„აქ არყოფნა არ ნიშნავს, რომ აქ არ ხარ“ – ფესტივალი ემიგრანტი მუსიკოსებისთვის.
მუსიკოსი დათო ევგენიძე იწყებს ახალ ფესტივალს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ქართველ მუსიკოსებს, სამშობლოში შეკრებს. მისი იდეაა, საზღვრებს მიღმა შექმნილი მუსიკა, ისევ საქართველოში აჟღერდეს და ემიგრანტ შემსრულებლები ერთ სცენაზე დადგნენ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, ქართველი მაყურებლის წინაშე. ERMES TV იტალიიდან საქართველოში დაუკავშირდა იდეისა და პროექტის ავტორს:
– სულ მალე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსებისთვის საქართველოში ფესტივალი გაიმართება. გადავწყვიტე, რომ ამ პროექტს კონკურსის სახე არ ჰქონდეს. მრავალი ფესტივალის ორგანიზატორი ვარ და არასდროს მაქვს ხოლმე კონკურსი. ხელოვნება სპორტი არ არის და რთულია კანდიდატების შერჩევა რომელიმე კონკრეტული კრიტერიუმით. ამიტომ, ფესტივალი იქნება შემოქმედების წარმოჩენის პლატფორმა, ყოველგვარი კონკურსის და ადგილების გარეშე.
– ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რა კრიტერიუმებით შეარჩევთ კანდიდატებს?
– მთავარი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი. მონაწილეობის მიღება შეეძლებათ უცხოეთში მოღვაწე ქართველ პროფესიონალ მუსიკოსებს, ასაკისა და ჟანრის მიუხედავად. არც ცნობადობას ექნება მნიშვნელობა.
ფესტივალი მრავალფეროვანი იქნება – სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებით. ეს არ არის ისეთი ფორმატი, სადაც ჯაზის შემსრულებელს კლასიკურ ვოკალისტს შევადარებთ. სწორედ ამიტომ, ჟანრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქნება წარმოდგენილი და პროექტი ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება.
– როდიდან და რა გზით იქნება შესაძლებელი ნამუშევრების გადმოგზავნა?
– შევქმენით სპეციალური Facebook-ჯგუფი, სადაც მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ საკუთარი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შემდეგ მათ თავად დავუკავშირდებით WhatsApp-ის საშუალებით.
– როდის დაიწყება ფესტივალი და სად ექნება მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა?
– დაწყების თარიღი მასალების მიღების ტემპზეა დამოკიდებული, თუმცა ვგეგმავთ სექტემბრიდან დაწყებას. ფორმატი იქნება შემდეგი: შერჩეული მუსიკოსები ჩემი გადაცემის – „მუსიკის 12 მოციქული“ სტუმრები გახდებიან, რომელიც პირველ არხზე გადის ყოველ კვირა. გადაცემების ციკლის დასრულების შემდეგ კი ჩატარდება გალა-კონცერტი, სადაც ემიგრანტ მუსიკოსებთან ერთად ცნობილი ქართველი არტისტებიც გამოვლენ.
– შერჩეულ მუსიკოსებს საქართველოში ჩაიყვანთ, თუ დისტანციურად წარადგენთ მათ?
– ვგეგმავ, რომ მივმართო მერიას და კულტურის სამინისტროს, ასევე მოვიძიო კერძო სპონსორები, რათა მონაწილეები ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოვიყვანოთ.
– რამ მიგიყვანათ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ემიგრანტებისთვის გაგეკეთებინათ პროექტი?
– ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და მზარდი ემიგრაცია ძალიან მაწუხებს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა ქართველისთვის მტკივნეული თემაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პრობლემას შევეხე. პანდემიის პერიოდში გავაკეთე პროექტი „ხიდები ემიგრაციასთან: გადაცემაში ონლაინ ერთვებოდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ-დან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი გვიზიარებდნენ საკუთარ ისტორიებს, მღეროდნენ ან უკრავდნენ იქიდან, ხოლო საქართველოში მყოფ მუსიკოსებთან სინქრონში. ამ პროექტით მსურდა მეთქვა, რომ ფიზიკური დაშორება არ ნიშნავს, რომ ისინი აქ არ არიან. ამ ყველაფრით შეიძლება ძალიან დიდი შედეგის მიღება, სხვადასხვა კუთხით. მქონია შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ასე ჩამოვიყვანე და საბოლოოდ აქ დარჩა.
საემიგრაციო და ქართულ-იტალიური მედია ERMES TV მოხარულია და საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს პროექტს და მის ავტორს, რადგან “ერმესი მედიის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისიაც ხომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წარმოჩენა და მხარდაჭერაა.





















































