ქალბატონი, რომელიც ემიგრაციაში ყოფნის მიუხედავად, ინარჩუნებს ქართულ იდენტობას და სულიერებას ორ სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მისთვის მშობლიურ სამყაროში – პოეზიასა და კულინარიაში. ზოია სადუნიშვილი წლების წინ, უკეთესი ცხოვრების საძიებლად, საქართველოდან წავიდა, თუმცა, მის გულში ყოველთვის ცხოვრობს სამშობლო – ლექსების სტრიქონებში და ტრადიციული ქართული კერძების არომატში. პოეზიით საკუთარი გრძნობებისა წარსულის გადმოცემას ცდილობს, კულინარიით კი, კულტურის გაზიარებას და ახალ გარემოში ფესვების გაშლას.
დღეს ის ჩვენთანაა, რათა გვიამბოს თავის ემიგრანტულ გზაზე, შემოქმედებაზე, ტრადიციებზე და იმ სითბოზე, რომელსაც სიტყვით და გემოთი უნაწილებს გარშემომყოფებს.
– გვიამბეთ ცოტა თქვენ შესახებ, როდის დატოვეთ საქართველო და როგორია თქვენი ცხოვრების გზა დღემდე?
– წლების წინ, გარკვეული მიზეზების გამო მომიწია საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა… და ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ქვეყანამ გადამარჩინა. ეს გზა ნამდვლიად არ იყო ია-ვარდით მოფენილი, იყო სევდა, დარდი,მონატრება, ცრემლი… მაგრამ გაფიქრება – ჩემ უკან ხომ ჩემი ოჯახია და აქ კი არ გაქვს დაცემის უფლება, მაძლიერებდა. მქონდა ჟინი დასახული მიზნის მიღწევისა, მეძლეოდა იმედი ხვალინდელი დღის და ასე ითვლის კალენდარი ჩემს ათწლიან ემიგრაციას.
– რა ადგილი უკავია პოეზიას თქვენს ცხოვრებაში?

– “ათი წლის წინათ რომ დაგტოვე ჩემო სამშობლო,
მას შემდეგ ვეძებ, მე შენს სურნელს, უცხო მხარეში,
ვერსად ვერ ვპოვე, ვერ მოვირგე ეს ცა, ეს მიწა,
სევდა მორეულს, ცრემლი მიდგას მე სულ თვალებში.”
პოეზიას ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პოეზია ჩემი სულის მუსიკაა. მარტო დარჩენილს ლექსი მამხნევებდა, ფურცელზე გადატანილი ემოცია, სევდას მგვრიდა, სულს მიმშვიდებდა.
– გახსოვთ თქვენი პირველი ლექსი, ან ის განცდა, როდესაც პირველი სტრიქონი დაწერეთ?
– “იქნებ თქვენთვისაც, ჩემი ლექსი არაფერია,
აბა მე მკითხეთ, მთელი ღამე ფიქრებს ვეჭიდე,
მძივად ავკინძე,ნაფიქრალი ლექსთა რითმები,
და განთიადსაც ვარსკვლავივით ჩამოვეკიდე.”
პირველი ლექსი დავწერე ალბათ, ვიქნებოდი მე-5 კლასში, არ მახსოვს რატომ, მაგრამ კარგი შეგრძნება დამეუფლა. მას შემდეგ პოეზია ჩემი განუყოფელი ნაწილია. თავიდანვე სხვანაირი ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მელამაზებოდა, ჩემებურად აღვიქვამდი სამყაროს, მიყვარდა ბუნებასთან სიახლოვე, მიზიდავდა კარგ ადამიანებთან ურთიერთობები, მაბედნიერებდა მეგობრებთან ერთად გატარებული დრო. ეს თვისებები დღემდე მომდევს. დილის 5 საათზე შეიძლება მნახოთ დუომოზე (იგულისხმება ფლორენციის საკათედრო ტაძარი), იქ შევხვდე მზის ამოსვლას, ვიხეტიალო ფლორენციის ქუჩებში, მიზიდავს მისი მრავალფეროვანი კულტურული სამყარო, თითქოს ჩემზეა მორგებული ეს ქალაქი, ჩემს სულს უხდება.
– როგორ აისახა ემიგრაცია თქვენს ლექსებზე, თუ შეიცვალა ლექსმა ხასიათი ან თემა?
– რაც შეეხება ხასიათს, კი ნამდვილად შემიცვალა ემიგრაციამ, მეც და ჩემს ლექსებსაც. მიუხედავად იმისა, მე აქ ოჯახით ვცხოვრობ, სულ მაქვს არასრულფასოვნების განცდა, ეს ცა, ეს მიწა ჩემი არ არის, აქ სხვანაირად ღამდება, და მზეც სხვანაირი ამოდის, მონატრების ფერი აქვს ყველაფერს. სამშობლო მეძახის თითქოს, მაგრამ ვერ ვხედავ დაბრუნების პერსპექტივას, სამწუხაროდ.

