თურქეთში, ართვინში, გევერნიკის (არტანუჯი) ციხე-სიმაგრეში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის საფლავი იპოვეს. ასევე ნაპოვნია სამზარეულოს ნივთები, წყალსაცავი, მონეტები და კერამიკის ნივთების ნაშთები.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ არქეოლოგიურმა ჯგუფმა, რომელსაც არქეოლოგი ოსმან აითექინი ხელმძღვანელობს, მიმდინარე წელს სამუშაოები ციხესიმაგრეში არსებულ პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოა.
პროფესორმა ოსმან აითექინმა აღმოჩენის შესახებ თურქულ სააგენტო “ანადოლუსთან” ისაუბრა. აითექინმა აღნიშნა, რომ გათხრები მინიმუმ 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ციხესიმაგრე, რომელიც მე-5 საუკუნეში აშენდა და მე-9 საუკუნეში ბაგრატოვანთა მეფის, აშოტ დიდის მიერ აღდგენილ იქნა და მას ქალაქის ნაწილი დაემატა, ისტორიაში მნიშვნელოვანი დასახლება იყო. მისი თქმით, დადგინდა, რომ მმართველი კლასი და მათი ოჯახები ციხის შიგნით ცხოვრობდნენ, ვაჭრები და შეძლებული ფენა კი გალავნით გარშემორტყმულ ქალაქის ნაწილში, სადაც ასევე განთავსებული იყო მავზოლეუმი, აბანო, ეკლესია და წყარო (შადრევანი).
თურქული არქეოლოგიური ვებგვერდის, arkeolojikhaber-ის შეფასებით, მრავალშრიანი შუა საუკუნეების კულტურული არტეფაქტები კიდევ ერთხელ ავლენს ციხის, როგორც სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრის, სტრატეგიულ მნიშვნელობას. კვლევებმა დაადგინა, რომ მმართველი კლასი და მათი ოჯახები შიდა ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და მდიდარი პირები – გალავანშემორტყმულ ქალაქში
ოსმან აითექინის განცხადებით, გათხრების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა აშოტ დიდის სამარხია, რომელიც ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო ფიგურა იყო. მისი თქმით, „ქართლის ცხოვრებაში“ არსებულ ინფორმაციაზე დაფუძნებულმა კვლევამ ეკლესიის აფსიდის ქვეშ 2 მეტრი სიგრძისა და 1,8 მეტრი სიგანის თაღოვანი სამარხი აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ კამერაში არც სხეულის და არც ძვლების ნაშთები არ აღმოჩნდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობის შესახებ სამეცნიერო კვლევებში. როგორც arkeolojikhaber წერს, გათხრების დასრულების შემდეგ, მიზანია, გევჰერნიკის ციხე არა მხოლოდ არქეოლოგიურ ძეგლად, არამედ ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობადაც იქცეს.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲛᲝᲖᲐᲠᲓ ᲛᲐᲧᲣᲠᲔᲑᲔᲚᲗᲐ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ “ᲛᲖᲘᲐᲜ ᲒᲣᲚᲡ” ᲩᲐᲘᲢᲐᲜᲡ






















































