ალბათ, ემიგრანტების 99% დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ ემიგრაცია ღრმა და ამავდროულად, “მიმზიდველი” ჭაობია (ყველა გაგებით), რომელსაც თავს რთულად, თუ დააღწევს ადამიანი. ჩვენი ყოველდღიური საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, ემიგრანტთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და მათი ნაწილი იმდენად ეფლობა ამ “ჭაობში”, რომ უმეტეს შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, უცხო ქვეყანაში, თავის დამკვიდრების გზებზე იწყებს ზრუნვას. დღევანდელი ინტერვიუც, სწორედ, ასეთი ემიგრანტებისთვისაა.

რამდენიმე წლის წინ ციფრულ სივრცეში გამოჩნდა პლატფორმა, რომელიც იმ ემიგრანტებს აერთიანებს, ვინც საკუთარი ცოდნისა და რესურსის ინვესტირებას საქართველოში შეძლებს. რუბრიკა “გზაჯვარედინი” ძალიან საინტერესო და განსხვავებული საქმის მქონე რესპონდენტს მასპინძლობს, რომელიც უკვე 20 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, პროფესიით კინორეჟისორი და სინემატოგრაფერია, ასევე, გახლავთ პლატფორმა Speech-ის დამფუძნებელი. ზურაბ ქათამაძე ERMES TV-სთან საუბრობს “სფიჩის” ისტორიაზე, მის როლზე ემიგრანტების ცხოვრებაში, პლატფორმის საგანმანათლებლო-სოციალური მიმართულებით სამომავლო პერსპექტივაზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე:
– პირველ რიგში, მოგვიყევით, საიდან გაჩნდა “სფიჩის” შექმნის იდეა?!
– დაახლოებით ხუთი წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ, სოფო ჯაჯანაშვილმა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორა, სადაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები შეძლებდნენ გამოცდილებისა და მათი ცოდნის საქართველოში ინვესტირებას. ჩვენც ემიგრაციაში ვცხოვრობთ და კარგად ვიცით, რამდენი ნიჭიერი პროფესიონალი და საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანი ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ: მეცნიერები, ხელოვანები, ექიმები, ინოვატორები… უსამართლობად ვთვლიდით, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება უცხოეთში “რჩებოდა” და ამიტომ შევქმენით Speech როგორც სივრცე, სადაც ეს ცოდნა დაბრუნდებოდა სამშობლოში, გაზიარების და თანამშრომლობის გზით.
– რამდენად ახერხებთ თქვენი ქოლგის ქვეშ მოექცეს ემიგრანტთა ის ნაწილი, რომლებსაც რეალურად აქვთ რესურსი და გამოცდილება თავიანთ სფეროში?!
– დღეს ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქართველ პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ვქმნით გლობალურ სივრცეს – ცოდნის, იდეების და შესაძლებლობების გასაზიარებლად. ჩვენთვის ემიგრაცია უბრალოდ გადაადგილება არაა, ეს არის განვითარების გზა, რომელიც შეიძლება იქცეს ქვეყნის რესურსად. Speech-ში ერთიანდებიან პროფესიონალები მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ინოვაციების სფეროდან, ვისაც სჯერა, რომ საკუთარი ცოდნის დაბრუნება საქართველოში, ფასდაუდებელია.

– ძირითადად, რა მიმართულებით მუშაობთ და რა სახის პროექტები განხორციელებულა ემიგრანტებისთვის?!
– ჩვენი საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო და სოციალურ ინიციატივებს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ვიდეო “სთორითელინგს” და დოკუმენტურ ფილმებს ქართველ პროფესიონალებზე. პლატფორმაზე უკვე ასობით ისტორიაა ადამიანების შესახებ, რომლებმაც უცხოეთში წარმატებას მიაღწიეს და ახლა თავიანთ ცოდნას სამშობლოს უზიარებენ. ეს პროექტები არამხოლოდ გვაერთიანებს, არამედ შთაგონებასაც აძლევს ახალ თაობას, როგორც ემიგრაციაში, ისე საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
– რა სიახლეები აქვს კომპანიას და როგორ ვითარდება Speech საერთაშორისო დონეზე?!
– ახლა, Speech გადადის ახალ, საერთაშორისო მასშტაბზე. ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან, ორგანიზაციებთან და ბიზნესსექტორთან, რათა გაიზარდოს ქართული პროფესიული პოტენციალი საერთაშორისო მასშტაბით. ამასთან ერთად, ვეხმარებით იმ ემიგრანტებს, ვინც ემიგრაციიდან ბრუნდება, რომ რეინტეგრაცია უფრო მარტივი იყოს და თავიანთი ცოდნა სრულად გამოიყენონ სამშობლოში.
– რომ შეაჯამოთ: რა გზა გაიარა Speech-მა შექმნის დღიდან დღემდე?!
– ეს გზა იდეიდან დაიწყო და გადაიქცა მოძრაობად. დღეს “Speech” უკვე ასობით პროფესიონალის ერთობაა. ადამიანების, რომლებიც ქმნიან ცოდნის ცირკულაციას საქართველოსა და მსოფლიოს შორის. ჩვენ ვისწავლეთ, რომ ნამდვილი წარმატება იზრდება მაშინ, როცა ცოდნას სხვებს უზიარებ და ქმნი სივრცეს საერთო განვითარებისთვის.

– როგორია თქვენი ხედვა სამომავლო საკითხებთან დაკავშირებით?!
– ჩვენი მიზანია, Speech გავიდეს საერთაშორისო პლატფორმებზე, რათა საქართველოს ხმამ და ინფორმაციამ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებზე, უფრო შორს მიაღწიოს. გავაგრძელებთ საგანმანათლებლო და სოციალურ მიმართულებებსაც. განსაკუთრებით, იმ ადამიანებთან, ვინც ცდილობს დაბრუნდეს და თავიდან დაიწყოს საქართველოში ცხოვრება. ჩვენი ისტორია ემიგრაციიდან დაწყებული და კოლაბორაციამდე მისული, გვინდა, სხვებისთვისაც შთაგონება გახდეს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს გზას სამშობლოსთან და საკუთარ ფესვებთან.
– რედაქციის გადაწყვეტილებით, თითოეული რესპონდენტი შეკითხვას უტოვებს შემდეგ სტუმარს. წინა ინტერვიუს რესპონდენტი, ვებ-დეველოპერი, გიზო (გიორგი) ხვედელიძე მადრიდიდან, გეკითხებათ: თქვენი აზრით, რომელი უნარია უნივერსალური, რაც ყველას გამოადგება?!
– ჩემი აზრით, ეს სწორი კომუნიკაციაა. კომუნიკაცია ხსნის გზებს, აჩენს ნდობას და აერთიანებს ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო.
– რა იქნება თქვენი შეკითხვა?!
– უცხოეთში მიღებული, რა გამოცდილების ინვესტირებას მოახდენდით საქართველოში?!





















































