ევროპარლამენტმა თავშესაფრის მიღების პროცედურების გამკაცრებას მწვანე შუქი აუნთო. 10 თებერვლის კენჭისყრაზე კანონმდებლებმა უსაფრთხო ქვეყნების, ანუ იმ ქვეყნების სია დაამტკიცეს, სადაც ევროპის აზრით ადამიანების დევნა და შევიწროება არც იმდენად გავრცელებულია, რომ კავშირის მხრიდან ზედმეტი კარ- და ხელგაშლილობის საჭიროება შეიქნას.
გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების რიგებში შეიყვანეს ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, კოსოვო, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. უსაფრთხოდ მიიჩნევა ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოებს თუ ამ ქვეყნებიდან ვინმემ თავშესაფრისთვის მიუკაკუნა, მათი უკან, სამშობლოში გასტუმრება ერთიორად გაიოლდება. გაწელილი პროცედურების და საქმეების შესწავლის ნაცვლად, თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნები შესაძლოა ევროკავშირში შეუსვლელად, საზღვარზეც გადაწყდესო.
ჩვენი მკითხველისთვის ისიც საყურადღებო უნდა იყოს, რომ მიღებული ცვლილებებით, ევროკავშირის ლექსიკონში ახალი, „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ ცნებაც დადგინდა. ანუ, თუ თავშესაფრის მაძიებელი ევროკავშირში მოხვედრამდე, სხვა, ევროკავშირის არაწევრ „მესამე“ ქვეყანაში შევიდა, წევრ სახელმწიფოებს უფლება ეძლევათ თავშესაფრის მსურველი ამავე ქვეყანაში გადაამისამართონ.
კანონის მომხრეები ამბობენ, ეს ცვლილებები ევროკავშირის პროცედურებს უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის, თანაც თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენებისაგან დაგვიცავსო. ადამიანის უფლებების დამცველები კი ირწმუნებიან, რომ თავშესაფრის მაძიებლების მესამე ქვეყნებში გამწესება არც სამართლებრივადაა სწორი და არც პროცედურულად გამართლებულიო.
ახალი რეგულაციების აღსრულება რომ დაიწყოს, ამისთვის ევროპული კავშირის საბჭოს თანხმობაც არის საჭირო, თუმცა ამის შესახებ წინასწარი თანხმობა არსებობა.
“ევროპის მოამბე”





















































