ნებისმიერი სფეროს მიმართ, რასაც ცხოვრების პროფესიად შევარჩევთ, უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, თუ გვსურს ვიყოთ წარმატებულები. წარმატება, კი, ნამდვილად მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მოთმინებას, გზადაგზა გაუმართლებლობის შემთხვევაში “თავიდან ცდის” ნებისყოფას და ა.შ. ნებისმიერ დროს რომ დაგვჭირდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, უნდა შეგვეძლოს. ამისთვის კი საჭიროა, თანმიმდევრობით გავიაროთ, პროფესიის დაუფლების, ყველა ეტაპი.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ დაუღალავ შრომას, ნამდვილად მოაქვს წარმატება. რუბრიკა “გზაჯვარედინს” ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, შალი ხიმშიაშვილი სტუმრობს, რომელმაც ურთულესი გზა გაიარა იმისთვის, რომ პროფესიონალურ დონეზე შეესწავლა საყვარელი საქმე და შემდგარიყო როგორც დიზაინერი. მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე ძირითად დეტალებს, შალი ხიმშიაშვილი ERMES TV-ის მკითხველს უზიარებს და უყვება იმ გზაზე, რაც წარმატების მიღწევამდე და მას შემდეგ გაიარა:
– სკოლის დამთავრების შემდეგ, ემიგრაციაში წამოსვლა მომიწია. მაშინ, ძალიან პატარა ვიყავი და ამ სფეროში არავინ დამიჭირა მხარი, რომ რაიმე წარმატებისთვის მიმეღწია. როცა ემიგრაციაში მოდიხარ და პატარა, გამოუცდელი ხარ, გიწევს ნებისმიერ სამუშაოს დათანხმდე, იქნება ეს ფაბრიკა-ქარხნები, მაღაზიები, თუ სხვა. მეც, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი, ამ სამუშაოების შესრულება მომიწია, შემდეგ, ისევ დავბრუნდი საქართველოში და რამდენიმე წლის მანძილზე ჩემი მცირე ბიზნესი მქონდა (ტანისამოსის მაღაზია). სწორედ, იქ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საკუთარი დიზაინით შემექმნა კაბები და მომეხდინა ნამუშევრების რეალიზაცია. ცხადია, გამოუცდელი ადამიანისთვის საკუთარი საქმის დაწყება საკმაოდ რთულია.
– ვინ აღმოაჩინა თქვენი ნიჭი პირველმა და რა მიმართულება მიეცით საკუთარ თავს განვითარებისთვის, რასაც გზადაგზა წარმატება მოჰქონდა?!
– ზუსტად ვერ ვიტყვი ვინ აღმოაჩინა ჩემი ნიჭი, ისევ თავად თუ აღმოვაჩინე, რომ ამ საქმისთვის ვიყავი და ეს არის ზუსტად ის, რისი კეთებაც ყოველთვის მსურდა. რა თქმა უნდა, როცა მივხვდი, რომ ამ საქმის პროფესიულ დონეზე შესწავლა მინდოდა, დავიწყე მოძიება, სად და რა მიმართულებით შევძლებდი სწავლას.

– როგორ გაიხსენებთ თქვენს მიერ შექმნილ პირველ ნამუშევარს?!
– ძალიან რთული პერიოდი გავირე იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუფლებოდი ამ პროფესიას. სწავლასთან ერთად, მუშაობაც მიწევდა. ყველაფერი კარგად ჩავამთავრე, მაგრამ სასწავლებელი არ გვაძლევს ბოლომდე იმ გამოცდილებას, რომ მთლიანად მომზადებული ვიყოთ მსოფლიო ბაზრებისთვის. ამას, რასაკვირველია ვხვდებოდი და დავიწყე იმ დიზაინერების მოძიება, ვისთანაც შევძლებდი თან მუშაობას, თან პრაქტიკის გავლას და ა.შ. ეს გზაც არ აღმოჩნდა ადვილი, საკმაოდ რთული იყო, რადგანაც თურქეთი უდიდესი ქვეყანაა და მითუმეტეს სტამბული, სადაც, ყოველ წელს ათასობით ადამიანი ამთავრებს ამ განხრით სწავლას და ყველა ცდილობს სადღაც შევიდეს, გაიაროს პრაქტიკა და იმუშაოს. ნიშანთაშში დიზაინერების შოურუმია და სადაც კი მივედი, ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ, მაგრამ მე მაინც არ ვნებდებოდი და ყველგან ვტოვებდი რეზიუმეს, თუმცა, უარით მისტუმრებდნენ. როგორც კი რამდენიმე დღე გადიოდა, ისევ მივდიოდი სხვა ლოკაციებზე და CV-ს ვტოვებდი, ვცდილობდი სადმე შევსულიყავი. ერთხელაც გამიმართლა და საკმაოდ ცნობილ დიზაინერთან Nedret Taciroğlu, იგივე, Nedo-სთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ძირითადად, კაბების დიზაინერია და ძალიან საინტერესო ხაზი აქვს. ნებისმიერ დიზაინერთან მუშაობა რთულია, ყველა, ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს, შენ კი “ახლად გამოჩეკილი” დიზაინერი შედიხარ და ცდილობ ისწავლო, უყურო როგორ იქმნება საღამოს და საქორწინო კაბები და ა.შ. ასე დაიწყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში: აღნიშნულ დიზაინერთან მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე რამე გამეკეთებინა და შევქმენი ერთ-ერთი კაბა, რომელიც მოკლე იყო (გრძელი ვერ გავრისკე). ხელით იყო ნამუშევარი თითოეული დეტალი. როგორც კი კერვა დავასრულე, კაბა მოვარგე ჩემს ძმისშვილს და ქალაქ სტამბულში გავუკეთე ფოტოსესია. ჩემს პირველ ნამუშევართან დაკავშირებით საკმაოდ ემოციური და პოზიტიური მოგონებები მაქვს.

– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?!
– გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ ჩემი თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მე ვარ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ დავცემულვარ, ხშირად გულგატეხილიც ვყოფილვარ ამ პროფესიის მიმართ,მაგრამ ჩემი თავი ისევ, მე თვითონ ამიყენებია და გამიგრძელებია წარმატებისკენ სვლა. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სფეროში, თუ გვინდა წარმატების მიღწევა, აუცილებელია მონდომება იმ საქმის მიმართ, რაც ძალიან გვიყვარს. ბუნებრივია, მაშინ, არ მქონდა იმდენი თანხა, რომ ყველაფერი შემექმნა. თავიდან, დეიდასთან ვცხოვრობდი, როდესაც უკვე ჩემით დავიწყე სამოსის შექმნა, ცალკე გადავედი. მოვახერხე ისიც, რომ საკერავი მანქანა მეყიდა და ჩემი სამუშაო სივრცე შემექმნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს მიზანი და ამ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს და იმედი არასდროს დაკარგოს.
– კონკურსები, “ფეშენ ვიკები”, ჩვენებები… როგორია თქვენი განვლილი გზა მოდის სამყაროში?!
– როდესაც, უკვე სოციალური მედიით ვჩნდებით ბაზარზე, ერთ მოდელს ვაკეთებთ, ორს და ა.შ. ჩნდება შემოთავაზებები კონკურსებიდან, რომ მივიღოთ მონაწილეობა. იმიტომ, რომ ყველას უნდა ახალი, განსხვავებული დიზაინერი აღმოაჩინოს მის კონკურსზე. მანაც წარმატება მიიღოს და დიზაინერმაც. იყო შემოთავაზება თბილისიდან, ასევე, მონაწილეობა მივიღე ბათუმში, თურქეთში, დუბაიში და ა.შ. შემოთავაზებები ძალიან ბევრია, უბრალოდ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ ყველგან გასვლას.
– რომელ ცნობილ დიზაინერებთან და კომპანიებთან გითანამშრომლიათ და როგორ?!
– როგორც გითხარით, პირველი იყო Nedo, მასთან დაახლოებით წელიწადნახევარი ვითანამშრომლე. შემდეგი იყო Sagaza Madrid, რომელიც საკმაოდ ცნობილი თურქი დიზაინერია და თითქმის, წელიწადნახევარი ვიმუშავე მასთანაც. ამის შემდეგ, ჩემს ბრენდს ჩავუყარე საფუძველი. დავაარსე ბრენდი “შალი” და უკვე საკმაოდ დიდი ნაბიჯები მქონდა გადადგმული ამ სფეროში. ნიშანთაშში მოვიძიე ქალბატონი, რომელსაც დიზაინერთან სჭირდებოდა თანამშრომლობა, რომ შემექმნა მოდელები და შემდეგ, ერთად მოვახდენდით ნამუშევრების რეალიზებას. 4 წლის განმავლობაში ვითანამშრომლეთ და საკმაოდ კარგად მიგვდიოდა საქმე. შემდეგ უკვე “კოვიდის” პერიოდი დაემთხვა და პანდემიამ შეგვაჩერა. ამის შემდეგ, ქუვეითში, ერთ-ერთ ქალბატონთან მომიწია თანამშრომლობა, რაც თითქმის, 1 წელი გაგრძელდა. დუბაიში, კიდევ ერთ, დიზაინერთან ვიმუშავე, კრეატიული დირექტორი ვიყავი 1 წელი. ხშირად მიწევდა სხვადასხვა დიზაინერებთან მუშაობა. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ცნობილ დიზაინერებთან მიდიხარ და მათთან იწყებ მუშაობას, დიდი რისკია, მაგრამ ზოგჯერ, უნდა გარისკო, სხვანაირად ფინანსურადაც ვერ გამყარდები და ვერც პრაქტიკას მიიღებ.