“აყვავდება გულში მეტად სიყვარული,
როგორც ვარდი იყვავილებს, მაისის
აქამდე, რომ მოვსულიყავ მომღიმარი,
რამდენ დარდებს, გავუძელი რა იცით.
ბევრი იყო გზები ცივი, ეკლიანი,
ცხოვრებამაც აღმა დაღმა მატარა,
გული მქონდა, მუდამ სიყვარულით სავსე
ამიტომაც, წლები მხოლოდ ცისფერია, აბა რა.”
– როგორ იბადება თქვენი ლექსი? რა მოდის პირველად – სიტყვა, ემოცია თუ რითმი?
– რაც შეეხება ლექსის დაბადებას, პირველი ემოციაა, შემდეგ მოდის სიტყვა და რითმი.
– რომელ ლექსს შეარჩევდით ჩვენი მკითხველისთვის ექსკლუზიურად, რომელთა დიდი ნაწილი ემიგრანტები არიან?
– ეს ლექსი დავწერე მაშინ როცა, ძალიან მომენატრა ჩემი სახლი.
“მესიზმრა, რომ ჩემს მამულში ვიყავ,
ჩემი სახლის, ჩუმად შევხსენ კარი,
ამდენი ხნის მონატრებულ კერას,
დასტყობია მარტოობის კვალი.
ჩვენ ვჭირდებით, ჩვენი ქვეყნის მიწას,
დაბრუნების არ ჩანს არსად გზები,
ფერადსა და ჭრელაჭრულა სმყაროს,
დასდებია უსასური ფერი.
ისევ მთვარეს ჩავაბარებ ჩემს სახლს,
ის დარაჯობს ღამღამობით ოდას,
გაანათებს ჩაბნელებულ ფანჟრებს,
სიბნელე და ნისლებია როცა.
იდუმალი სიჩუმეა ირგვლივ,
იმედი მაქვს ეხლა მხოლოდ ღმერთის,
უპატრონოდ მიტოვებულ ეზოს
ახმაურებს ხმა ჭიკჭიკა მერცხლის.
მაშინ რა ვქნა დაზამთრდება როცა,
და მერცხლებიც წავლენ თავის გზებით,
მე კი ისევ ვერ ვიპოვე ეს გზა,
დავბრუნდე და არ ვიარო სევდით.”
იტალია. 2023 წ. 24 აპრილი

– ცოტა კულინარიის შესახებაც რომ მოგვიყვეთ. ვიცით, რომ საოცარი კულინარი ბრძანდებით. თქვენთვის რა აქვს საერთო კულინარიას და პოეზიას?
– კულინარიას რაც შეეხება, ეს გენეტიკურად მომდევს, დედა არის საუკეთესო მზარეული. ბავშვობიდან მომდევს გემრიელი კერძის გემო. მე არასოდეს ვიყენებ სხვის რეცეპტებს, ჩემეული ვერსია ყოველთვის შემაქვს, ვტესტავ, გამომდის… დიდ უპირატესობას ვანიჭებ ესთეტიურ მხარეს, კერძი უნდა იყოს, ლამაზი და გემრიელი.
– როგორც ვიცით, ფლორენციაში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის საეკლესიო დღესასწაულებზე თქვენ ამზადებთ ქართულ კერძებს…
– ფლორენციაში არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის საეკლესიო დღესასწაულებზე, ხშირად გვყავს სტუმრები, რისთვისაც ვამზადებთ ყველა ტრადიციულ კერძს, ძალიან მიყვარს სტუმართმასპინძლობა. კმაყოფილი ვრჩები, როცა სტუმრები მადლობით სავსე მიდიან.
– მოგვიყევით ფლორენციაში გამართულ ფესტივალზე, სადაც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა…
– ფლორენციაში გამართულ ფესტივალთან დაკავშირებით დამიკავშირდა ანსამბლ “ნანილას” ხელმძღვანელი, ქალბატონი რიტა სიმსივე, სადაც უნდა წარგვედგინა მე ქართული სამზარეულო და მას კი ქართული ცეკვა. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ტრადიციებმა უცხო ქვეყანაში, რაც ძალიან მახარებს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ უცხო ქვეყანაში, ქართულ სამზარეულოს მაღალი შეფასება მისცეს, რაც ასევე თქვენი დამსახურებაა?
– საზღვრებს გარეთ უფრო მიჩნდება განცდა ყველა დღესასწაულს ტრადიციულად შევხვდე. ასე თითქოს არ წყდება ჯაჭვი, ჩემსა და ჩემს ქვეყანას შორის. დიდი სუფრის სამზადისი დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ვაკეთებ სიყვარულით, ერთად ყოფნის სიხარულია. ყველა სტუმარი კმაყოფილი მიდის ფლორენციიდან.
– ლექსად თუ გიცდიათ გემოების გადმოცემა?
– ლექსად გემოების გადმოცემა არასდროს მიცდია, მაგრამ დავფიქრდები…

– რა შეგრძნება გეუფლებათ, როცა სხვები თქვენს ლექსებს კითხულობენ?
– ძალიან მიხარია როცა ჩემს ლექსს კითხულობენ, მაგალითად ჩემი მაიკო ხომერიკი (იგულისხმება ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი მაია ხომერიკი) თავისი არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით. კი, ძალიან სასიამოვნოა.
– და ბოლოს…. რას ურჩევდით ემიგრანტებს, რომლებსაც გულში ლექსები აქვთ, მაგრამ არ წერენ?
– ემიგრანტებს, რომლებსაც გულში ლექსები აქვთ, ვურჩევ აუცილებლად ამოთქვან. ფურცელზე გადატანილი ემოცია აუცილებლად დაგეხმარებათ მარტოობის დაძლევაში, დარდის შემსუბუქებაში და სულის სიმშვიდის მოპოვებაში.
“და ბოლოს, მაშ, გაუმარჯოს ამ ჩვენს ერთობას,
ხმას ტკბილსა და ხმას სევდიანს,
მე ლექსის წერამ გადამარჩინა,
და გავაგრძელებ რითმთან ხეტიალს.”
ასევე დაგაინტერესებთ: ნინა გაბულდანი ქართველი შეფი რომში – ემიგრანტობიდან პროფესიულ გამარჯვებამდე





















































