“სასწრაფო გაფრთხილება – იტალიაში ფინანსური პოლიცია კონტროლს ამკაცრებს!”
იტალიაში მოქმედი საემიგრაციო ასოციაცია GEO ETS-ის დამფუძნებელი ნონა მაჭარაშვილი, ოფისის სახელით, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს:
“მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე დაფიქსირდა 10-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს ფინანსურმა პოლიციამ (Guardia di Finanza) სოლიდური ჯარიმები დააკისრა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული დარღვევების გამო.
რის გამო დააჯარიმეს ეს ადამიანები?
ბევრს ჰგონია, რომ თუ თანხას “დაჭრის” და სხვადასხვა დღეს, ან სხვადასხვა კომპანიით (მაგალითად: Ria და MoneyGram) გააგზავნის, ლიმიტს არ დაარღვევს.
დაიმახსოვრეთ მთავარი წესი:
იტალიის კანონმდებლობით (D.Lgs. 231/2007), თუ თქვენ ერთი ადამიანის სახელზე, 7 დღის განმავლობაში, ჯამში 1.000 ევროს, ან მეტს გააგზავნით, ეს ითვლება კანონის დარღვევად (ე.წ. “splitting”). სისტემა ამ მონაცემებს ავტომატურად აჯამებს!
რა ჯარიმებზეა საუბარი?
კანონდამრღვევს სახლში მისდის ოფიციალური ოქმი.
მინიმალური ჯარიმა იწყება 1.000 ევროდან.
უმეტეს შემთხვევაში, საქმის დასახურად პირს უწევს 2.000 ევროს გადახდა.
როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე?
არასოდეს გადააჭარბოთ 999,99 ევროს ჯამურ ლიმიტს ერთი კვირის (და მეტიც) განმავლობაში ერთი და იმავე პირისთვის გაგზავნისას.
ნუ ენდობით არაკომპეტენტურ “კეთილ რჩევებს” რომლებიც გეუბნებიან, რომ “არაფერია, გაყავი თანხა და ისე გააგზავნე” – ჯარიმა თქვენ მოგდით და არა მათ!
დიდი თანხების შემთხვევაში გამოიყენეთ საბანკო გადარიცხვა (Bonifico).
გთხოვთ, გაუზიაროთ ეს პოსტი მეგობრებს. 10-ზე მეტი დაჯარიმებული ადამიანი რამდენიმე დღეში ნიშნავს, რომ ფინანსურმა პოლიციამ მასშტაბური შემოწმება დაიწყო! ნუ გახდებით შემდეგი მსხვერპლი.

ასევე იხილეთ: ᲑᲝᲚᲝᲜᲘᲘᲡ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲡᲐᲑᲐᲙᲐᲚᲐᲕᲠᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲐᲒᲘᲡᲢᲠᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲖᲔ ᲣᲪᲮᲝᲔᲚᲘ ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐᲡ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲡ – ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ





















































