იტევს 3000-მდე მგზავრს. ხოლო ყველაზე დიდი გემი 6000-მდე მგზავრს. უმეტესად, ერთადერთი ქართველი ვარ ხოლმე. მაგრამ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, თითქმის მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რაც რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოს ხდის ჩემს ცხოვრებას გემზე. სიმართლე გითხრათ, არ არის მარტივი აქ ცხოვრება. როგორც გითხარით მთელ კონტრაქტს ვატარებ უფანჯრო კაიუტაში. მაგრამ, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ესაა ყოველდღე გემიდან გასვლა. ზოგადად ბავშვობიდანვე აქტიური ვარ, მიყვარს ცეკვა, ცურვა, გარეთ სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, სკუტერის ტარება. რაც ყველაზე ეფექტური საშუალებაა ახალი ადგილების დასათვალიერებლად. განსაკუთრებით კუნძულებზე. ზაფხულში ძირითადად ვარ ევროპაში. ხოლო ზამთარში გადავცურავთ ატლანტის ოკეანეს და ძირითადად ვცურავთ ამერიკის პორტებიდან მექსიკა-კარიბის ზღვის ქვეყნებში.

– გვიამბეთ უშუალოდ თქვენს პროფესიაზე…
– როგორც გითხარით, კაზინოში ვმუშაობ. ვიფიქრე დეპარტამენტის შეცვლაზეც. ზოგადად, ძალიან მიყვარს სიახლეები. სულ ვეძებ რამეს რომ ვისწავლო, შესაბამისად აქ ვიფიქრე სხვა რამის სწავლა. მაგრამ კაზინო არის ერთადერთი დეპარტამენტი სადაც გაქვს გაცილებით მეტი თავისუფალი დრო. ე.ი როდესაც პორტს ვუახლოვდებით კაზინო აუცილებლად უნდა დაიკეტოს. ანუ ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული კანონი, თუ რამდენი კილომეტრის მოშორებით უნდა დაკეტოს ყველა ის დეპარტამენტი სადაც ხდება გაყიდვა, ანუ ფულის გამოყენება იკრძალება. მაგ: დუტი ფრიი, ყველა მაღაზია რაც კი გემზეა, ყველაფერი იკეტება. მხოლოდ საერთაშორისო წყლებში ვიხსნებით. შესაბამისად, დღისით როცა ვართ პორტში, მე თავისუფალი ვარ და რა თქმა უნდა, გავდივარ გარეთ. მაგრამ, როგორც კი გემი ტოვებს პორტს, კაზინოც იხსნება და მეც ვმუშაობ. ხანდახან მთელი ღამე, დილამდეც. ოფიციალურად, ცხრა თვის მანძილზე, ერთი დღეც არ მაქვს დასვენება. და როცა შვებულებაზე ჩამოვდივარ, გემის ცხოვრების რიტმს მიჩვეული, მანდაც ვერ ვისვენებ. სულ რაღაც ახალს ვპოულობ და ვსწავლობ.
ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. ახლა დავიწყე პატარა ვიდეოების გადაღება. როცა რაღაცის გაკეთებას ვიწყებ, მთელ გულს და სულს ვატან და იმის გამო, რომ ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, არ მინდოდა ისეთი ვიდეოების დადება, სადაც “ხელს დავაკლებდი”. ვლოგერობის და პროფესიონალიზმის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ისე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვტვირთავ ხოლმე ლამაზ ვიდეოებს.

– როცა გემზე არ ხართ, როგორ როგორ გაგყავთ დრო?
– რაც შეეხება გემიდან გასვლას, ძირითადად მარტო გავდივარ ხოლმე. მყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ არასაკმარისად გიჟები არიან. ევროპა მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა, მაგრამ კარიბის ზღვის კუნძულების რა მოგახსენოთ… ძირითადად გემის მენეჯმენტიც გვირჩევს ხოლმე ავიღოთ ტური და ჯგუფთან ერთად გავიდეთ. მინიმუმ მეგობრებთან ერთად და რა თქმა უნდა, გემიდან შორს არა. რადგან ყველა პორტში გვაქვს განსაზღვრული დრო გემზე ამოსვლისთვის. დაგვიანების შემთხვევაში, ვიღებთ წერილობით გაფრთხილებას, რომელიც არის საბოლოო და კიდევ ერთხელ გემის წესების დარღვევისას, ავტომატურად გიშვებენ სახლში. გემს აქვს თავისი წესები, ზოგადად ყველა კომპანიას და გემს აქვს განსხვავებული, მაგრამ ძირითადი წესები მაინც ერთი და იგივიეა. გვაქვს დრესკოდი. აუცილებელია გეცვას დახურული ფეხსაცმელი, გეკეთოს საიდენტიფიკაციო ჟეტონი და ა. შ.
– საინტერესოა ქართველებს თუ ხვდებით ? თუ იციან რომ საქართველოდან ხართ?
– უმეტესად, ერთი ქართველი ვარ ხოლმე გემზე და ძალიან იშვიათად ვხვდები ქართველს, ვინც სამოგზაუროდ ამოდის.

ნეტო ბენდელიანი
ასევე დაგაინტერესებთ: მარიამ გურგენიშვილი – გემის პირველი მექანიკოსი ქართველი ქალი






















































