ქართველი ექიმი იტალიაში – ემიგრაციაში წარმატების მიღწევა ყოველთვის სცილდება პირად მიღწევას – ის იქცევა შთაგონების წყაროდ, სიამაყის საფუძვლად და ხშირად ხიდად, ორ ქვეყანას შორის.
სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითს წარმოადგენს თეა მაღრაძის პროფესიული და ადამიანური გზა – ქართველი ფიზიატრი, რომელმაც არამარტო უცხო მიწაზე დაიმკვიდრა თავი, არამედ მედიცინის რთულ და მოთხოვნად სფეროში გაიკვლია გზა იტალიაში და დიდი ძალისხმევის შედეგად საკუთარი კლინიკაც გახსნა, რომელიც დღეს მრავალი პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

დღეს ის ტოსკანაში წარმატებული კლინიკის მფლობელია, რომელიც მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მრავალპროფილური მომსახურებით გამოირჩევა – ოზონოთერაპიიდან დაწყებული, ფიზიოთერაპიითა და ესთეტიკური მედიცინით დასრულებული. მიუხედავად უამრავი ბარიერისა — ენობრივი, ბიუროკრატიული თუ კულტურული, მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ქართული ძალა, ნიჭი და მიზანსწრაფულობა საზღვრებს არ ცნობს და რომ შრომით და რწმენით ყველაფერი შესაძლებელია.
– როდის მიიღეთ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება, თავიდანვე იყო მიზანი იტალიაში სამედიცინოზე ჩაბარება და კლინიკის გახსნა, თუ შემდგომ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
– ემიგრაციაში წამოვედი 2008 წელს, მქონდა სურვილი გამეგრძელებინა სამედიცინო განათლება იტალიაში. რაც შეეხება კლინიკის გახსნას ეს თავიდან ვერც კი წარმომედგინა. წლების შემდეგ დავიწყე ამაზე ფიქრი, თუმცა, იმ დროს, ოცნება უფრო იყო ვიდრე რეალური მიზანი.
– როგორ გაიხსენებთ ემიგრაციის პირველ პერიოდს?
– ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა ჩემი ოჯახისგან შორს ყოფნა, ენის ბარიერი, უცხო გარემო და კიდევ ბევრი ნიუანსი, რომელიც ემიგრაციის განუყოფელი ნაწილია სამწუხაროდ.
– რამდენად რთულია იტალიაში სამედიცინო განათლების მიღება, განსხვავდება საქართველოს სისტემისგან?

– იტალიაში, ისევე როგორც ზოგადად ევროპაში, საკმაოდ რთული აღმოჩნდა სამედიცინო კარიერის გაგრძელება. მე ფლორენციაში გავიარე ყველა ის ეტაპი, რაც საჭირო იყო სამედიცინო კარიერის გაგრძელებისთვის. ძალიან გამიჭირდა… სულ სხვა სისტემა დამხვდა, ჩვენგან განსხვავებით. აქ უამრავი დრო ეთმობოდა პრაქტიკას და შედარებით ნაკლები საათები იყო თეორია. საუნივერსიტეტო კლინიკაში (კარეჯი) შევდიოდი დილის 8 საათზე და იქიდან ვბრუნდებოდი საღამოს 19.00 საათზე. იქვე ვსადილობდი… იყო კლინიკაში დარჩენის ვალდებულებებიც. რთული იყო, მაგრამ არაფერია შეუძლებელი, თუ მოინდომებ.
– როგორ შეძელით იტალიაში კლინიკის გახსნა, ეს ხომ ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია.
– წლების შემდეგ გადავწყვიტე გამეხსნა ჩემი საკუთარი კლინიკა. ამაში უზომოდ დიდი შრომა ჩავდე. ჯერ მარტო ბიუროკრატიული თვალსაზრისით ჯოჯოხეთია… ძალიან დიდი დრო სჭირდება და აუარება დეტალია გასათვალისწინებელი, უამრავი აუტორიზაციაა საჭირო. ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ მიზანს მივაღწიე.
– კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენი სპეციალიზაცია და რა პროცედურები გაქვთ კლინიკაში?
– მე ფიზიატრი ვარ (ფიზიკა და რეაბილიტაცია), ძირითადად ხერხემლის და სახსრების პათოლოგიებზე ვმუშაობ. ჩემი კლინიკა აკრედიტირებულია ოზონო თერაპიაზე, შევიძინე ბოლო თაობის 2024 წლის აპარატი (ოზონო თერაპიისთვის). ვაკეთებთ ასევე ჟანგბადით სისხლის გაჯერებას და მის გადასხმას, გვყავს ასევე ფიზიოთერაპევტი. გვყავს ექიმი ბიოლოგ – ნუტრიციონისტი, გვაქვს ესთეტიკური თერაპია (პლასტიკური ქირურგი), კეთდება გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟი და ა.შ.
– შთამბეჭდავი ჩამონათვალია… ქართველი პაციენტები თუ გყავთ და იტალიელ პაციენტებს ხომ არ უჭირთ ნდობა უცხოელი ექიმისადმი?

– რა თქმა უნდა, გვყავს ქართველი პაციენტები, რომელთაც იტალიელი პაციენტისგან განსხვავებული ტარიფი აქვთ (ნახევარი ფასი), თავიდან უჭირთ იტალიელებს ნდობა, მაგრამ შემდეგ მოჩვევა იციან.
– თქვენთან მუშაობს თქვენი ქალიშვილიც, მოგვიყევით მის შესახებაც, როგორც ვხვდები, ოჯახი ძალიან გიდგათ გვერდით.
– ჩემი ქალიშვილი უცხო ენებზე სწავლობს და თავისუფალ დროს მეხმარება კლინიკაში… უძღვება პაციენტების ჩაწერას და მათ თერაპიებში ჩასმას.
– სამომავლო გეგმები საქართველოს თუ უკავშირდება?
– სამომავლოდ ახალი სერვისების შეტანას ვგეგმავ კლინიკაში და რა თქმა უნდა სამომავლო გეგმები საქართველოსაც უკავშირდება… მინდა სიახლეები ჩავიტანო საქართველოში!
Tag: ქართველი ექიმი იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – ემიგრანტთა ანსამბლმა „ნანილა“ ფლორენციაში კულტურათა დიალოგი სცენაზე გადმოიტანა





















