– ბავშვობიდან დღემდე განვლილ პერიოდს, რომ გადახედოთ: დიზაინერობა თქვენი მთავარი ოცნება იყო, თუ ბავშვობაში სხვა პროფესიაზე ოცნებობდით?!
– გუშინდელი დღესავით მახსენდება, რომ 5-6 წლის ასაკშიც ვცდილობდი რაღაცები შემეკერა, მაშინაც ვქმნიდი და ასე ვთამაშობდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ზუსტად, ამ დროს, უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა თავიანთ შვილებს, სწორედ, ბავშვობის პერიოდიდან ვლინდება, რისი კეთება უყვართ. შემდეგ, როცა წამოიზრდებიან ხოლმე და მშობლების მიერ შერჩეული პროფესიის დაუფლება უწევთ, ზუსტად ესაა ცუდი.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და გაქვთ, თუ არა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მიზანი?!
– როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ბრენდი არის “შალი”, ამჟამად, ვმუშაობ ახალ კოლექციაზე. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს განსახორციელებელი. კოლექციაზე მუშაობის დასრულებას მოჰყვება გადაღებები, როგორც წესია. სამომავლო გეგმები, ალბათ, ისაა რომ მაქსიმალური გავაკეთო. ჩემი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ მუდმივად ამ საქმით ვიყო დაკავებული, სხვანაირად ჩემ თავს ვერ ვცნობ. ღმერთმა მომცეს იმის ძალა, რომ ყოველთვის ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, რომ ვიყო ბედნიერიდა სხვებიც გავაბედნიერო ჩემი შექმნილი სამოსით. წინ, ძალიან ბევრი მიზანი მაქვს, ჯერჯერობით,ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ იქნება ბევრი სიურპრიზი, ახალი პროექტები და სიახლეები – ამას ვეტყვი ჩემს მომხმარებელს და თქვენს მკითხველს.

– ვინ/რა არის თქვენი შთაგონების წყარო და რა ელოდება საზოგადოებას შალიხიმშიაშვილისგან?!
– რაც შეეხება შთაგონების წყაროს, ისევ გამოვყოფ საკუთარ თავს. შენს საქმეში (შენი თავისთვის), შენზე ძლიერი არავინაა. არავინ მაქსიმალურად არ გაიხარჯება იმისთვის, რასაც შენ თვითონ გააკეთებ იმ კონკრეტული (შენი) საქმისთვის. ამიტომ, ისევ, მე თვითონ ვარ ჩემი თავის შთაგონებისწყარო. ყველაზე ძლიერი, ისევ, ჩვენ უნდა ვიყოთ, რომ საქმეში საუკეთესო შედეგი დავდოთ. რაც შეეხება საზოგადოებას, მე ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი მოღვაწეობითმომხმარებელი გავაბედნიერო და კმაყოფილი დავტოვო და მე მიხარია, რომ უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მე ასევე “ონლაინ” ვმუშაობ, მყავს მომხმარებელი ძალიან ბევრი ქვეყნიდან. დავნერგე “ონლაინ” მუშაობის პრაქტიკა და ნებისმიერი ქვეყნიდან შემიძლია შეკვეთის მიღება. დასრულებულ შეკვეთას კი მითითებულ მისამართზე ვუგზავნი.

– რედაქციის გადაწყვეტილებით, თითოეული რესპონდენტი შეკითხვას უტოვებს შემდეგ სტუმარს. წინა ინტერვიუს რესპონდენტი, კონორეჟისორი და სინემატოგრაფერი, პლატფორმაSPEECH-ის დამფუძნებელი, ზურაბ ქათამაძე გეკითხებათ: უცხოეთში მიღებული, რა გამოცდილების ინვესტირებას მოახდენდით საქართველოში?!
– უცხოეთში მიღებული გამოცდილება ძალიან კარგია, სხვაგვარად შეუძლებელია ის პრაქტიკა შევიძინოთ, რაც ყველაზე მეტად გვეხმარება წარმატების მიღწევაში. რომელიმე დიზაინერის ატელიეში, როგორ იკერება და იქმნება სამოსი, ამას ინტერნეტით ვერ ვნახავთ. ეს დიდი გამოცდილებაა და როგორც აღვნიშნე, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა ამ მხრივ თურქეთში, ასევე პარიზში, ქუვეითში, დუბაიში და ა.შ. ყველა დიზაინერს საკუთარი მუშაობის სისტემა აქვს და ძალიან დიდი განძია, როდესაც ამ ყველაფერს ვიძენთ. საქართველოში ინვესტიციის ჩადებას რაც შეეხება: თუ, ოდესმე საქართველოში გავხსენი ჩემი “შოურუმი”, ის იქნება (მთლიანად) ყველასგან განსხვავებული ხაზი, რაც საქართველოში არ არის და არც ყოფილა. ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს საქართველოდან და ვფიქრობ, კარგიც იქნება.
– და, რას შეეკითხებით თქვენ “გზაჯვარედინის” შემდეგ სტუმარს?!
– უკეთესი ანაზღაურების შემთხვევაში, თქვენს საყვარელ პროფესიას გაცვლიდით, თუ არა, სხვა საქმიანობაში?!





















































